"შოკირებული ვარ შს მინისტრის არაპროფესიონალიზმით" - კვირის პალიტრა

"შოკირებული ვარ შს მინისტრის არაპროფესიონალიზმით"

პანკისის ხეობაში ხელისუფლებამ ხუთმეგავატიანი ჰესის გამო, ხუთიათას მეგავატიანი პოლიტიკური პრობლემა შეუქმნა ქვეყანას, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს.

უსუფაშვილის აზრით, პანკისის მოსახლეობასთან სპეცრაზმის ენით საუბრის არც ერთი არგუმენტი არ არსებობდა.

"პირველი და უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც დასასმელია, ბოლომდე გამოსაძიებელია და დამნაშავე დასასჯელია, იმ ადამიანის ვინაობის გარკვევაა, ვინც ასეთი პროგნოზი გააკეთა და ასეთი რისკის ქვეშ დააყენა სპეცრაზმიც, პანკისიც და საქართველოც. პანკისის ხეობაში, ხელისუფლებამ ხუთმეგავატიანი ჰესის გამო, ხუთიათას მეგავატიანი პოლიტიკური პრობლემა შეუქმნა ქვეყანას. როგორც მინიმუმ, ეს იყო წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმით განხორციელებული სპეცოპერაცია, იქ და ისეთ ვითარებაში, სადაც ეს აბსოლუტურად გამორიცხული უნდა ყოფილიყო; არ არსებობდა არცერთი არგუმენტი, პანკისის მოსახლეობასთან ბეტეერების და სპეცრაზმის ენაზე საუბრის; ჰესი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, პანკისი იქნება ეს, ლაგოდეხი თუ ზუგდიდი, უნდა განხორციელდეს მოსახლეობასთან კონსულტაციის და შეთანხმების შედეგად, კანონის ფარგლებში. მე ვარ შოკირებული შს მინისტრის და ყველა იმ ადამიანის არაპროფესიონალიზმით, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სპეცრაზმის შეყვანით იქ რაიმე პრობლემა მოგვარდებოდა. ან, ის ექსკავატორი ამუშავდებოდა, იმიტომ რომ სპეცრაზმი დაიცავდა მათ ხალხისგან ან, ხალხი შეშინდებოდა და სახლში წავიდოდა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ პირველ ტრაქტორს 35 პოლიციელი რომ გააყოლა, ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ მათ იცოდნენ პრობლემის შესახებ. უსუფაშვილი უკმაყოფილოა მომხდარ საქმეში პრემიერ-მინისტრის ჩართულობით და განცხადებაში მას "ბუტაფორიას" უწოდებს.

"საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ჯამურად მთავრობის საქმიანობაზე და ის არა თუ არ გამოჩენილა, ყველაზე გვიან ვინც შეაფასა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, იყო მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც შემოიფარგლა იმით, რომ ორ გვერდზე აგვიხსნა ჰესის ტექნიკური მახასიათებლები. აი, ამ ვითარებაში ვცხოვრობთ დ ამას ვამბობთ კიდეც უკვე ძალიან დიდი ხანია, რომ ქვეყანას სინამდვილეში არ ჰყავს მთავრობა. გვყავს ბუტაფორიული პრემიერ-მინისტრი; გახარია - შს მინისტრი, რომელმაც ძალიან ხშირად არასწორი, მაგრამ ლაპარაკი მაინც იცის - ისაა წინა პლანზე, ამიტომ პასუხიც მან უნდა აგოს ანუ, რას ნიშნავს თურნავამ უთხრა?! ხვალ განათლების მინისტრმა რომ უთხრას ჭიდაობის დარბაზში პრობლემააო, "ბეტეერს" შეიყვანს დარბაზში?! ეს ესე არ არის! სპეცრაზმის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვისაც თავის დროზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს და ახლა რა გამოვიდა? თურნავა შს მინისტრის უფროსია? ასე გვაქვს საქმე?! ამიტომ, სულ არ მაინტერესებს, ვინ ვის რა ურჩია! ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა, პასუხიც იმან უნდა აგოს,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"