პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა - სპეცდანიშნულების რაზმმა ხეობა დატოვა - კვირის პალიტრა

პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა - სპეცდანიშნულების რაზმმა ხეობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ.

ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა.

სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ სოფლის ტერიტორიაზე რჩება.

რაც შეეხება თავად ხეობას, სამართალდამცავთა მობილიზება შეინიშნება სოფელ დუისში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ხეობაში ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით გადაადგილება არ განხორციელებულა.

დღეს მომხდარი რამდენიმე დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ჯამში 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცავია. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდგომ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.

სამართალდამცველების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ცრემსადენი გაზის გაშვებას და რეზინის ტყვიების გასროლას.

"ინტერპრესნიუსი"