"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი პანკისის ხეობის მოვლენებს - კვირის პალიტრა

"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი პანკისის ხეობის მოვლენებს

პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია შს მინისტრის მიერ ხეობაში ვითარების დამშვიდება.

"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰესების მშენებლობა სრულ გეოლოგიურ კვლევას, საფრთხეების კომპლექსურ შეფასებასა და საზოგადოების ჩართულობას ეფუძნებოდეს.

"რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ან ერთ-ერთ მიზეზს, ჰესის მშენებლობას, აქ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება. მაგრამ, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"