"კობახიძემ მოახერხა, პარლამენტი ჩინჩალაძის ფილიალად გაეხადა" - კვირის პალიტრა

"კობახიძემ მოახერხა, პარლამენტი ჩინჩალაძის ფილიალად გაეხადა"

"ფაქტია, სისტემამ ივანიშვილი მძევალი გახადა. ჩვენი კონფლიქტი 2013 წელს სასამართლოს თემით დაიწყო და მახსოვს, მას მძიმე რეაქცია ჰქონდა. სამწუხაროდ, პროცესი არასწორი გზით წარიმართა. სასამართლომ მმართველ პარტიაში ახალი პატრონი იპოვა. ზარდიაშვილიც ამის შედეგად გაჩნდა პარლამენტში. ასეთი მიდგომა დაასრულებს "ოცნებას" და გვიან მიხვდება ივანიშვილი, რასაც ვეუბნებოდი. ეს ხალხი ისევ იპოვის ახალ პატრონს, ამას მიჩვეული არიან, "ოცნებას" კი ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს..."

"ეს იყო ძალადობა საკუთარ ხალხსა და საკუთარ ამომრჩეველზე, რადგან ჩინჩალაძის ჯგუფის გარდა, არავის მოსწონდა პროექტი", - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას. რას ფიქრობს ქობულიას გადადგომასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მამუკა ბახტაძეს ეკონომიკის მინისტრის გაშვებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაეკეთებინა. საზოგადოებისთვის არ იყო ნათელი, რა მოხდა.

- რატომ მაინცდამაინც ქობულია და არა - თუნდაც წულუკიანი, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს რეფორმის ჩავარდნაზე? - სასამართლოს რეფორმის ხანგრძლივი მცდელობა და ძალიან დიდი შრომა ერთი ხელის მოსმით სამუდამოდ გააცამტვერა მეთოფიშვილისა და გვრიტიშვილის მსგავსი მოსამართლეების დანიშვნამ. აი, ვინ დაანგრია სასამართლოს რეპუტაცია! მათი უვადოდ გამწესება უმძიმესი შედეგის მომტანი გახდა. ამას ვამბობდი, როდესაც ყალიბდებოდა იუსტიციის საბჭო და კონფლიქტიც ამ საკითხზე მქონდა...

- თქვენი, სამოქალაქო სექტორისა და ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესზე პროექტი მეორე მოსმენით მაინც მიიღო. - "ოცნება" ჩქარობს, რომ მალე მიიღოს შედეგი და ამას აკეთებს უხეშად.

"ოცნებამ" მოახერხა და გადაიმტერა ყველა - მეგობრები მტრად გაიხადა, საერთაშორისო პარტნიორებს დასცინა - ჯერ მიმართა დასკვნისთვის და შემდეგ უთხრა, არ ვიზიარებო. მხოლოდ ერთი რეკომენდაცია გაიზიარეს და ყველა დანარჩენი ისევ ხარვეზიანი დარჩა.

კობახიძემ მოახერხა, პარლამენტი ჩინჩალაძის ფილიალად გაეხადა. კობახიძე-ზარდიაშვილი-ოხანაშვილი კლანის მსახურები არიან. უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა იმ ჯგუფს, ვინც დღეს იუსტიციის საბჭოს აკონტროლებს. ეს აშკარაა. ეს იყო 10-კაციანი სიის მიზანიც, რაც ვერ გაიტანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნაკლებობაა, მაგრამ ვინ უნდა შეავსოს, ეს არის მთავარი. რატომ არ ავსებენ ვაკანსიებს ქვედა ინსტანციებში? იქაც არის ნაკლებობა. ან როგორ ხდება უვადოდ გამწესება? ნახევარზე მეტი მოსამართლე უვადოდ უკვე დაინიშნა და ჩვენი ცდა, ეს შეგვეჩერებინა, "ოცნებამ" ჩააგდო. იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს ახალი წევრებით, დისციპლინურ ორგანოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა! ძალადობის მსახურების აღზევების მცდელობა აშკარაა, რაც ძალიან მძიმეა და ამის კარგად "გადათარგმნა" ვერ მოხერხდება...

- "ოცნების" აზრით, ვენეციის კომისიის მოთხოვნები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. - ვენეციის კომისია ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა. მისი და ეუთოს დასკვნა მწვავეა. თუ მმართველი პარტია შენიშვნებს გაითვალისწინებდა, მაშინ ეს პროექტი უნდა ჩაეგდო და ახალი მიეღო, ან ჩვენი პროექტისთვის დაეჭირა მხარი. კობახიძემ ჩვენი პროექტი დამალა და სესიაზე არ გამოიტანა. ის არღვევს რეგლამენტს, არღვევს პროცედურებს. პარლამენტი მის ხელში საშინელი სანახავია.

- საინტერესოა, თავად ბიძინა ივანიშვილი ვერ აფასებს იმას, რომ სასამართლოს თემის გარშემო მიმდინარე პროცესები "ოცნებას" აზარალებს? - ამის ახსნა ურთულესია. ფაქტია, სისტემამ ის მძევალი გახადა. სხვა ახსნა არ მაქვს. ჩვენი კონფლიქტი 2013 წელს სასამართლოს თემით დაიწყო და მახსოვს, მას მძიმე რეაქცია ჰქონდა. სამწუხაროდ, პროცესი არასწორი გზით წარიმართა. სასამართლომ მმართველ პარტიაში ახალი პატრონი იპოვა. ზარდიაშვილიც ამის შედეგად გაჩნდა პარლამენტში. ასეთი მიდგომა დაასრულებს "ქართულ ოცნებას" და გვიან მიხვდება ივანიშვილი, რასაც ვეუბნებოდი. ეს ხალხი ისევ იპოვის ახალ პატრონს - ამას მიჩვეული არიან, "ოცნებას" კი ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს...

- კლანის მხარდაჭერამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს პროცესი? - ასეთი მიდგომით ხელისუფლებამ უკან, წარსულში დააბრუნა დრო და ჩამორჩა პროგრესს. ამას ბევრი შეეგუა.

ველოდი, რომ ჩუგოშვილი, ხულორდავა, ქაცარავა, ცქიტიშვილი და რამდენიმე დეპუტატი ხმას არ მისცემდა ასეთ კანონს, მაგრამ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. როგორც ჩანს, კომფორტის ზონა ვერ დატოვეს...

- ელოდით "ოცნებიდან" კიდევ ვინმეს შემოერთებას? - მიკვირს, კობერიძეს ან გეგიძეს იქ რა აჩერებთ. ალბათ, დროის საკითხია. არიან ისეთებიც, ვისაც უჭირს გაძლება...

ვწუხვარ, რომ ქვეყანა მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვიდა და ისევ წარსულის გზას გაუყვა. "ქართულმა ოცნებამ" თავისი რესურსი ამოწურა, უკვე ცვლილებების დროა! ფაქტია, სასამართლოს რეფორმა აღმოჩნდა აქილევსის ქუსლი და ტროას ცხენმა დაანგრია ყველაფერი, რაც ღირებული იყო. 2020 წლის არჩევნებმა ეს რეალობა უნდა შეცვალოს!