"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრას შეეხება, უხერხულობას ქმნის" - კვირის პალიტრა

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრას შეეხება, უხერხულობას ქმნის"

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრას შეეხება, უხერხულობას ქმნის.

"პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ამავე დროს უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - არჩეულ იქნას საზოგადოების მხრიდან ძლიერი ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა.

ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია - მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით, პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი, მისი კანდიდატის წარდგენა ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი რეკომენდაციიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევასა და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

"ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს.

უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ, ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უფრო პოლიტიკურს, ვიდრე სამართლებრივს" უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც მოსამართლეთა ნაწილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანიშვნას ეხება.

"რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განმწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრება არის, ვიდრე სამართლებრივი მოსაზრება".

სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო ისეთ მართლმსაჯულების სისტემას და მოსამართლეთა კორპუსს მიიღებს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველი საქმეების კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას.

"ასეთი მიდგომა უზუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდომა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია. მინდა ამისათვის და ამ კონსტრუქციული ურთიერთობისათვის გამოვთქვა

კმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხზე პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ინტერპრესნიუსი"