"არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გზებს ეძებდეს" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გზებს ეძებდეს"

გასული კვირა პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტუალური ეკონომიკური მიმართულებით იყო. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მოადგილე ნათია თურნავა წარადგინა. ამ და კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

- ეკონომიკის მინისტრის გაშვება ნიშნავს თუ არა, რომ "ოცნება" დაპირებულ საკადრო ცვლილებებს იწყებს?

- მას შემდეგ, რაც ივანიშვილი "იმედის" ეთერში გამოვიდა, ამ დაპირებების მიზერული ნაწილის შესრულების იმედიც აღარ მაქვს. რაზეც მან ილაპარაკა, მხოლოდ ამას თუ თვლის პრობლემად და სხვა არაფერს, მაშინ მნიშვნელობა არა აქვს, ეკონომიკის მინისტრს გაუშვებს თუ ვინმე სხვას.

ცვლილებები იქნება, მაგრამ არა ისეთი რადიკალური, როგორიც ქვეყანას სჭირდება. ამისთვის ივანიშვილი მზად არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ იგი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს ვერსია თავისთავად ჩნდება, ამიტომ ქობულიას გადაყენებით ქვეყანაში რაღაც ახალი არ მოხდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და მას აჟიოტაჟი არ მოჰყვება. ეს თოჯინების გადაადგილებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალური ცვლილების მომზადებას. ეს ვერ იქნება გამოცხადებული ერთწლიანი გეგმის ერთ-ერთი ნაბიჯი.

- თუ, თქვენი აზრით, ივანიშვილი არ აპირებს დაპირებული რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, მაშ, როგორ აპირებს არჩევნებამდე მისვლას და გამარჯვებას? როგორი სტრატეგია ექნება თუნდაც შუალედური არჩევნებისას, რომლის დროს ოლქების მოგება "ოცნებისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

- ვიმეორებ - ისე მდორედ მიედინება ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეძებდა ხერხს, როგორ გასცლოდა პოლიტიკურ სივრცეს. მისი ქმედებები ამას ჰგავს.

"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნები არსად არ უნდა წააგოს. ეს იქნება მისთვის კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით წინასაარჩევნო აქტიურობა არ დაუწყიათ. არ ჩანს, რომ ხელისუფლება მონდომებულია, გაიმარჯვოს. შესაძლოა, თვლიან, რომ ჯერ ადრეა და არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე გააქტიურდებიან.

ამჟამად ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ იყო. მაშინ ცოტა უფრო გამოფხიზლებული იყვნენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ტემპი დაახლოებით ასეთივე იყო. რა შედეგს მოიტანს ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ "ოცნებამ" წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ "ოცნების" რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით დაიწყებს ვარდნას, ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნების წაგებას არ გეგმავენ.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად