ლია მუხაშავრია: "კიდევ ვიღაცების თავები დაგორდება" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "კიდევ ვიღაცების თავები დაგორდება"

"შეიძლება პრემიერიც შეიცვალოს - ხელისუფლებას სჭირდება ვიღაც, რომ გადააბრალოს ყველა მარცხი და უკუსვლის მიზეზი" "როდესაც "ოცნება" სახელგატეხილი მოსამართლეების წინ წაწევას და უზენაეს სასამართლოში შეყვანას ცდილობს, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გააკეთო - ხელისუფლებას ეს მოსამართლეები სჭირდება 2020 წელს არჩევნების გაყალბებისა და ახლაც, შუალედური არჩევნებისთვის", - ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.

- სასამართლოს გაჯანსაღება ხელისუფლებას არამც და არამც არ აწყობს და ყველაფერს აკეთებს, რომ რეპუტაცია გამოუკეთოს მურუსიძე-ჩინჩალაძესა და სხვა მოსამართლეებს. ხელისუფლებას უნდა, რომ სასამართლომ გაყალბებული უკანონო არჩევნები კანონიერად გამოაცხადოს. სხვა ახსნა ამ უზნეობას არა აქვს.

- ფიქრობთ, რომ საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, "ოცნება" ე.წ. კლანის წევრებს მაინც გააპარებს უზენაეს სასამართლოში?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონკრეტული მოსამართლეები ჰყავთ დავალებების შესასრულებლად, უკან არ დაიხევენ. არ შეასრულებენ არც ვენეციის და არც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს.

- რა მოხდება, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ? - ვენეციის კომისიამ, ბოლოს და ბოლოს, დაიჯერა და გაიგო, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. ჩემი აზრით, ბოლო დასკვნაში გამოჩნდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ ენდობიან, ცდილობენ მართლმსაჯულების სისტემა დისტანცირებული იყოს მისგან და ეს რეკომენდაციებშიც ჩაწერეს. თუ არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, ვფიქრობ, ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს სტრუქტურებს მოუწევთ უფრო კრიტიკული და რადიკალური პოზიციის დაკავება. ჩვენი ყვირილი არ ესმის ხელისუფლებას და იქნებ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევა უფრო შედეგიანი გამოდგეს.

- ეს ქვეყნის იმიჯზე არ იმოქმედებს? - რა დროს იმიჯზე ლაპარაკია?! შეინარჩუნებს თუ არა სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობას, ეს არის ახლა მთავარი.

მედიის როლი ძალიან დასაფასებელია. ყოველ ჯერზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ვინც დაუღალავად აშუქებთ ამ პროცესებს. ამიტომაც ვფიქრობ, ხელისუფლება დიდხანს ამას ვერ გააგრძელებს, არც რესურსი ეყოფა და არც ძალისხმევა. საზოგადოება მაინც მიაღწევს თავისას.

- სასამართლოს გარშემო მიმდინარე ხმაურის ფონზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებას გადაავიწყდა პროკურატურა, სადაც ასევე რეორგანიზაცია იყო დაანონსებული? - პროკურატურაში, მგონი, სასამართლოზე უარესი ვითარებაა. ძალიან მაღალი დაინტერესების საქმეებზე პროკურატურიდან ჩამიჩუმი არ ისმის, ის საზოგადოებას ანგარიშვალდებულად არ გვთვლის. სხვათა შორის, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციები პროკურატურას უფრო შეეხება, ვიდრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მართლმსაჯულების სისტემას. ვფიქრობ, გაცილებით მეტი პროტესტი სწორედ მისკენ არის მისამართი. შვილმკვდარი მამის პროტესტი არ უნდა დარჩეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...

- როგორ ფიქრობთ, პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავს? - ვფიქრობ, ის შუა რგოლია, ივანიშვილის მითითებები მიაქვს, სადაც საჭიროა. თუ მითითებებს სათანადოდ ვერ შეასრულებენ, მერე ჩაერევა თავისი მეთოდებით.

- ელოდებით თუ არა "ოცნებაში" დაპირებულ ცვლილებებს? ქობულიას გათავისუფლება არის თუ არა ამის დასაწყისი? - ამ 7 წლის განმავლობაში თეა წულუკიანი ჯადოსნურად ახერხებს მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას. მეტიც, ახერხებს, რომ იქიდან გვიქნიოს თითი და ღვარძლი აფრქვიოს. ეტყობა, საამისო გარანტიები და საფუძველიც აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ფრთხილი და მოქნილი იქნებოდა. ივანიშვილი აძლევს ამის შესაძლებლობას და ისიც აკეთებს ასე დაუფარავად. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით იქნება ცვლილება. სულ სხვა ვიღაცების თავები დაგორდება. შეიძლება პრემიერიც შეიცვალოს - ხელისუფლებას სჭირდება ვიღაც, რომ გადააბრალოს ყველა მარცხი და უკუსვლის მიზეზი.

- კერძოდ ვისი "თავები დაგორდება"? - უფრო ეკონომიკური ჯგუფის მინისტრების, სწორედ ეკონომიკური კრიზისია ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის.

ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და ღრმა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისა საზოგადოებას ჰყოფნის მოთმინება და ქუჩაში არ გამოდის. ის ელოდება არჩევნებს, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება გაცილებით წინ წასულია, ვიდრე მისი პოლიტიკური ელიტა. ხელისუფლება წავა, მას ამომრჩეველი გაუშვებს.

- საგაზაფხულოდ არ ელოდებით საზოგადოების მძლავრ პროტესტს?

- ვიღაცები შეეცდებიან მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც მტერს აწყობს. ჩვენი მოქალაქეები დემოკრატიულ პროცესებს ანიჭებენ უპირატესობას და არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას.