"ხელისუფლებავ, ახლა მაინც გამოიჩინეთ, რაღაც სახის საღი აზრი...ორჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ მანდ ძალას გამოიყენებდეთ" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებავ, ახლა მაინც გამოიჩინეთ, რაღაც სახის საღი აზრი...ორჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ მანდ ძალას გამოიყენებდეთ"

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პანკისელების მოთხოვნა სამართლიანია. ამავე დროს, ის მათ მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ხოლო ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისა და ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს.

"პანკისის ხეობაში განსაკუთრებულად თბილი, პატრიოტი და მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მე ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავდა და მყავს მანდ. ეს ხალხი მთლიანობაში იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემასა და სათუთ მოპყრობას. ამ ხალხმა თავისი პატრიოტიზმით საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდში შეუნარჩუნა ეს ხეობა. ამგვარად, მათი მოთხოვნა, რომ ჰესი იქ, სადაც შენდება, არ აშენდეს, მთლიანად სამართლიანია. იმიტომ, რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ ჰაბიტატს, მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, ეკონომიკურ პერსპექტივებს. მინდა, საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრა, ორჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ მანდ ძალას გამოიყენებდეთ, გააგზავნიდეთ სპერაზმს, რომელსაც ინსტრუქციას მისცემთ, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაუაროს. მესმის, რატომ აშენებთ ამ ჰესებს. იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი.

ასევე, ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში ჰესების აშენება არ შეიძლება, იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალია ტურიზმი. ამით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი ბოლო წლებში შეიქმნა და ახლა ამასაც დიდი საფრთხე ექმნება.

ჩემს პანკისელ დებსა და ძმებს მინდა ვუთხრა. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა, როგორც ყოველთვის. ახლა დიალოგია აუცილებელი. საქართველოს ხელისუფლებავ, ბოლოს და ბოლოს, ახლა მაინც გამოიჩინეთ, რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისში განვითარებული მოვლენები „ძალიან სათუთი თემაა“.

„ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა და ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ. იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ინტერესია გადაჯაჭვული. ეს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პრობლემებს უქმნის. ამიტომ ახლა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ დიალოგის მაგიდასთან უნდა გადაწყდეს ყველა ეს საკითხი. ვიმეორებ, მხარს ხალხის მოთხოვნას ვუჭერ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჰესი არ აშენდეს. ეს მოთხოვნა სწორია და სწორად გამოდის ხალხის და არა თქვენი ჯიბის ინტერესებიდან," - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"