"აქციები აღარ უნდა იყოს პერმანენტული. გამოვალთ და დავამთავრებთ" - კვირის პალიტრა

"აქციები აღარ უნდა იყოს პერმანენტული. გამოვალთ და დავამთავრებთ"

"ნატოსკენ აღებულმა კურსმა ტერიტორიის 20% დაგვაკარგვინა"

"ციხეშიც პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა წავიდეთ. ძალიან სისხლიანია სააკაშვილი და ესეც მოსალოდნელია"

"ეს იქნება ბოლო ბრძოლა. ან გამარჯვებული გამოვალ, ან არ გამოვალ", - განაცხადა "ქართული პარტიის" პრეზენტაციაზე ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც ბოლოდროინდელი პასიურობის მიზეზიც გაგვიმხილა და ახალი პარტიის ამოცანებზეც გვესაუბრა:

- არასწორი სტერეოტიპია, თუ პოლიტიკოსი საჯაროდ არ ჩანს, ე.ი. არ მუშაობსო. მე ახალი პარტიის შექმნაზე ვმუშაობდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ოპოზიციას ორგანიზებულობა აკლდა. სწორედ ამის გათვალისწინებით ვიმუშავეთ იმაზე, რომ უმძლავრესი ორგანიზაცია შეგვექმნა. ამ პარტიაში ყველა ლიდერია. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერები ქმნიან გუნდს, ეს ნიშნავს, რომ ისინი კომპრომისზე მიდიან.

სულ სხვადასხვაგვარად რომ ვფიქრობდეთ, ერთ გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ ყველა. ეს იქნება უძლიერესი იარაღი ჩვენს ბრძოლაში. ჩვენ შევქმნით მძლავრ ორგანიზაციას, რომელიც ძალადობას დაუპირისპირდება.

- პარტიის თავმჯდომარე ვინ არის?

- ამას ყრილობაზე გაიგებთ, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება. რაღა აზრი ექნება ყრილობის ჩატარებას, თუ ყველაფერი დღესვე ვთქვი. ჩვენს პარტიას მნიშვნელოვანი იდეოლოგიური იარაღი აქვს ქართული იდეის სახით.

- ქართულ იდეაზე, რომელზეც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები მუშაობენ, გასულ ზაფხულს გაცხადდა. ამას გულისხმობთ?

- ჩვენ შევქმნით ქართული იდეის მუშაჯგუფს და ნახავთ, ვინც დაწერს ამ პროგრამას. ამ ჯგუფში იქნებიან უნიჭიერესი მეცნიერები და ყველა გონიერი ადამიანი, ვისაც საქართველოს ბედნიერი მომავალი აინტერესებს. ერთი ჯგუფი უკვე მუშაობდა ქართულ იდეაზე და მათი ნააზრევი მე და სოზარმა გავახმაურეთ. ჩვენ ქართულ იდეას სულს ჩავბერავთ და ავამოქმედებთ.

- ამ ბრძოლაში ახალ ხერხებსა და მეთოდებს გამოიყენებთ, თუ ერთხელ გავლილ გზაზე მეორედ გაივლით?

- ბრძოლის ახალ მეთოდებს ვერ მოვიფიქრებთ. ხელისუფლების შესაცვლელად ორი გზა არსებობს: არჩევნები ან რევოლუცია. როდესაც ადამიანი ხელისუფლებას უზურპირებას უკეთებს, სხვა გზა აღარ რჩება, რევოლუციის გარდა. ჩვენს ბრძოლაში ახალი ის იქნება, რომ აღარ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს და  ჩვენს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებთ. აქამდეც გვქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ერთობლივი გადაწყვეტილების გამო ჩემკენ გამოიშვირეს თითი, იპოდრომი ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება იყოო. არადა, გუნდურად გადავწყვიტეთ.

ძალიან ბევრმა აუწია ხელი იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც განვითარდა მოვლენები ინაუგურაციის დღეს (როდესაც ხალხი არ დავძარით რუსთაველის პროსპექტისკენ). ყველაფერი ჩემზე გადატყდა. როდესაც ჩემზე თავდასხმა დაიწყო, თითებზე ჩამოსათვლელებმა თქვეს,  ეს გადაწყვეტილება მარტო ლევანს არ მიუღიაო. "ქართულ პარტიაში" კი გუნდური პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება. უამისოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. ციხეშიც პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა წავიდეთ. ძალიან სისხლიანია სააკაშვილი და ესეც მოსალოდნელია. პარტიის შემქმნელები ვაცნობიერებთ, რომ  ჩვენთვის და საქართველოსთვის სხვა შანსი აღარ იარსებებს, ეს უკანასკნელი ბრძოლა იქნება.

ასეთ საქართველოში ცხოვრება არ შემიძლია, სხვაგან კი არ მინდა ვიცხოვრო. ჩემს თავს ვერ ვემალები და იმიტომ ჩავერთე გადამწყვეტ ბრძოლაში. მჯერა, სოლიდურ პოლიტიკურ ჯარს შევქმნით, ჯარს, რომელიც ჩვენს თანამებრძოლებს დაიცავს. ყველას დავანახებთ ჩვენი პარტიის ძალას. ჩვენ გვექნება მონოლითური პარტიული სტრუქტურები და ეს იქნება სწორედ ჩვენი პოლიტიკური ჯარი. ლოზუნგი "გადადგეს მიხეილ სააკაშვილი" დაბრუნდა და ამ მიზნის მისაღწევად საერთო ინტერესებით და დისციპლინით ვიბრძოლებთ.

- ხალხი გამოგყვებათ? მას ხომ მრავალჯერ გაუცრუვდა იმედი?

- უხალხოდ ბრძოლას აზრი არა აქვს, ჩვენი ერთადერთი იარაღი ხალხია. ჩვენ და ხალხს საერთო ინტერესი გვაქვს - ამ რეჟიმის დამთავრება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა შედგება. ეს ბრძოლა არ დამთავრდება ამ რეჟიმის შეცვლით. ბრძოლა საქართველოსათვის ამათი წასვლის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ისეთი საქართველო გვაქვს ასაშენებელი, სადაც კეთილდღეობა დამყარდება. დავამტკიცებ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. ამისათვის კონკრეტულ პროგრამას დავდებ და გპირდებით, ამ გეგმას რეალობად ვაქცევ. ჩვენ დავდებთ გეგმას, რას ვაპირებთ ამ ხელისუფლების წასვლის მეორე და მესამე დღეს, წარმოვადგენთ ჩრდილოვან კაბინეტსაც, რომ ხალხმა იცოდეს, ეს ხელისუფლება რომ წავა, ვინ მოვა და რას გააკეთებს...

სააკაშვილის რეჟიმი აღვირახსნილ ძალადობაზეა გადასული. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. სააკაშვილი იმდენი ვლანძღეთ, რომ მისი ლანძღვაც კი დევალვირებულია. ამ რეჟიმის პრიორიტეტი არ არის ქართული სახელმწიფოებრიობა. მათთვის საკუთარი სავარძლებია  პრიორიტეტი. ხალხს იჭერენ, უკანასკნელ ლუკმასა და არსებობის სახსარს ართმევენ იმისათვის, რომ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა თავიანთი სკამები გაიმყარონ, ჯიბეში ფული ჩაიდონ და თავის დროზე მავანთა წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულონ.

სადღაც უტრაბახიათ კიდეც, პროკურატურაა ბიუჯეტის ყველაზე დიდი დონორიო. ეს დიქტატურის მშენებლობაა. ან მთელმა მსოფლიომ უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველოში არის დიქტატურა და არის დიქტატორი, ან ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს რეჟიმი.

სააკაშვილი ამბობს, უსაფრთხოება ნატოშიაო, მაგრამ საფრთხის გარდა მან არაფერი მოგვიტანა. ნატოსკენ აღებულმა კურსმა ტერიტორიის 20% დაგვაკარგვინა. არ ვიცი, ეს რამდენად არის ამერიკული ინტერესი, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოს გამოყენება უნდათ ანტირუსული ისტერიისთვის და ეს არ არის საქართველოს ინტერესში. საქართველო ამით ქართველობას, მიწებს კარგავს. დამოუკიდებლობა რისთვის მინდა? რომ ჩემი საზღვრები მქონდეს და უსაფრთხოდ ვიყო.

ხელისუფლების თამაშის წესებს აღარ შევყვებით. ჩვენ ჩვენი წესები გვექნება და აქეთ შემოგვყვნენ. თუ ხალხის გამოყვანა დაგვჭირდა, აქციები აღარ უნდა იყოს პერმანენტული. გამოვალთ და დავამთავრებთ. იმედი  მაქვს, ამ ბრძოლაში პოლიტიკურ პარტნიორებსაც შევიძენთ.

- კახა შარტავამ განაცხადა, "ქართულ პარტიასთან" საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდებაო.

- ეს არასწორი განცხადება იყო და არ ავყვები. რომ დავსხდებით მე, კახა, გუბაზი და ირაკლი მელაშვილი (ჩვენ ერთ ეზოში ვართ გაზრდილი), ვნახოთ, რას გამოვადნობთ. მათთან შეხვედრამდე კი ევროპაში მივდივართ ირაკლი ოქრუაშვილთან შესახვედრად.