ქვათასროლა პანკისში
ქვათასროლა პანკისში
"ალაჰ აკბარის" ძახილით პოლიციელებისთვის ქვების სროლა დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად აწონ-დაწონოს ყველაფერი

21 აპრილს, ბზობას, პანკისის ხეობა ბრძოლის ველს დაემსგავსა. ჰესის მშენებლობის დაწყებას სოფელ ბირკიანის მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის - 13 პოლიციელი. ქვებით, ჯოხებითა და "მოლოტოვის კოქტეილებით" შეიარაღებულმა ადგილობრივებმა დაამტვრიეს და გადაწვეს პოლიციის მანქანები და სამშენებლო ტექნიკა. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით პანკისში ჩავიდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის
მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სპიკერის როლს გახარია ასრულებდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა, ჰესის მშენებლობა არ გაგრძელდება.

"ეს ხომ ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს, რომ შეგიძლია ქვებით და "მოლოტოვის კოქტეილებით" უკან დაახევინო ხელისუფლებას?!"



მამუკა არეშიძე, ექსპერტი: -
პანკისის ხეობა ყოველთვის იყო სენსიტიური რეგიონი, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გარდა, იკვეთებოდა უამრავი სხვა ძალის - რუსეთის, მუსლიმანური ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ინტერესები. ამ პატარა ხეობაში გავლენებისთვის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს. არ დაგვავიწყდეს, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს პანკისის ხეობა დაძაბულობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო. ასევე იყო სააკაშვილის დროსაც. თუ რამემ შეიწირა სააკაშვილის ხელისუფლება, ერთ-ერთი ლაფანყურის მოვლენები იყო

- 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ისევ გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირებთ?
- ახლა ასეთი განცდა მაქვს - იგივე მეორდება იმ თვალსაზრისით, რომ სიტუაციას ვიღაც ძაბავს. ჯერ ერთი, ვერ გავიგე, რატომ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა მაინცდამაინც ბზობა დღეს. ეს არის რელიგიური დღესასწაული და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს განზრახ განახლდა მუშაობა, რათა ასეთი ექსცესები მომხდარიყო. მოეცადათ ერთი კვირა და მერე დაეწყოთ მუშაობა! ხელოვნურობის სუნი ასდის ამ ყველაფერს. ასევე ხელოვნურობის სუნი ასდის იმ გარემოებას, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც იღებენ ძალიან დიდ გრანტებს ვითომ ეკოლოგიის დაცვისთვის, სინამდვილეში კი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში ენერგეტიკა არ განვითარდეს.
პანკისი არ არის გამონაკლისი - იგივე მდგომარეობაა სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში... მესმის მოსახლეობისაც, რომელსაც აქვს უფლება, დაეჭვდეს ამა თუ იმ კომპანიის კეთილსინდისიერებაში.



- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ პანკისელებთან ურთიერთობის ყველა საშუალება გამოიყენა?
- როგორც ჩანს, ვერა. უხუცესთა საბჭოსთან შეთანხმება დღეს მთავარი აღარ არის. შეტაკებებისას ვხედავდი იმ ახალგაზრდების აქტიურობას, რომლებისთვისაც, რბილად რომ ვთქვათ, უხუცესთა საბჭო ავტორიტეტი არ არის.

- არადა, რამდენიმე დღის წინ ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და როგორც ამბობენ, მოსახლეობასთან შეთანხმებასაც მიაღწიეს.
- ალბათ, იგულისხმეს უხუცესთა საბჭოსთან შეხვედრა, თუმცა ვნახეთ, ეს შეთანხმება როგორც დასრულდა. ალბათ, იტყვიან, სათითაოდ ხომ არ ჩამოივლიდნენ ყველა სახლს, როდესაც არის ადგილობრივი ხელისუფლება და უხუცესთან საბჭოო, თუმცა ეს პანკისია, აქ სხვანაირი მიდგომებია საჭირო. ყველა სოციალურ­ ჯგუფთან უნდა მისულიყვნენ, უპირველესად კი ახალგაზრდებს უნდა დალაპარაკებოდნენ.

- ხელისუფლების მოქმედება ადეკვატურია?
- ცოტა უცნაურია. არ მინდა ვიმარჩიელო. ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა თელავში და ხეობაში ამ დროს შეიყვანეს დამატებითი ძალა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ხეობაში მყოფ პოლიციელებს სწორედ მაშინ დაესხნენ თავს. რა თქმა უნდა, "ალაჰ აკბარის" ძახილით პოლიციელებისთვის ქვების სროლა დაუშვებელია, მაგრამ ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად აწონ-დაწონოს ყველაფერი. როცა ხედავ, რომ მტრული ძალები წლების მანძილზე ყველანაირად ცდილობენ, პანკისის ხეობაში მუდმივად დაძაბულობა შეგიქმნან, ცოტა ფრთხილად უნდა მოიქცე. სიტუაცია არ უნდა მივიყვანოთ კრიტიკულ წერტილამდე. პანკისელებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ელოდებოდნენ ეკოლოგების დასკვნას. რა აუცილებელი იყო მაინცდამაინც 21 აპრილს მშენებლობის დაწყება?! ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში არის ვიღაც, ვისაც სიტუაცია განზრახ მიჰყავს კრიტიკულ ზღვრამდე, რათა მთავრობის დისკრედიტაცია მოხდეს... ან არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე. პოლიციასთან ადგილობრივების შეტაკებების შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა, ჰესი არ აშენდება. აქამდე არ იყო საჭირო თანხმობა?! ან რატომ 90% და არა - უმრავლესობა?! კი, მაგრამ ეს ხომ ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს, რომ შეგიძლია ქვებით და "მოლოტოვის კოქტეილებით" უკან დაახევინო ხელისუფლებას?! უცნაურად და არალოგიკურად ვითარდება მოვლენები.

"როცა პოლიციას თავს ესხმიან და ავტომობილებს ცეცხლს უკიდებენ, რეაქცია იქნება!"



ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ამ პროექტის განხორციელებას ზიანი არ მოჰყვებოდა­. ეს არის მართლაც ეკოლოგიურად გამართლებული პროექტი, მით უმეტეს, თუ ვლაპარაკობთ ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე. ასეთ პროექტებს, პირიქით, მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არ არის დიდი ჰიდროელექტროსადგური და ის ბუნებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ პროტესტის გამოხატვას ძალიან აგრესიული ფორმით, რაც არასწორია და პოლიცია ვალდებულია, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. დანარჩენი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ვითარება დამშვიდდება. მოვუწოდებ ყველას, გონივრულად მივუდგეთ საერთო საქმეს.

- ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან­ თითქმის ყველა რეგიონში, თუმცა იქ სპეცრაზმის შეყვანა საჭირო არ გამხდარა. პანკისში ეს რატომ იყო აუცილებელი?
- ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ყველა პროექტს აქვს პლუს-მინუსი. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ პოზიტიური შედეგი მოჰყვება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ გამწვავდა ვითარება, რომელიც აგრესიულ ქმედებებში გადაიზარდა? პოლიციას არა აქვს ინტერესი და მოტივაცია, ძალა გამოიყენოს, მაგრამ როცა თავს ესხმიან და პოლიციის ავტომობილებს ცეცხლს უკიდებენ, ბუნებრივია, რეაქცია იქნება. წესრიგის დაცვა ყველას მოგვეთხოვება.



- ვარაუდობთ, რომ ეს პროცესი მართულია და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან?
- შეიძლება, მართლაც მართული იყოს. თუმცა, ეს არ დაიმალება და აუცილებლად გამოაშკარავდება.

"ამ პროცესებს მართავს ძალა, რომელიც ხეობის უხუცესებს არ უსმენს"

პანკისის ხეობის უხუცესი ზაურ გუმაშვილიც ბირკიანში მომხდარს გარკვეული ჯგუფის მიერ მართულს უწოდებს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილისთვის მისაღებია ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობა და ისიც კარგად ესმით, რომ რეგიონს ზიანს არ მოუტანს.

- ამ პროექტს უარყოფითი შედეგი რომ არ მოჰყვება, ყველამ კარგად ვიცით. იმ შემთხვევაში, თუ ხეობას პრობლემებს შეუქმნიდა, ერთი წუთითაც არ დავიხევდით უკან. პატარა ჰესის მშენებლობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რაიმე ზიანი მოიტანოს, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებში შედის და არა რომელიღაც კომპანიის. ჩვენ, უხუცესების კავშირის წარმომადგენლები, ამ პოზიციაზე ვდგავართ!



- მაშინ რატომ დაიძაბა პანკისში ვითარება?
- ამ პროცესებს რომელიღაც ძალა მართავს და ეს ის ხალხია, რომლებიც ხეობის უხუცესებს არ უსმენენ. საქმე პატრიოტობას ეხება - ეს ტვირთი ათწლეულობით გვიტარებია და ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ხეობაზე გული არ შესტკივა.

- ანუ პანკისელების უმრავლესობა ამ ჰესის მშენებლობას არ ეწინააღმდეგება და ვითარება მართულმა ჯგუფებმა დაძაბეს?
- დიახ, ასეა.

- და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, პროცესებს ვიღაც მართავს. დაძაბულობა არ აწყობს არც ხელისუფლებას და არც პანკისელებს. ჩვენს ინტერესებში ეს არ შედის.

- ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მაშინ თუ შეთანხმდით გარკვეულ საკითხებზე?
- დიახ, ვილაპარაკეთ ჰესის დადებით შედეგებზე, სახელმწიფოს ინტერესებსა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე, რომლებიც უნდა მოგვარებულიყო და ხელისუფლება ამის გაკეთებას აპირებს, მაგრამ ზოგიერთს არაფრის მოსმენა არ უნდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?