"შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები"- როგორ უპასუხა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას - კვირის პალიტრა

"შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები"- როგორ უპასუხა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას

მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.

"მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა "მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ "ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თითოეული სამართალდამცველის უფლებებს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თითოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"