რომან კაკულია: "ვიცოდი, რომ ბახტაძესა­ და ქობულიას უთანხმოება ჰქონდათ, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

რომან კაკულია: "ვიცოდი, რომ ბახტაძესა­ და ქობულიას უთანხმოება ჰქონდათ, მაგრამ..."

"ახლა ყველა ისეთ სიმაღლეზე ავიდა, მეშინია, არ გადმოცვივდნენ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. პრემიერის გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის - ის ქობულიას მოადგილე იყო. არსებული ინფორმაციით, ამ ცვლილებას წინ უძღოდა მამუკა ბახტაძესა და ქობულიას შორის დაპირისპირება... რატომ დაიწუნა ივანიშვილმა ქობულიას მუშაობა და რა შენიშვნები აქვთ დეპუტატებს ბახტაძესთან, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" რომან კაკულია ესაუბრა.

- ქობულიას გათავისუფლება არ იყო ერთი ჩვეულებრივი გადაყენება. მინისტრი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ქობულიას არ მიეცა სამუშაოდ საკმარისი დრო. მეგონა, ბახტაძე განმარტებას მაინც გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ევალება, და რადგან საჭიროდ არ ჩათვალა, ამან გააჩინა ინტერპრეტაციის საფუძველი. ქობულია მცოდნე ეკონომისტია. მასთან ბევრი პრეტენზია არ მქონია, ყოველთვის სათანადოდ ეხმაურებოდა კომიტეტის წინადადებებს. ბევრი მინისტრისგან განსხვავებით, მან შეადგინა დეტალური გეგმა, თუ რის გაკეთებას აპირებდა 1 წლის განმავლობაში: აპირებდა სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებას, სატრანსპორტო გადაზიდვების გამარტივებას. მკაფიო გეგმა ჰქონდა ბიზნესის მხარდაჭერისთვისაც. რაც შეეხება მუშაობის ტემპს, რის გამოც პრემიერი უკმაყოფილო იყო, ეს მათი პირადი ურთიერთობის თემაა. მაგრამ, თუ შედეგი მუშაობის ტემპზეა დამოკიდებული, მაშინ პრემიერს იგივე კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს თურნავასთანაც. ჩვენი ეკონომიკური გუნდის მინისტრების ერთ-ერთ პრობლემაა, რომ დაპირებები გაზვიადებულია, ვერ ხერხდება იმის განსაზღვრა, რამდენ ხანში რისი მიღწევა შეიძლება. ქობულიამ კი მკაფიოდ დასახა სამუშაო გეგმა და ითხოვდა, ერთი წლის მერე შემაფასეთო. ამიტომაც უცნაურად მეჩვენა მისი გადაყენება. თუმცა ვიცოდი, რომ ბახტაძესა და ქობულიას უთანხმოება ჰქონდათ. ბოლო დღეებში ამაზე იყო ლაპარაკი პარლამენტში, ოღონდ რა საკითხზე, არ თქმულა, ამიტომ მის გადაყენებას არ ველოდი. ჩემი მეორე შენიშვნა პრემიერის მისამართით: ყველამ უნდა გავიაზროთ პარლამენტისა და კომიტეტების როლი. ასეთ გადაწყვეტილებებს მყისიერად არ უნდა იღებდნენ. მინისტრთა კაბინეტმა და პრემიერმა ამ საკითხის ჩვენთან განხილვა საჭიროდ არ ჩათვალეს.

ეკონომიკის სამინისტრო დიდი მონსტრია, უამრავი დეპარტამენტით. სამინისტროში ახალმისულ კაცს 6 თვე მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ გაერკვეს, რასთან აქვს საქმე. ნათია თურნავას ეს ეტაპი გავლილი აქვს, ის ახალი პირი არ არის სამინისტროში. გასაკვირი არ არის, რომ ქობულიამ 8 თვეში შედეგი ვერ მიიღო, როგორი გენიოსიც უნდა ყოფილიყო. ქობულიას პრემიერთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ბახტაძეს თავისი შეხედულება აქვს.

- ნათია თურნავაზე რას ფიქრობთ? მართლაც ვანო ჩხარტიშვილის კადრია, როგორც ამას კულუარებში ამბობენ? - არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ბევრ რამეს ამბობენ... კარგია, რომ მემკვიდრეობა შენარჩუნებული იქნება. თურნავამ თავიდან რომ დაიწყოს ბიუჯეტების განსაზღვრა, მაგის დრო არ არის. ქობულიას მინისტრობისას ბევრი მიმართულება განვითარდა და თუ ამ გზას გააგრძელებს, კარგი იქნება.

- მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში კიდევ საკადრო ცვლილებები?

- ჩემი აზრით, განახლება საჭიროა და ამას შემოდგომისთვის უფრო ველოდები.

- რამდენიმე მინისტრთან კითხვები თავად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს. - არ მიყვარს სხვისი ნათქვამის კომენტირება. ამიტომ არ ვიცი, ვის გულისხმობს.

- თქვენ სუსტ რგოლად რომელი მინისტრი მიგაჩნიათ? - მინიშნებას არ ვაკეთებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის მიხედვა, ცვლილებები, სწორი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია გვჭირდება. ეკონომიკა და საგარეო ურთიერთობები მჭიდროდ არის დაკავშირებული.

- ქეთევან ციხელაშვილის შეცვლაზეც ვრცელდება ინფორმაცია... - მე არ ვაფასებ ცუდად მის მუშაობას. გამოცდილი კადრია, არც ენთუზიაზმი აკლია და არც ცოდნა. მას ურთულესი მიმართულება აბარია, სადაც პრაქტიკულად შეზღუდულია მოქმედების ინსტრუმენტები.

- ფინანსთა მინისტრის შეცვლაც ხომ არ არის მოსალოდნელი? - ვადასტურებ, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას განახლება სჭირდება. ფინანსთა მინისტრთან ამას ვერ დავაკავშირებდი, მაგრამ მომდევნო წლამდე ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება და მისგან გამომდინარე შეფასდება მარცხიც და წარმატებაც.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე დაუჭირეთ მხარი? - ამაზე ბევრი ვიფიქრე და მივიღე პირადი გადაწყვეტილება: ბოლო თვეებში ცხადი შეიქნა, რომ მთავარი შეცდომა დაშვებულ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უვადო მოსამართლეობას დავთანხმდით, მაგრამ ამ შეცდომის დღეს გაკეთილშობილების არგუმენტი ვერ გამოვნახე. კოსმეტიკური ცვლილებებით ევროპული სტანდარტის სასამართლო სისტემას ვერ მივიღებთ. ვერ დავინახე ამ პროცესის სიკეთე და იმ პირთა მოტივაცია, რომლებიც ამას აპროტესტებენ. თუ ჩვენ შევქმნით ილუზიას, რომ რაღაცას გამოვასწორებთ, ამან შეიძლება უფრო მეტი ილუზია შექმნას, ამიტომ ჯობია დარჩეს ისე, როგორც არის. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც რომ გაგვეთვალისწინებინა, ეს ვითარებას არ შეცვლიდა. ოპოზიციის ხელში შესაძლოა ეს დესტაბილიზაციის წყარო გამხდარიყო და ვერ მოემსახურებოდა იმ ვითომ კეთილშობილურ იდეას, რომელიც დეკლარირებულია. ახლა ყველა ისეთ სიმაღლეზე ავიდა, მეშინია, არ გადმოცვივდნენ. ამიტომ მივიღე ასეთი რთული გადაწყვეტილება და კანონპროექტს მხარი დავუჭირე.