"მთელი მთავრობის რეორგანიზაციაა საჭირო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"მთელი მთავრობის რეორგანიზაციაა საჭირო, მაგრამ..."

"რა ხდება "ოცნებაში"? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა?"

მესამე სექტორისა და ვენეციის კომისიის მწვავე დასკვნის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის ორგანულ კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო, თუმცა სანამ პარლამენტში დეპუტატები "სასამართლოში კლანის ბედს" წყვეტდნენ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადააყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ამას წინ უსწრებდა ქობულიასა და ივანიშვილის მწვავე კამათი. ქობულიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაშიც აზრი ორად გაიყო. ნაწილი მის საქმიანობას ოპტიმისტურად უყურებდა და იმედოვნებდნენ, რომ მისი ხედვა ქართულ ეკონომიკას გამოადგებოდა, ამიტომ ბახტაძის მიმართ შენიშვნები გამოთქვეს, ნაწილმა კი პრემიერს ნდობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მოადგილე ნათია თურნავა წარადგინა. ამ და კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე

- ქობულიას გადაყენება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი კიდეც - ქობულია უფრო ტურისტს ჰგავდა, ვიდრე მინისტრს. თითქოს მას კი არ უნდოდა, დაავალეს რაღაც უცნაური სამუშაო, რომელიც მისთვის არც სასიამოვნო იყო და არც სასარგებლო. იძულებით მუშაობდა და ყველაფერი ამას მეტყველებდა.

თავიდან თქვა, ფული არ მინდაო. მერე პარლამენტში რომ ჰკითხეს, საიდან მოხვედიო, გაიკითხ-გამოიკითხეს და ასე მომაგნესო. დანიშნული მინისტრი თვეების განმავლობაში მოსკოვში იყო და რაღაც საქმეებს აგვარებდა. მოკლედ, არ ვიცი, ამ ხნის განმავლობაში თავისი დროის რა ნაწილი გაატარა სამუშაო ოთახსა და სამინისტროში.

შეიძლება არა მაქვს დეტალური და სწორი ინფორმაცია, მაგრამ ის რომ მინისტრისა და პასუხისმგებელი პირის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, ფაქტია.

- საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, მას არ მიეცა საქმის გაკეთების საშუალება, თორემ კარგი გეგმა ჰქონდა. - მის გეგმას არ ვიცნობ, მაგრამ ხედვა და გეგმა არც ერთ მინისტრსა და ხელისუფლებას ცუდი არა აქვს, ამაში მაგრები არიან, ოღონდ - ქაღალდზე. ხდება თუ არა მისი რეალიზება და რამდენად სწორად - ეს სხვა თემაა. ამ ქვეყანას ქობულიას რვათვიანი მუშაობა არ დასტყობია, უჩინარი კაცივით იყო. მოვიდა, ზოგმა ზუსტად მისი გვარიც ვერ დაადგინა და წავიდა... ამიტომ არ ვიცი, ვინ მისცა მუშაობის საშუალება და ვინ - არა.

- ერთ-ერთი ვერსიით, ქობულიას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრის მწვავე კამათი. დეპუტატმა რომან კაკულიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქობულიას და ბახტაძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ... - მაგრამ მე ხომ არ მომიყვანია მინისტრად?! ბახტაძემ მოიყვანა და მას ბიძინა ივანიშვილის უპირობო თანხმობაც ექნებოდა, მით უმეტეს, რომ მას ეკონომიკის მინისტრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თავის დროზე, სანამ კვირიკაშვილს პრემიერად დანიშნავდა, წუხდა, რომ ვერ მოძებნა წესიერი ეკონომიკის მინისტრი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის უკითხავად მას ვერავინ ჩამოიყვანდა. ბახტაძეს შეიძლება ბევრი არაფერი ეკითხებოდეს, მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშეც, ალბათ, არ მოიყვანდნენ, ამიტომ ვინ არ მისცა მას მუშაობის საშუალება, გაუგებარია.

თან ეს გეგმა მინისტრთა კაბინეტთან ხომ იქნებოდა შეთანხმებული? ვფიქრობ, გეგმა კარგი ჰქონდა, მაგრამ ეს მინისტრობა მისთვის საინტერესო და სახალისო არ იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი კარიერა სახელმწიფო სამსახურში ასე დასრულებულიყო.

- არსებული ინფორმაციით, იგი უკმაყოფილოა საქართველოში გატარებული ხანმოკლე დროით, რადგან ამის გამო მოსკოვში ბიზნესის მიტოვებამ და ფულის დაკარგვამ მოუწია...

- მეც ვფიქრობ, რომ უფრო თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა, ვიდრე გაუშვეს. თანაც, ვინც მის ადგილზე დაინიშნა, ეს ქალბატონი, დიდი ხანია, სამინისტროში მუშაობს და მაშინ რატომღა მოჰყავდათ ქობულია?! ჩემთვის გაუგებარია, რა ხდება მაგ სტრუქტურაში.

- რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო იმხელაა, რომ ქობულიას ექვსი თვე მხოლოდ მისი ფუნქციებისა და სტრუქტურების გასარკვევად დასჭირდებოდა და ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებდა...

- სამინისტრო შეიძლება ძალიან დიდია, მაგრამ არც გეგმის დაწერაა იოლი. სამინისტროში სტრუქტურული დანაყოფების გარკვევაა რთული. ამას გულისხმობს?! პროგრამა თუ კარგი ჰქონდა, მიჰყოლოდა ამ პროგრამას... მაგრამ თუ ვინმე ელოდა, რომ ერთ წელიწადში ქობულია ეკონომიკას ააყვავებდა, ცდება. მისთვის დრო უნდა მიეცათ.

- თანამდებობიდან ქობულიას მოულოდნელ გაშვებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ლევან კობერიძესაც. ეს საკითხი ხომ არ გახდება "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი? - არა მგონია. ეს არ არის ისეთი თემა, "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი რომ გახდეს, მაგრამ უმრავლესობის ნაწილი "ოცნებას" ნელ-ნელა დაუწყებს ჩხვლეტას. არა მგონია, უმრავლესობაში რღვევა ქობულიას გამო დაიწყოს, მაგრამ ეს შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ ნაბიჯად, რომ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატონ.

- და მაინც, ეკონომიკის მინისტრის გაშვება ნიშნავს თუ არა, რომ "ოცნება" დაპირებულ საკადრო ცვლილებებს იწყებს?

- მას შემდეგ, რაც ივანიშვილი "იმედის" ეთერში გამოვიდა, ამ დაპირებების მიზერული ნაწილის შესრულების იმედიც აღარ მაქვს. რაზეც მან ილაპარაკა, მხოლოდ ამას თუ თვლის პრობლემად და სხვა არაფერს, მაშინ მნიშვნელობა არა აქვს, ეკონომიკის მინისტრს გაუშვებს თუ ვინმე სხვას.

ცვლილებები იქნება, მაგრამ არა ისეთი რადიკალური, როგორიც ქვეყანას სჭირდება. ამისთვის ივანიშვილი მზად არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ იგი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს ვერსია თავისთავად ჩნდება, ამიტომ ქობულიას გადაყენებით ქვეყანაში რაღაც ახალი არ მოხდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და მას აჟიოტაჟი არ მოჰყვება. ეს თოჯინების გადაადგილებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალური ცვლილების მომზადებას. ეს ვერ იქნება გამოცხადებული ერთწლიანი გეგმის ერთ-ერთი ნაბიჯი.

- ანუ სამთავრობო და საკადრო ცვლილებებს არ ელოდებით? - არა მგონია, ქობულიას გაშვება იყოს დაპირებების შესრულების დასაწყისი. ამისთვის ივანიშვილმა სხვა რაღაც უნდა გააკეთოს. ბახტაძით უნდა დაიწყოს და არა - ეკონომიკის მინისტრით.

მთელი მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. რაღაც ცვლილებები, ალბათ, იქნება, თუმცა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ეძებს გზებს, როგორ დატოვოს პოლიტიკა.

- ქობულიას შემდეგ რომელი მინისტრი გამოემშვიდობება პორტფელს? - წარმოდგენა არ მაქვს! ნებისმიერი შეიძლება იყოს... ლაპარაკი იყო ქალ მინისტრებზე, მაგრამ კიდევ ვამბობ - მიჭირს ავხსნა, რაში სჭირდებათ ასეთი გადაადგილებები. ეს არაფრის მომტანია, არც - პოლიტიკური, არც სოციალური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით.

- ნათია თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მართლაც შეიძლება, ის ვანო ჩხარტიშვილის კადრი იყოს? - ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ თურნავა, დიდი ხანია, ზედა ეშელონებში საქმიანობს. ვანო ჩხარტიშვილი ერთი პერიოდი შერისხული იყო, თურნავა კი სულ მუშაობს. არის თუ არა მისი კადრი, არ ვიცი, მაგრამ თუ ასეა, გამოდის, რომ ორი არაფორმალური მმართველი გვყოლია - ერთი ივანიშვილი და მეორე ჩხარტიშვილი. სადაც კი გაიხედავ, ბიზნესში ყველგან ჩხარტიშვილის სახელი ფიგურირებს. გამოდის, რომ ივანიშვილი ცალკე ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ჩხარტიშვილი კი ცალკე - ეკონომიკასა და ბიზნესს... ან გაიყვეს სფეროები და ივანიშვილი ყველაფერს მართავს, ჩხარტიშვილს კი თავისი სფეროები აქვს...

თუ თურნავა ჩხარტიშვილის კადრია, ბახტაძე ვიღასია?! და რას ნიშნავს ჩხარტიშვილის კადრი? მან გაუწია რეკომენდაცია, თუ მისი ბრძანებები უნდა შეასრულოს?

თუმცა მედიაში ისიც თქვეს, რომ ქობულიამ რაღაცები არ დათმო და მოიშორეს... ამიტომ თურნავას ჩხარტიშვილის კადრობასთან დაკავშირებული ლაპარაკი პოლიტიკური პიარი უფრო მგონია, ვიდრე რეალობა.

თურნავას დაკავშირება ჩხარტიშვილთან ოპოზიციას სჭირდება, რათა ჯერ დაუნიშნავი ადამიანი უკვე დაღდასმული იყოს. ჩხარტიშვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. ეს შავი პიარია და არა მგონია, ოპოზიციას უფრო ღრმა ჩანაფიქრი ჰქონდეს. ოპოზიცია მუშაობს იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ნეგატიურად წარმოჩნდეს.

თუ მაინც ჩხარტიშვილი განაგებს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს, მაშინ აჯობებს, ის დანიშნონ პრემიერ-მინისტრად.

- თუ, თქვენი აზრით, ივანიშვილი არ აპირებს დაპირებული რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, მაშ, როგორ აპირებს არჩევნებამდე მისვლას და გამარჯვებას? როგორი სტრატეგია ექნება თუნდაც შუალედური არჩევნებისას, რომლის დროს ოლქების მოგება "ოცნებისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? - ვიმეორებ - ისე მდორედ მიედინება ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეძებდა ხერხს, როგორ გასცლოდა პოლიტიკურ სივრცეს. მისი ქმედებები ამას ჰგავს.

"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნები არსად არ უნდა წააგოს. ეს იქნება მისთვის კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით წინასაარჩევნო აქტიურობა არ დაუწყიათ. არ ჩანს, რომ ხელისუფლება მონდომებულია, გაიმარჯვოს. შესაძლოა, თვლიან, რომ ჯერ ადრეა და არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე გააქტიურდებიან.

ამჟამად ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ იყო. მაშინ ცოტა უფრო გამოფხიზლებული იყვნენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ტემპი დაახლოებით ასეთივე იყო. რა შედეგს მოიტანს ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ "ოცნებამ" წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ "ოცნების" რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით დაიწყებს ვარდნას, ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნების წაგებას არ გეგმავენ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები ალოგიკურია. რით არის ეს გამოწვეული - ვერ აფასებენ სიტუაციას, თუ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერს გააკეთებენ, ამის განსაზღვრა ჯერჯერობით მიჭირს.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, რომ "ოცნებას" ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რასაც საზოგადოება ნეიტრალურად მაინც შეხვდებოდა, იქნება ეს მოსამართლეების საკითხი, ტექდათვალიერება თუ ტაქსების რეფორმა. ყველაფერი საზოგადოების სურვილების საპირისპიროდ კეთდება. რატომ იქცევიან ასე? რა ხდება "ოცნებაში"? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ხელისუფლების პირველი პირები მაინც ნელ-ნელა ცდილობენ, გაეცალონ პოლიტიკას და მიიღონ გარანტიები, როგორც მათმა წინამორბედებმა.

- მაშინ, ამ ლოგიკით, ივანიშვილი ამ არჩევნებზე ბევრ ფულს აღარ დახარჯავს? ეს კი ნიშნავს, რომ "ოცნებას" მოუწევს, არჩევნებზე დამარცხებას შეეგუოს... - ვერ გეტყვით... შეიძლება ბევრი ფული დახარჯოს, მაგრამ მაინც წააგოს. როცა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ფული შედეგს არ იძლევა. 2012 წელს სააკაშვილსაც შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობით ეხარჯა ფული, მაგრამ შედეგი არ იქნებოდა... შევარდნაძესაც შეეძლო ეს 2003 წელს... როცა სიტუაცია მომწიფდება, საქმეს ფული აღარ შველის. შემოდგომაზე, ალბათ, გამოჩნდება, ვის რა და როგორ უნდოდა. ამ შუალედურ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. იIმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, დავინახავთ, რა გველოდება.

- ექსპერტთა ნაწილი საპროტესტო ტალღის აგორებასაც აანონსებს... - საპროტესტო ტალღა, შესაძლოა, ამ არჩევნებს მოჰყვეს, ვნახოთ, მაგრამ არ ველოდები, რომ ეს იქნება მძლავრი. საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია, თუმცა არა იმდენად, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიციაში არ არსებობს არც ერთი მიმზიდველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნეიტრალურ ამომრჩეველს ქუჩაში გამოიყვანს.

ოპოზიციური სპექტრიც ახლა იწყებს გადაჯგუფებას.

ჯერჯერობით ოპოზიციაშიც და საზოგადოებაშიც მიმდინარეობს ფორმის ძიება - რა ფორმით უნდა გაერთიანდეს ოპოზიციური სპექტრი და როდის. ეს ყველაფერი შუალედური არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთაწმინდაზე თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ შავგულიძეს დაუჭირა მხარი, ასევე მოხდა ზუგდიდში სანდრა რულოვსთან დაკავშირებით. განსხვავებული ვითარებაა მარნეულში, სადაც რამდენიმე კანდიდატურაა. ოპოზიცია ჩამოყალიბდება შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როცა დაინახავს, რამ იმუშავა და რამ - ვერა. თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. სხვაგვარად ოპოზიციის შეტევა და საპროტესტო ტალღის აგორება რთული იქნება. ამ არჩევნების შედეგების გაანალიზებას მაის-ივნისი მოუნდება, ამიტომ სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან ველოდები უფრო ჩამოყალიბებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც და თუ აქციების დაწყება იქნება საჭირო, ამასაც. შემდეგ ეს ტალღა პირდაპირ წავა საპარლამენტო არჩევნებისკენ.

- შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზი, რომელი ოლქი შეიძლება ექცეს "ოცნებას" აქილევსის ქუსლად? ხომ არ იქნება ეს ზუგდიდი, სადაც ერთხელ უკვე გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება და სწორედ ამიტომ ხომ არ აპირებს "ოცნება" ამ რეგიონში მთელი რესურსის გადასროლას? - რულოვსთან წაგება, თანაც - ზუგდიდში, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება, ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეს იქნება მმართველი ძალისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა. ამიტომ თუ ხელისუფლებას სადმე რამე შეუძლია და რამე რესურსი აქვს, ყველაფერს სწორედ ზუგდიდისკენ მიმართავს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთაწმინდა, მაგრამ იქ დამარცხება ისეთი ცუდი არ იქნება "ოცნებისთვის", როგორიც ზუგდიდში. მარნეულში დამარცხებასაც მოუძებნიან გამართლებას, ასე რომ, მთელი ამ არჩევნების ეპიცენტრი არის ზუგდიდი. ვნახოთ, რა იქნება.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, როგორ მოგწონთ მისი ასეთი აქტიურობა საგარეო ფრონტზე? - ის თავისი უფლებების შესაბამისად აკეთებს საქმეს, როგორც საჭიროა. წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, ცოტა დამშვიდებულია. რაც ევალება, იმას აკეთებს. ვფიქრობ, ყველაფერი, რასაც უცხოურ პარტნიორებთან აცხადებს, შეთანხმებული იქნება "ოცნებასთან". თუ ვინმე ელოდება, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებასთან ოპოზიციაში უნდა იყოს, ასე არ არის.

- ანუ პრეზიდენტი საკუთარი თავის პიარისთვის მუშაობს? - დიახ, დაახლოებით ასეა.