ფინანსთა მინისტრი გიგა ბოკერიას: "ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, გაქვთ შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და..." - კვირის პალიტრა

ფინანსთა მინისტრი გიგა ბოკერიას: "ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, გაქვთ შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები და..."

"ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ,- ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ივანე მაჭავარიანის აღნიშნული რეპლიკა საბანკო რეგულაციებზე საუბრის თემას მოჰყვა.

"ძირითადად ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. გეტყვით მარტივ ენაზე რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ჰყავს, ყველა ვნერვიულობთ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ასეა, ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 23:00 საათამდე დატოვეთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

აღნიშნულზე კი გიგა ბოკერიამ მაჭავარიანს მიმართა, რომ მთავრობას მოქალაქეები ბავშვები ჰგონია.

"ვიცოდი კიდევაც, რომ ბავშვებად მიგაჩნიათ მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მანამდე ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად", - აღნიშნა ბოკერიამ.

ბოკერიას მაჭავარიანმა ურჩია, რომ "ლეიბორისტულ პარტიაში" გადავიდეს.

"თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ მაინცდამაინც ეს გინდათ, თუ არადა "ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"