"აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ის წუხს, რადგან უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს - ეს ჩვეულებრივი ამბავია" - კვირის პალიტრა

"აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ის წუხს, რადგან უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს - ეს ჩვეულებრივი ამბავია"

ჩვენც ვწუხვართ იმაზე, რომ ჩვენი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

"ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ის წუხს იმაზე, რომ უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენც ვწუხვართ, თუმცა მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხების, რაც დაემთხვა. არის ერთი საკითხი, რაშიც ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როდესაც საუბარია არჩევნები ჩატარდეს დახურული თუ ღია კენჭისყრით. ვფიქრობთ, დახურული კენჭისყრით უნდა ჩატარდეს იმის გამო, რომ ზეწოლის ყველანაირი შანსი გამოირიცხოს. მე ვფიქრობ, ამ თარგმანით გარკვეული სპეკულაცია მიმდინარეობს პოლიტიკურ წრეებში. მე არამგონია, რომ თარგმანში დაკარგვაა აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა გარკვეული სპეკულაცია განახორციელონ ამასთან მიმართებაში. რეალობაა ის, რომ მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონპროექტში და რომელიც ამ კანონს აქცევს საერთაშორისო სტანდარტის მაღალი დონის დოკუმენტად. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმ საკითხში ბოლომდე ჩაღრმავება, რომელზეც ვერ მოხერხდა ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციების დამთხვევა. ვენეციის კომისია ყოველთვის გვთხოვდა, რომ სასამართლო სისტემაში კენჭისყრა ყოველთვის დახურულად ჩატარებულიყო, რათა არ ჰქონოდა ზეწოლას ადგილი. გაგრძელდება პროცესი და ყველა იხილავს, რომ შედეგი იქნება პოზიტიური", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"