"პროცესებს ვიღაცები მართავენ, სათავეში უდგანან და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია" - რა ხდება პანკისის ხეობაში? - კვირის პალიტრა

"პროცესებს ვიღაცები მართავენ, სათავეში უდგანან და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია" - რა ხდება პანკისის ხეობაში?

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას დაშავებულები თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულთა ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწიათ.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით,სამი პოლიციელი თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული, რომლებსაც თავის, სახის და მუხლი არეში აღენიშნებათ დაზიანებები.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე. მისი თქმით, ესაუბრნენ უხუცესებს და ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა.

"მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა", - განაცხადა საბანაძემ.

ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ნაწილმა კარვების გაშლა დაიწყო და ღამით დარჩენას არ გამორიცხავს.

ისინი აცხადებენ, რომ პოლიცის მობილიზების არ ეშინიათ და არავის მისცემენ უფლებას, ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს.

"არ მივცემთ უფლებას, აშენდეს აქ ჰესი. ღამეც დავრჩებით და დღეც. ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით", - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ.

პანკისის ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, თუ ხეობაში ჰესი მაინც აშენდება, მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებელი უნდა მიიღოს. ის ძალადობრივ მეთოდებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხები მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

"ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების.

მე თვითონ ადგილზე არ ვიყავი და არ ვარ შესწრე დღეს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უნდა აიწონოს-დაიწონოს ყველაფერი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით" - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

უხუცეს ზაურ გუმაშივილის თქმით კი, პროცესები ორგანიზებულია.

როგორც ზაურ გუმაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნებისმიერ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი და იმედოვნებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. უხუცესის განმარტებით, საზოგადოებისთვის განმარტებები უნდა გაკეთდეს.

"მოლაპარაკებები ყველაფერში აუცილებელია, ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს მოლაპარაკება არის გადამყწვეტი მნიშვნელობის. საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ ყველაფერი. ყველა ერთნაირად არ აზროვნებს, არც შეიძლება ეს ასე იყოს. იქ რამდენადაც ვიცი არის კატეგორია, რომლებსაც სხვები მართავენ. ვერ გეტყვით ვინ მართავენ, მაგრამ ისეთი კატეგორია არის იქ მისული, რომ მაგათ რამე პრობლემაზე რომ ესაუბრო ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ვიღაცეები მართავენ, სათავეში უდგანან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია.

მე ველოდები, რომ სიმშვიდე იქნება და ყველაფერი კარგად დასრულდება. იქ რომ უკონტროლო სიტუაცია იყოს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", - აცხადებს ზაურ გუმაშვილი.

მისი თქმით, უხუცესთა კავშირის პოზიცია სახელმწიფო ინტერესებთან არის დაკავშირებული და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არასდროს ყოფილა მათ გეგმაში, სწორედ ამიტომ უხუცესები ამ პროცესებში პასიურ პოზიციას იკავებენ.

"ჩვენ უხუცესთა კავშირის პოზიცია დაკავშირებულია სახელმწიფო ინტერესებთან. ამასთან დაკავშირებით უამრავი შეხვედრა გვქონდა, სადაც სახელმწიფომ თავისი ინტერესები გამოხატა. ჩვენ ადამიანების ის კატეგორია ვართ, რომელთაც გვესმის სახელმწიფო ინტერესების და გვჯერა ამ ინტერესების. სახელმწიფო ინტერესების საწინააღდმეგოდ წასვლა ჩვენს გეგმაში არასდროს ყოფილა და არც ამჯერად გვაქვს გეგმაში. ამიტომაც, პასიურ პოზიციას ვიკავებთ ამ სიტუაციაში",-განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო