"ქალაქის მერი ძმაკაცებს "კრიშავს" - კვირის პალიტრა

"ქალაქის მერი ძმაკაცებს "კრიშავს"

"მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი?!"

თაბორის მთაზე 3 ათასი კვმ მიწის სანაცვლოდ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის მერიისგან მუხიანში 35 000 კვმ მიწის ფართობს მიიღებს - ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის საკრებულომ კენჭი უკვე უყარა. ამ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე. თავად ბექა ოდიშარიას თქმით, პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანასკნელი ათწლეული მუშაობდა, არც ერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიუღია.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს კორუფციას უწოდებს და ამბობს, რომ "ქალაქის მერი კახა კალაძე მეგობრების "კრიშაა".

"თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე"

- კალაძე გამოვიდა და გულის ამაჩუყებლად თქვა, ჩემს მეგობარსაც არ მივცემ ამ ქალაქში უკანონო რაღაცებით სარგებლობის უფლებასო. აცრემლებული ვიყავით, ქალაქს როგორი გადაფოფრილი მერი ჰყავსო, მაგრამ თურმე ერთი პატარა მიწის სანაცვლოდ ნახევარი თბილისი უჩუქებია ბექა ოდიშარიასთვის. კორუფციის გარდა, ამას სხვა რა უნდა დაარქვათ?! სამხარაულის ბიუროზე ამბობენ, მაგან შეაფასაო და, მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი. ასე ვაჭრობენ ჩვენი ქალაქითა და მიწებით.

- როგორც ამბობენ, ოდიშარია კალაძის მეგობარია.

- ერთ პარტიაში არიან და რაღაცას ჭუკჭუკებენ ერთად, თუ სადმე ყანწებით ვახტანგურადაც სვამენ, არ ვიცი. კალაძე ძმაკაცებს "კრიშავს".

- კალაძე ნარმანიას გზას აგრძელებს? - ნარმანია ბოთე და უღიმღამო იყო, კალაძე უფრო ენერგიულია, შესაბამისად, კორუფციაშიც უფრო ენერგიულად არის ჩაფლული. ნარმანიას თავისი ჩრდილისაც ეშინოდა და ფეხის წვერებზე დადიოდა, კალაძეს არაფრის ეშინია და კორუფციაშიც თვალის დაუხამხამებლად მონაწილეობს.

- ანალოგიური ფაქტების შესახებ თუ გსმენიათ კიდევ რამე?

- კალაძის უახლოესი მეგობარია "არქი ჯგუფის" მფლობელი ილია წულაია, დიდუბის მაჟორიტარი "ოცნებიდან". სამტრედიელები არიან, ბავშვობის მეგობრები. კალაძე "არქი ჯგუფის" პირდაპირი "კრიშაა", შეგიძლიათ ამოყაროთ სამშენებლო ნებართვები, როგორ ნებართვებს აძლევს და მფარველობს. ყველა დეველოპმენტი პარლამენტშია მოკალათებული, მაგალითად, სონღულაშვილი, და ყველას მფარველი კახა კალაძეა. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხეირობს.

- ამისთვის კალაძე ხომ გიგი უგულავას აკრიტიკებდა, გამოდის, იმავეს აკეთებს? ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენებაც ხომ ამის გამო შეაჩერა? - უგულავამდე იყო ზოდელავა, კიდევ უფრო ადრე ლეკიშვილი - თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე.

- ტაქსების რეფორმაზე რას ფიქრობთ? - უსინდისობაა. ამ ქალაქში სხვა მოსაგვარებელი პრობლემა ვერ ნახეს? თითქოს ყველაფერი გალამაზებულია და ერთი ტაქსებიღა დაგვრჩა. ეს ხალხი რა, კარგი ცხოვრებისგან ტაქსაობს? სახელმწიფო რომ სამსახურს ვერ აძლევს, იძულებული არიან თვითონ დაისაქმონ თავი, რომ ოჯახები არჩინონ. იმის მაგივრად, ხელი შეუწყონ, ადგნენ და ეძგერნენ ტაქსისტებს. სამარშრუტო ტაქსებს რომ მუხრუჭი არ იჭერს და ხან ხეებს ეჯახებიან და ხან კიდევ რას, იმას მიხედონ. მეტრო ყოველდღე რომ ჩერდება, მაგას მიხედონ. მეტროს მოდერნიზება სჭირდება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში პირველი მეტროს მიხედვა იყო. მეტროს შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს და ამისთვის მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო. მჟავანაძის დროიდან ამორტიზებულია, კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია. კოსმეტიკურ რაღაცებს უკეთებენ. გამოვიდა მწყობრიდან, 70 წელია დაუღალავად მუშაობს. რადგან დადის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. კალაძესა და ქალაქის მერიას თუ რამის გაკეთება უნდათ, ტაქსის ფერი კი არ უნდა შეარჩიონ, მეტროს გასაუმჯობესებლად დახარჯონ ფული.

- თქვენი აზრით, ვინ აფასებს "ოცნებაში" მოვლენებს ადეკვატურად? - ერთადერთი რომან კაკულიას პოზიცია მომწონს. როგორც ჩანს, ისიც თანდათან ემიჯნება "ოცნებას". ვისურვებდი, მისი წევრი აღარ იყოს. ლევან კობერიძე ბესელიას დამქაში გახდა და ჩემთვის ძალიან გაუგებარი და გულდასაწყვეტია.