"უნიკალური ადამიანი ვარ - მოქალაქეობა წამართვეს, მაგრამ ვეხვეწები ციხეში ჩამსვით, თუმცა ნება დამრთეთ, რომ ჩამოვიდე-მეთქი, მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ დარჩიო" - კვირის პალიტრა

"უნიკალური ადამიანი ვარ - მოქალაქეობა წამართვეს, მაგრამ ვეხვეწები ციხეში ჩამსვით, თუმცა ნება დამრთეთ, რომ ჩამოვიდე-მეთქი, მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ დარჩიო"

"როცა საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, რუსეთის მიმართ მეც არამეომრულად ვიყავი განწყობილი, ძალიან მშვიდობისმოყვარული მიზნები მქონდა"

რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა. პროგრამის წამყვანები - იულია ტარატუტა და დენის კატაევი.

გთავაზობთ საუბრის შემოკლებულ ვერსიას:

იულია ტარატუტა: უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგების გამოცხადებისთანავე (მიღებული ხმების რაოდენობით იმარჯვებს ვლადიმერ ზელენსკი), ჩვენი ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდა.

მიხეილ, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან გახარებული ხართ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგით...

მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ძალიან მიხარია... აი, კიდევაც ავღნიშნავ (აჩვენებს ღვინით სავსე ფუჟერს ეკრანზე).

იულია ტარატუტა: მოგვიყევით თქვენი პოზიციის შესახებ - რატომ გაქვთ სიმპათიები ვლადიმერ ზელენსკის მიმართ?

მიხეილ სააკაშვილი: ეს ელექტორალური რევოლუციაა. უკრაინელმა ხალხმა რეალურად გვერდზე გასწია მთლიანად ძველი პოლიტიკური კლასი. ხალხმა ყველას "არა" უთხრა. არჩევნებში დიდი რაოდენობით ახალგაზრდობა მონაწილეობდა... ეს ყველაზე ცუდი ახალი ამბავია ვლადიმერ პუტინისათვის. ცხადია, რუსეთის პრეზიდენტისათვის უფრო კარგი იქნებოდა პეტრო პოროშენკოს არჩევა, რადგან იგი მტრის ხატად იქნებოდა წარმოჩენილი, მაგრამ გაიმარჯვა ხალხის კანდიდატმა და ეს ნამდვილად ელექტორალური რევოლუცია და როგორც ვხედავთ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ასეთი რამ შესაძლებელია - უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში... ყველგან. ისინი უკვდავი კოშჩეები არ არიან, მათი დამარცხება შესაძლებელია.

დენის კატაევი: მიხეილ, ახლა ყველა საქართველოს მაგალითს იხსენებს, უფრო ზუსტად - თქვენს მაგალითს, როცა ხელისუფლებაში მოხვედით. იმ პერიოდში საქართველოში ბევრი რამ ნამდვილად სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ თქვენ წახვედით და საქართველოში ისევ ვხედავთ რაღაც პრობლემებს, მათ შორის, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, დემოკრატიასთან მიმართებითაც. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში ახალ პრეზიდენტს შეუძლია ყველაფრის შეცვლა? ფაქტიურად, გუნდის გარეშე?

მიხეილ სააკაშვილი: პირველი ნაბიჯი, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა უნდა გადადგას, ისაა, რომ მან უნდა შეცვალოს გენერალური პროკურორი და პეტრო პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას. რა თქმა უნდა, მასთან ერთად ბევრი სხვაც. ამის გარეშე ვლადიმერ ზელენსკის არაფერი გამოუვა. ამ ახალგაზრდა კაცმა ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია, იგი თვალდათვალ იზრდება...

იულია ტარატუტა: კარგად მესმის, რომ თქვენ ძალზე აღფრთოვანებული ხართ ამ ახალგაზრდა კაცით. თუმცა დღეს მე წავიკითხე ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგის საკმაოდ გონივრული პროგნოზი, რომლის მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი შეიძლება სხვადასხვა გზით წავიდეს - ანუ შეუძლია გახდეს როგორც უკრაინელი სააკაშვილი, ასევე უკრაინელი ივანიშვილიც... თქვენთან საუბრისას მე არ შემეძლო არ მესარგებლა ამ მეტაფორით... მიხეილ სააკაშვილი: ვლადიმერ ზელენსკი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ გახდება, რადგან ივანიშვილი ოლიგარქი და რუსული "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერია....

იულია ტარატუტა: არა, საქმე ამაში კი არაა, არამედ მის ვექტორში... მიხეილ სააკაშვილი: დიახ, პროპუტინელი რუსები ფიქრობდნენ, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პიროვნება გახდებოდა, მაშინ რეფორმები რეალურად გატარდებოდა და ეს რუსეთისათვის ცუდი იქნებოდა. სწორედ ამისი ეშინოდათ. უკრაინაში სრულიად ახალი ადამიანები მოვლენ ხელმძღვანელობაში. როგორც ჩემი მეგობარი ვაცლავ გაველი ამბობდა - უმჯობესია ხუთი წელი შეცდომებით ცხოვრება, ვიდრე 50 წელი საბოტაჟის პირობებში ყოფნა...

იულია ტარატუტა: მე მაინც ბოლომდე ვერ ვხვდები თქვენს მტკიცებას, რომ თითქოსდა კრემლისთვის უფრო კარგი იყო პეტრო პოროშენკოს არჩევა... გამოდის, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც კრემლს სძულდა, ეს პოროშენკოა? ესე იგი, ვინც გინდა იყოს პრეზიდენტი, თუნდაც, ვთქვათ, ცირცელის ბუჩქი, მაგრამ არა პოროშენკო?

მიხეილ სააკაშვილი: არა, ყველაფერი ძალიან მარტივია: კრემლისათვის მომგებიანია სუსტი უკრაინის არსებობა. უკრაინას კორუფცია ასუსტებს და კლავს, კორუფციის სათავეში კი პეტრო პოროშენკო იყო. ვლადიმერ პუტინს არაკორუმპირებული უკრაინის არსებობა და მისი წარმატება არ აწყობს. თუ ისევ პეტრო პოროშენკო აირჩეოდა პრეზიდენტად, მაშინ უკრაინა განწირული იქნებოდა, უკრაინა არ განვითარდებოდა. ახლა კი ქვეყანას შანსი გაუჩნდა. საერთოდ კი, რასაკვირველია, არაფერი გარანტირებული არ არის...

ვლადიმერ ზელენსკი

დენის კატაევი: დიახ, არაფერი გარანტირებული არ არის - ოლიგარქები ისევ რჩებიან და არსადაც არ წავლენ... იგივე იგორ კოლომოისკი, რომელიც გავლენას მოახდენს [ვლადიმერ ზელენსკის] პოლიტიკაზე... მიხეილ სააკაშვილი: დიახ, გარანტიები მართლაც არ არის, მაგრამ გაჩნდა შანსი. პეტრო პოროშენკო რომ ისევ პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინა კვლავაც ევროპის ყველაზე ღატაკ ქვეყნად დარჩებოდა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე დაბალია...

იულია ტარატუტა: მიხეილ, გარდა იმ ანტიკურუფციული ლოზუნგებისა, რომლებისაც გჯერათ - "ვლადიმერ ზელენსკის კორუფციასთან ბრძოლა შეუძლიაო", თქვენი აზრით, როგორი იქნება მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა? იგი, ასე ვთქვათ, "ნაპირებს გააერთიანებს"? ანდა რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკას გაატარებს? "არამეომრული განწყობა" ხომ უკრაინაში მიღებული არ არის... მიხეილ სააკაშვილი: იცით, როცა მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, რუსეთის მიმართ მეც არამეომრულად ვიყავი განწყობილი, ძალიან მშვიდობისმოყვარული მიზნები მქონდა, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც გამოვიდა - იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში [ომის მსურველი] "ქორების" ყველაზე კარგ მოკავშირეს ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს... იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი არცერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალსუბიექტად არ მიიჩნევს.... ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში ყველაფერი შეიცვლება. ქვეყნის ხელმძღვანელობაში ახალგაზრდები მოვლენ... უარესობა ნამდვილად არ იქნება.

დენის კატაევი: თქვენ თუ დაბრუნდებით პოლიტიკურ ცხოვრებაში ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს?

მიხეილ სააკაშვილი: მე როგორც მინიმუმი, კიევში, სახლში დაბრუნება მინდა, ამ მიზნით უკვე მივმართე უკრაინის სასაზღვრო ჯარებს... ცხადია, ბოლო მოგონებები არასასიამოვნოა, რადგან ისე წამიყვანეს კიევიდან, რომ მგუდავდნენ... უკრაინა ჩემი სახლია, იმიტომ, რომ იქ ჩემი ცხოვრების მრავალი წელი მაქვს გატარებული - ჯარში ვმსახურობდი, იქ ვსწავლობდი, ვმუშაობდი გუბერნატორად... მაგრამ არ მიშვებენ არც უკრაინაში და არც საქართველოში. როცა მე კიევიდან პეტრო პოროშენკო მაძევებდა, საქართველოში ადგილობრივმა ოლიგარქმა აეროპორტი დახურა - ვაითუ თბილისში ჩამოიყვანონო. მე უნიკალური ადამიანი ვარ - მოქალაქეობა წამართვეს, მაგრამ ვეხვეწები - გამასამართლეთ, ციხეში ჩამსვით, მაგრამ ჯერ ნება დამრთეთ, რომ ჩამოვიდე-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან - არა, სადაც ხარ, იქ დარჩიო.

იულია ტარატუტა: თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა უკრაინის პარლამენტს?

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პარლამენტი დღეს პარლამენტი კი არ არის, არამედ მაფიის დასაყრდენია. მცირე გამონაკლისების გარდა, იქ მექრთამეები სხედან... არიან ისეთი ტიპაჟები, რომლებსაც სიტყვა არ დაუძრავთ, არანაირი კანონპროექტი არ შეუქმნიათ, მაგრამ მათ ფულს თუ მიუტან, ყველაფერს გადაწყვეტენ. ეს სისტემა უნდა მოისპოს.

დენის კატაევი: როგორ ფიქრობთ, ვლადიმერ ზელენსკი თავის პარტიას - "ხალხის მსახურს" - მომავალი საპრლამენტო არჩევნების შედეგად მმართველ პარტიად გადააქცევს? მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად გაანეიტრალებს იგი ძველ ძალებს და რამდენად სწრაფად განახორციელებს ცვლილებებს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ. (წყარო)

იხილეთ ასევე: რას შეიძლება ველოდოთ უკრაინის მომავალი პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ზელენსკისგან?

მოამზადა სიმონ კილაძემ