"ზეიკიძემ ხომ იცოდა, ცოცხალი რომ ვარ და ვუპასუხებდი?!" - კვირის პალიტრა

"ზეიკიძემ ხომ იცოდა, ცოცხალი რომ ვარ და ვუპასუხებდი?!"

"ჟიულიმ იქ ისეთი პიროვნება ნახა, ვინც არ უნდა ენახა და ამიტომ მოკლეს"

"ჯაბასთან ინციდენტის მერე ზეიკიძის ხალხი პოზიციებიდან გაიქცა"

"რომ ამბობს, ჯაბას დათრევა მოვინდომე, მაგრამ ვერ მივწვდიო, ზეიკიძე ამას გაბედავდა?"

"პოლიცია, რომელიც ჩვენ სახელს გვიტეხდა, თვითონ ყაჩაღობდა"

"შევარდნაძემ ჟიული შარტავას გადასარჩენად "ავღანელთა ჯგუფი" გაგზავნა"

"კვირის პალიტრაში" დავით ზეიკიძის ინტერვიუების ციკლის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ყოფილი მხედრიონელი, ჯაბა იოსელიანის დაცვის ყოფილი უფროსი თამაზ ფანჩულიძე ("წესრიგა"), რომელმაც რამდენიმე ფაქტი განმარტა და "მხედრიონისა" და დავით ზეიკიძის ურთიერთობაც გაიხსენა:

- ზეიკიძემ "მხედრიონზე" ამდენი სიბინძურე რომ თქვა, ხომ იცოდა, ცოცხალი რომ ვარ და ვუპასუხებდი? "მხედრიონს" პოლიცია კონკურენტად აღიქვამდა, რადგან საზოგადოებაში მათზე მეტი გავლენა გვქონდა. ჩვენ ყაჩაღები და ბანდიტები არ ვყოფილვართ. ეს იარლიყი მაშინდელმა კორუმპირებულმა პოლიციელებმა მოგვაკერეს. მაშინდელი პოლიცია რომ სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყო, ქვეყანაში იმდენი დანაშაული არ მოხდებოდა. ჩვენთან ყველა ანგელოზი არ ყოფილა, ზოგი ჩვენგანი სცოდავდა კიდეც, მაგრამ უფრო დიდი ცოდვა და დანაშაული პოლიციას მიუძღვის.

"მხედრიონს" მაშინ ბევრი მიეტმასნა. არაერთი დანაშაულიც ჩაუდენიათ "მხედრიონის" სახელით. ვიღაცას დააყაჩაღებდნენ და მძარცველი ამბობდა, მხედრიონელი ვარო. "მხედრიონს" სახელი რომ გასტეხოდა, ბევრი შემოგვიგდეს კიდეც. ძალოვნების აგენტურამ ძალიან კარგად იმუშავა. საბოლოოდ კი ერთ ჯამში მოხარშეს პატიოსანი და გულანთებული ბიჭები, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო (800 მხედრიონელი შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას) და შემოგზავნილი ნაძირალებიც.

"მხედრიონთან" არა მარტო ზეიკიძეს, მთელ პოლიციას ჰქონდა დაპირისპირება. შევარდნაძის განზრახვას, რუსთავის "მხედრიონი" განეიარაღებინა, ჯაბა იოსელიანსა და სახელმწიფოს პირველ პირს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჯაბამ შევარდნაძეს უთხრა, ამდენი დაპირისპირების კერა (სამაჩაბლო, აფხაზეთი და სამეგრელო) გაქვს და კიდევ ახალ დაპირისპირებას ეძებ? გეთქვა და ამ საქმეს სხვანაირად მოვაგვარებდიო. ჯაბამ შევარდნაძე მაშინ დიქტატორობაში დაადანაშაულა. შევარდნაძეს ეწყინა.  გამოაცხადა, გადავდგები და ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავო. ამის შემდეგ ირინა სარიშვილმა მომხრეებს იმელთან მისვლისკენ მოუწოდა. იგივე გააკეთა ზეიკიძემ, რომელმაც პოლიციელები და თავისი მომხრეები შეკრიბა იმელის წინ, სადაც მიტინგი გაიმართა.

სიტყვით ჯერ ირინა სარიშვილი გამოვიდა და ძალიან ცუდად მოიხსენია "მხედრიონი". სარიშვილის გამოსვლა გააბათილა თამაზ კვაჭანტირაძემ, რომელმაც "მხედრიონზე" დადებითად ილაპარაკა. კვაჭანტირაძის შემდეგ ზეიკიძე გამოვიდა და თქვა, - იქ, მესამე სართულზე რომ ზის ზოგიერთი (იქ ჯაბას კაბინეტი იყო), გამოვიდეს კაბინეტიდანო. ამის შემდეგ ჯაბასა და ზეიკიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. აფხაზეთის ომის შემდეგ გაზეთ "სარანგთან" ინტერვიუში ზეიკიძემ აღიარა, რომ მიტინგზე ჯაბას წინააღმდეგ მისი გამოსვლა შევარდნაძის ნაკარნახები იყო.

ეს ამბავი ჯაბამ დათო ზეიკიძეს აფხაზეთის ომის დროს, გენო ადამიას შტაბში გაახსენა, ხომ ხედავ, სადაც არის ჩემი კაბინეტიო. მახსოვს, ზეიკიძე მაშინ შეშინებული იყო და  უპასუხა, ბატონო ჯაბა, ჩემი ნათქვამი სხვანაირად გაიგეთო.

როგორც იცით, აფხაზეთის ომის დროს ქართული და აფხაზური მხარე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. სოხუმში რუსების მონაწილეობით მოლაპარაკება დაიწყო, როგორ დაშორიშორებულიყვნენ დაპირისპირებული ძალები 30 კმ-ით გუმისთიდან. მაშინ ბატონი ჯაბა დეპუტატი იყო და მოლაპარაკებაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, სანდრო კავსაძის თხოვნით ჩაება. შეხვედრა სოხუმის სამხედრო სანატორიუმში დაინიშნა. ბატონ ჯაბას მე, გიგა გელაშვილი და ალეკო ბოჭორიშვილი ვახლდით.

მოლაპარაკებაზე რომ შევედით, რუკა ჰქონდათ გაშლილი და ბჭობდნენ. ათას ვერსიას განიხილავდნენ და ვერ თანხმდებოდნენ. ბატონმა ჯაბამ ყველა შეაჩერა, აიღო სახაზავი და რუკაზე გადაზომა, რომ ჩვენს მხარეს მაჭარკის ხიდამდე უნდა დაეხია მძიმე ტექნიკას, აფხაზებს კი მთელი აღჭურვილობა ახალ ათონამდე უნდა გადაეტანათ. ყველა კმაყოფილი დარჩა. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ ჯაბას წინადადება მიიღეს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი სხვანაირად გათამაშდა.

KvirisPalitra.Geნაცვლად იმისა, ჩვენი შეიარაღება მაჭარკის ხიდამდე გადაეტანათ, ფოთში გადაიტანეს. მაშინ რუსულ ხომალდებს გამალებით გადაჰქონდათ ჩვენი შეიარაღება ფოთში (ამისათვის ჩვენმა ხელისუფლებამ ფულიც გადაუხადა მათ), იქ კი ნახევარზე მეტი ჯართად დაშალეს. აფხაზებმა კი ერთი მეტრითაც არ დაიხიეს გუმისთიდან. განიარაღების ნაცვლად კბილებამდე შეიარაღდნენ.

ამაზე ძალიან გამწარდა ბატონი ჯაბა და თქვა, ეტყობა, ჩემი წინადადება იმიტომ უგულებელყვეს, რომ ოფიციალური პირი არ ვარო. აფხაზეთში ისევ რომ დაიძაბა ვითარება და ხელშეკრულება დაირღვა, ამ დროს "მხედრიონი" სამტრედიაში იყო, რადგან სამეგრელოში რთული ვითარება იყო. ჯაბამ შევარდნაძეს დაურეკა, სად წავიდეო? სოხუმში ჩამოდითო. 200 კაცზე მეტი ჩავედით სოხუმში, სადაც უკვე გააფთრებული ბრძოლა იყო.

შტაბის უფროსთან, გენერალ ზაურ უჩაძესთან მივედით. მძიმე ტექნიკა და არტილერია არა გვაქვს, ავტომატებით ვაკავებთ მოწინააღმდეგესო. ბატონმა ჯაბამ Uუჩაძეს შესთავაზა, აჯობებს, ჩემი მეომრები ერთ მუშტად მყავდეს შეკრული და სადაც გაირღვევა ფრონტის ხაზი, იქ დავეხმარებიო. უჩაძემ კი, აჯობებს, "მხედრიონი" ყველგან გავანაწილოთ, ეს ჯარისკაცებს გაამხნევებსო. გუმისთაზე სატანკო ბატალიონთან კახელების "მხედრიონი" გაიგზავნა გია შიოშვილის მეთაურობით. მე-2 და მე-3 ბატალიონებს შუა დოდო გუგეშაშვილი ჩადგა 40-კაციანი რაზმით, სხვები კი სადგურის წინ მდებარე სახლებში და სოფელ თავისუფლებასთან განლაგდნენ.

ჩვენი პირველი შეტევა შედეგიანი გამოდგა, გუმისთის გაღმა გავედით, მაგრამ აფხაზებს როგორც კი ცუდად წაუვიდათ საქმე, რუსებმა 25 დიდი ავტობუსით შემოიყვანეს ბოევიკები. დამხმარე ძალას კოდორიდან ველოდით, მაგრამ არ მოვიდა, რადგან ზვიად გამსახურდიას მოწოდებას დაემორჩილნენ. მოწინააღმდეგემ გააფთრებით შემოგვიტია. სოხუმის ბრიგადის უფროსის, გენერალ გენო ადამიას შტაბში მივედით და იქ ვნახეთ დავით ზეიკიძე, რომელსაც შეუხვეველი ხელი ბინტით ჩამოეკიდა კისერზე. ჯაბამ იკითხა, დაჭრილიაო? მხედრიონელებმა გვითხრეს, არ ვიცით, რადგან ხანდახან ხელი ეშლება, ხან მარცხენა ხელს იკიდებს კისერზე, ხან მარჯვენასო.

მაშინ ზეიკიძემ მართლაც განაცხადა, თუ იაშთხვასთან დამხმარე ძალას არ მოგვაწოდებთ, პოლიციას პოზიციებიდან მოვხსნიო. ამას ჯაბას სავსებით ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა, რას ჰქვია ფრონტიდან პოლიციელებს მოხსნიო. წაკამათდნენ.

რომ ამბობს, ჯაბას დათრევა მოვინდომე, მაგრამ ვერ მივწვდიო, ზეიკიძე ამას გაბედავდა? მე არ დავუშვებდი ამას. ეტყობა, ზეიკიძემ გადაწყვიტა, თავი გმირად გამოიყვანოს, ნახეთ, ჯაბას როგორ ვეწინააღმდეგებოდიო.

ამბობს, გენშტაბის სხდომაზე ტარიელ შარიფაშვილი შემოვიდა ჩხუბით, "მხედრიონმა" ისევ შეგვატოვა მოწინააღმდეგესო. სადგურთან, სადაც ტარიელ შარიფაშვილის გვარდიის ბატალიონი იდგა,  გლდანის "მხედრიონი" იბრძოდა "კომისარას" მეთაურობით. იქ გააფთრებული ბრძოლა იყო და გვარდია არავის მიუტოვებია. ტარიელ შარიფაშვილი აღელვებული იმის გამო იყო, რომ რეზერვი, დამხმარე ძალა არ ჩანდა. ცხონებული ტარიელ შარიფაშვილი კარგი მეომარი იყო და "მხედრიონზე" არ უთქვამს ის, რაც ზეიკიძემ მოგვაკერა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბრძოლისას, როდესაც ტარიელ შარიფაშვილი მოკლეს, ის დოდო გუგეშაშვილით შევცვალეთ. დოდო იქ ბოლომდე იბრძოდა.

გენშტაბის სხდომაზე ზეიკიძისა და ჯაბას შელაპარაკების მერე იაშთხვიდან თვითნებურად მოიხსნა პოლიცია პოზიციიდან. ზეიკიძე ამბობს, ვაკავებდი პოლიციელებს, მაგრამ ხმა ვერ მივაწვდინეო. არ ვიცი, ზეიკიძის ბრძანებით იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, ჯაბასთან ინციდენტის მერე ზეიკიძის ხალხი პოზიციებიდან გაიქცა. მათ ნაცვლად გვარდიელები დავაყენეთ. თუ არ ვცდები, ტარიელ აბუაშვილის მეთაურობით. ჩემი აზრით, პოლიციის ომში გამოყენება დიდი შეცდომა იყო.

ამის დასტურად ერთ ფაქტს გავიხსენებ: 1993 წლის აგვისტოში, როდესაც კიტოვანი რკინიგზის დასაცავად შევიდა აფხაზეთში, ზეიკიძე მასთან ერთად იყო თბილისის პოლიციელებით, მაგრამ მსვლელობის დროს ზეიკიძემ გალის მიდამოებში გვერდი აუარა კოლონას, დაწინაურდა და სოფელ ოხურეისთან შეტაკება მოუვიდა აფხაზ ბოევიკებთან, რომელთაც ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას. ამას პოლიციელთა მსხვერპლი მოჰყვა. ასე რომ, აფხაზებთან პირველი შეტაკება სწორედ დათო ზეიკიძეს მოუვიდა. ამის მერე მოაბრუნა პოლიციელები, თბილისში წამოვიდა და თქვა, ომი რა პოლიციის საქმეაო. ნეტავ ამ აზრზე დარჩენილიყო ბოლომდე.

ზეიკიძე რომ ამბობს, ჯაბა იოსელიანთან სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მქონდა დაპირისპირებაო, სინამდვილეში ჯაბასთან კი არა, მთელ "მხედრიონთან" იყო დაპირისპირებული. პოლიცია ვერ გვიტანდა, რადგან ბევრ რამეში ვჯობდით. წალენჯიხის ამბების დროსაც ზვიად გამსახურდიას ბანდფორმირებების აღკვეთა პოლიციის საქმე იყო, მაგრამ რადგან პოლიცია ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთებამ.

დათო ზეიკიძე ამბობს, ჯაბა ჯენტლმენი იყო, რაც სიმპათიას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაკლი ჰქონდაო. რა ნაკლი ჰქონდა ჯაბა იოსელიანს, დამისახელოს ერთი მაინც? ალბათ, იტყვის, "კანონიერი ქურდი" იყოო.

მინდა, ვურჩიო ბატონ ზეიკიძეს, უამრავი ნაკლი საკუთარ თავში მოიკითხოს და წაიკითხოს ჯაბა იოსელიანის "სამი განზომილება", სადაც ძალიან კარგად ჩანს მისი (ზეიკიძის) უამრავი ნაკლი.  24 საათის განმავლობაში ჯაბა იოსელიანის გვერდით ვიყავი. ის  სამშობლოსათვის თავდადებული კაცი იყო. რაც შეეხება ჯაბას კანონიერ ქურდობას, მან 39 წლისამ შეცვალა თავისი ცხოვრება. კKანონიერ ქურდობას რომ უხსენებენ, რატომ არავინ დაინტერესდა, რატომ დაადგა შავი სამყაროს გზას. 14 წლის ბიჭი ციხეში იმის გამო მოხვდა, რომ ომის დროს რადიოს უსმენდა. ბატონი ჯაბა ამბობდა, ან კომკავშირელი უნდა ვყოფილიყავი, ან ქურდი. რადგან კომუნისტებს ვერ ვიტანდი, პროტესტის ნიშნად ავირჩიე შავი სამყაროო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ბატონ ჯაბას არასოდეს წაუქეზებია მხედრიონელები ყაჩაღობისკენ. პირიქით, ძალიან მკაცრად რეაგირებდა ყაჩაღობაზე. პოლიცია, რომელიც ჩვენ სახელს გვიტეხდა, თვითონ ყაჩაღობდა,

ბევრჯერ დაგვიჭერია ფაქტზე. ერთხელ წალენჯიხაში ქალი მოვარდა ჯაბა იოსელიანთან, ერთ ოჯახს აყაჩაღებენ, ავეჯი გააქვთო. წავედით და ვნახეთ, პოლიციელებს როგორ გამოჰქონდათ სახლიდან ავეჯი. ქუთაისის პოლიციელები აღმოჩნდნენ.

არც ის არის სიმართლე, რომ სოხუმი ბოლოს პოლიციამ დატოვა. სოხუმი უკვე ეცემოდა. 25-26 სექტემბრის ღამეს შუქურასთან მე-6 ბატალიონი იდგა. მან უკან დაიხია, რადგან ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა. მაშინ ძველი ტურბაზის წინ, 11-სართულიან შენობებში ბორია ივანოვის სამხედრო პოლიცია იყო. ისინი იდგნენ იქ ბოლომდე, მაგრამ რადგან დამხმარე არ ჰყავდათ, 26 სექტემბერს პოზიცია დატოვეს და წითელი ხიდით გავიდნენ სოხუმიდან. ბატონი ჯაბა ცდილობდა, მეომრები და პოლიციელები შეეჩერებინა თავდაცვითი ზოლის გასაკეთებლად, მაგრამ ვერ მოხერხდა, მეომრები ფსიქოლოგიურად იყვნენ გატეხილი.

სწორი არ არის დავით ზეიკიძის ნაამბობი ჟიული შარტავაზეც. ის შევარდნაძეს არ გაუგზავნია მინისტრთა საბჭოს შენობაში. მან თავად მოინდომა იქ დარჩენა, იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი ხალხიაო. ზეიკიძე ამბობს, ჟიული შარტავას დაცვა არ ჰყავდაო. სინამდვილეში კარგად გაწვრთნილი 10 კაცზე მეტი ჰყავდა. როდესაც მინისტრთა საბჭოსთან ვითარება გამწვავდა, ბატონმა ედუარდმა ჟიული შარტავას წამოსაყვანად წასვლა მოინდომა. ჯაბამ შესთავაზა, მე წავალო, მაგრამ შევარდნაძემ, არა, მე უნდა გამოვიყვანოო.

26 სექტემბერს შებინდებული იყო, თეთრ "ჟიგულიში" ჩავსვი შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი. წესით, პირველი პირის დაცვის უფროსი უნდა დამჯდარიყო მანქანაში წინ, მაგრამ ის ცოტა შეყოყმანდა და მე დავჯექი. კოლონა გავაკეთეთ და წავედით.

მინისტრთა საბჭოსთან მისვლას 50 მეტრი გვაკლდა, რომ სროლა ატყდა, კოლონა გავაჩერე და ბატონ ედუარდს ვუთხარი, ვერ შეგიყვანთ შენობაში, რადგან თუ შევალთ, უკან ვეღარ გამოვალთ. კოლონა უნდა მივატრიალო-მეთქი. შევარდნაძემ 10-15 წამი მიყურა და ბოლოს თავი დამიქნია.

კოლონა შემოვატრიალეთ და სინოპისკენ წავედით. მაშინ ჩვენთან ერთად იყვნენ კოტე გაბაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და ყველა მაღალჩინოსანი. დილით თითქმის ალყაში იყო მინისტრთა საბჭოს შენობა. ჟიული შარტავას დავურეკეთ, ალყის გასარღვევად შევარდნაძე აგზავნის ავღანელების ჯგუფს გურამ ჯანიაშვილის მეთაურობითო. გურამ ჯანიაშვილმა მართლაც გაარღვია ალყა, გააკეთა კორიდორი.

შეხვდა ჟიული შარტავას და უთხრა, უნდა წამომყვეთო. სამშვიდობოს უნდა გამოსულიყვნენ, რომ მინისტრთა საბჭოს შენობას ყუმბარა მოხვდა და იმის ნაცვლად, ჯანიაშვილს გამოჰყოლოდნენ, დაცვამ ჟიული შარტავა უკან შეაბრუნა. მერე იქიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდა. გურამ ჯანიაშვილი მეორედ ვეღარ გააკეთებდა კორიდორს.

ჟიული შარტავას დავურეკეთ და ცხონებული აქეთ გვაწყნარებდა, აფხაზებთანაც კარგად ვარ და რუსებთანაც, ჩემ გამო ნუ ინერვიულებთ, არაფერს დამიშავებენო. რას წარმოიდგენდა, თუ გაწირავდნენ. ვინც ჟიულისთან ერთად არ ჩაეტია მანქანაში, სცემეს და დახოცეს. ჟიული შარტავა კი მამია ალასანიასთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად წაიყვანეს გუდაუთისკენ. არის ორი ვერსია: ისინი გზაში გააჩერეს და დახვრიტეს, ან ჟიული შარტავა გუდაუთაში ჩაიყვანეს, მაგრამ იქ ისეთი პიროვნება ნახა, ვინც არ უნდა ენახა და ამიტომ მოკლეს.

(გაგრძელება იქნება)

მარი ზანდუკელი