"ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს... ქვეყნის მტერი შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს" - კვირის პალიტრა

"ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს... ქვეყნის მტერი შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს"

"საქართველოში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში, ერთი ნამდვილად, რომელსაც ვერ დავასახელებ და რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს ზოგიერთი ჩვენი მეზობლისგან თანხას, რომ საქართველოში ჰესები არ აშენდეს"

უკვე რამდენიმე საათია პანკისის ხეობაში დაძაბული ვითარებაა. ყველაფერი კი 21 აპრილს დილით დაიწყო, როდესაც ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც დაშავდნენ. შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ჩასვლის შემდე სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა ვითარება მალევე დაიძაბა. სოფელ ბირკიანთან ადგილობრივებმა პოლიციის ავტომანქანები ჯერ ხელკეტებით დააზიანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ პოლიცია აქტიურად იყენებდა რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

ვითარების დაძაბვიდან რამდენიმე საათში ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომლის თქმითაც, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული. მან მოსახლეობას მიმართა:

"ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ... არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება", - მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით:

"ძალიან ცუდი ამბავი ხდება, საერთოდ ჩემთვის აბსულუტურად წარმოუდგენელია, რატომ უნდა მომხდარიყო ეს მაინცდამაინც დღეს. დღეს არის დღესასწაული, ბზობაა, საერთოდ აღდგომის კვირაა და რა საჭირო იყო ახლა ამის გაკეთება? ამაზე პასუხს დედამიწის ზურგზე ალაბთ ვერავინ გამცემს, მათ შორის, ხელისუფლებაშიც. მოგეხსენებათ, პანკისის ხეობა არის უაღრესად რთული რეგიონი, რომელშიც პროვოკაციის მცდელობა საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ძალების მიერ არაერთხელ ყოფილა და ამ რეგიონის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მარცხის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, მაინც პროვოკაციაზე ეგებოდნენ, ან თვითონ იგონებდნენ ისეთ რამეს, რომ მდგომარეობა გაეფუჭებინათ. ახლაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაში არსებობს ვიღაცა კონკრეტული ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ამას აუცილებლად გამოიყენებს ქვეყნის მტერი და შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

მიუხედავად იმისა, რომ დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს, მაგრამ ენერგეტიკოსთა წრეებში გადამოწმებული მაქვს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ეჭვით, საქართველოში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში, ერთი ნამდვილად, რომელსაც ვერ დავასახელებ და რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს ზოგიერთი ჩვენი მეზობლისგან თანხას, რომ საქართველოში ჰესები არ აშენდეს. არ ვგულისხმობ დიდ ჰესებს, რადგან დიდი ჰესების მშენებლობას ეჭვის თვალით ვუყურებ, რაც შეეხება საშუალო და მცირე ჰესებს, ესენი ქვეყანაში თუ არ აშენდა, ცოტა ხანში ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდება. საქართველოს ეკონომიკა ისედაც ნელი ტემპით ვითარდება და ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველდღიურად უფროდაუფრო იგრძნობა. ის ჰესები, რომელიც ადრე იყო აშენებული, დატვირთვას ვეღარ უძლებს, საჭიროა ახალი სიმძლავრეები, იმისათვის რომ ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით ბევრად უფრო დამოუუკიდებელი გახდეს, ამის შანსი გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩემი შეხედულებით, საშუალო და მცირე ჰესების განვითარების ხარჯზე.

ჰესი არ ააშენო, ერთი მხრივ არ შეიძლება, მეორე მხრივ ადგილობრივებსაც უნდა გაუწიო ანგარიში და ეკოლოგიური უსაფრთხოება დაიცვა, არსებობს კიდევ მესამე, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყნაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს, პირველ რიგში, ამას უნდა ებრძოლონ. მინიშნება ასეთი ორგანიზაციების საქართველოში არსებობაზე, რამდენჯერმე გაკეთდა ქართულ პრესაში, მაგრამ ამას ყურადღბა არ მიაქცია ხელისუფლებამ. ამას გარდა, როცა იცი, რომ პანკისის ხეობას ასეთი ხარბი თვალით უყურებს ქვეყნის არერთი მტერი, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყო ამ რეგიონში. დღეს, ახლა ერთი შეხედვით, შეიძლება არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა, დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის არაერთ ვქეყანაში ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენები ამით არ დამთავრდება, ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ჰესიც არ აშენდეს და შეიძლება კიდევ მივიღოთ დამატებითი თავის ტკივილი.

საინტერესოა ისიც, რომ მოლაპარაკება ვისთან წარმოებს? მხოლოდ ერთ ჯგუფთან, რომელთანაც ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს, შედეგიანი არ არის. დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როგორიც იყო გასული საუკუნის ბოლოს, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი, დღეს არის სხვა რელიგიური თუ სოციალური ჯგუფები, რომელთაც სხვა აზრი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. მინიშნებითა ვამბობ, რომ არიან სხვა ჯგუფებიც, რომელთანაც საჭიროა ურთიერთობა. საქართველოს საზღვრებს გარეთ არის რამდენიმე ძალიან წონიანი ადამიანი, რომელთა ჩართულობის შემთხვევაში ბევრად უფრო მშვიდობიანად ჩაივლიდა ეს ყველაფერი".

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო