ტეხასური ქათამი, ხაშლამა, ლობიო და ხეჭეჭური - კვირის პალიტრა

ტეხასური ქათამი, ხაშლამა, ლობიო და ხეჭეჭური

წინა კვირას ორშაბათის დილა ცოლის ტრადიციული წუწუნით დაიწყო: დღეს სადილად რა გავაკეთო, თავი მეტკინა ფიქრით, რამე იდეა მომაწოდეო. ის იყო, თავის მტვრევა მეც დავიწყე, რომ "იმედის" ეკრანზე შემწვარი ქათამი და თბილისის მერი გიგი უგულავა გამოჩნდნენ.

მართალია, არ გვაჩვენეს, მოაგლიჯა თუ არა მერმა ქათამს ბარკალი, მაგრამ ქათმებზე და თანაც ტეხასურზე, ისე მადისაღმძვრელად ლაპარაკობდა, შეუძლებელი იყო, არ მოგნდომებოდა. თბილისში ახალი, სწრაფი კვების ობიექტი გახსნილა, სახელად "ტეხასური ქათამი". აბა, მისი გახსნა ისე როგორ ჩაივლიდა, იქ ან პრეზიდენტი, ან ქალაქის მერი მაინც არ მისულიყო. "ტეხასური ქათამი", როგორც ჩანს, მინიმალურად დააფასეს. თუმცა, ეს რა ჩემი საქმეა. პირადად მე მთავრობის მადლიერი ვარ, - უკვე ვიცოდი, იმ დღეს სადილზე რას შევჭამდი.

თქვენ ფიქრობთ, სულ ეს იყო მთავრობის დახმარება? როგორ გეკადრებათ! ხელისუფლება ამ საქმეში ბოლომდე დამიდგა მხარში. ოთხშაბათი რომ გათენდა, დამხმარედ უკვე პრეზიდენტი მომევლინა. ნატახტარში ჩავიდა, ხორცის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა და საინტერესოდ ილაპარაკა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, იმაზე, რომ ქართველებმა საჭმლის კეთება არ ვიცით, აწი უნდა ვისწავლოთ და განვვითარდეთ, რომ მეტად მნიშვნელოვანია ხორცპროდუქტების კარგი დამუშავება. ასე რომ, უკვე ვიცოდი, იმ დღეს სადილად ხაშლამა მექნებოდა.

აჰა, დადგა ხუთშაბათიც და ცოლიც ისევ აწუწუნდა, ამდენი ხორცი ყელში ამოვიდა, ახლა რამე უხორცო მოვიფიქროთო. - მოიცა, - ვუთხარი მე, - რისთვის გვყავს მთავრობა, მოგვაწვდის იდეას-მეთქი. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ პრეზიდენტი მცხეთის სალობიეს ეზოში იდგა... "ე, ქალო, ლობიო!" - შევძახე გახარებულმა. მოკლედ,  საღამოს ლობიონაჭამები დესერტზე ვფიქრობდით, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ხეჭეჭური ახსენა. ჩვენი საქმე ხეჭეჭურივითაა, ნაყოფს გვიან გამოისხამსო. უფ, რა გემრიელი იქნება ახლა ლობიოზე ხეჭეჭურის დაყოლება?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა...

პირდაპირ ვიტყვი, ინგლისურის პირველივე კლასიდან სწავლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ეს მართლაც საჭირო საქმეა. ამით მშობლებსაც გავუადვილებთ საქმეს, რომლებიც კერძო მასწავლებლებთან უამრავ ფულს ხარჯავდნენ, რომ შვილისთვის ინგლისური ესწავლებინათ. უფრო მეტიც, ეს საქმე ადრეც უნდა გაგვეკეთებინა. ვერაფრით ვერ ვხვდები, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რატომ იყო ქართულ სკოლებში რუსული ენა სავალდებულო საგანი? ან რატომ გვიყიჟინებდა და დღემდე გვიყიჟინებს ზოგიერთი, რუსული ენის გარეშე ვერ გადავრჩებითო, მაშინ, როდესაც თავად რუსები გამწარებული სწავლობენ ინგლისურ ენას და ათასნაირ მეთოდს იგონებენ, უკეთ რომ შეისწავლონ.

რუსული უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ სურვილის მიხედვით და მხოლოდ როგორც მეორე უცხო ენა. დრომ ასე მოიტანა, - ინგლისური მართლაც მსოფლიო ენად იქცა და როგორც უკვე ვთქვი, თავად რუსები ჩვენზე მეტი გაცხოველებით ეწაფებიან მას. აქ ბევრი კითხვა არ ჩნდება. კითხვები სხვა კუთხით მებადება: ბავშვების ამბავი გასაგებია, მაგრამ რატომ ვთხოვთ ინგლისურს უკვე ასაკოვან პროფესიონალებს?

რატომ ვაიძულებთ სამოცი წლის ქართული ენის მასწავლებელს ინგლისური ისწავლოს? გასაგებია, რომ მათთვის ინგლისურის სწავლება სავალდებულო არ არის, მაგრამ როდესაც მის კოლეგას 200 ლარს ვუმატებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისური იცის, ეს დისკრიმინაცია მგონია(!) თუ სამოცი წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კარგად იცის საგანი, კარგად ასწავლის, რატომ უნდა აიღოს თავის გაცილებით უტვინო კოლეგაზე ორასი ლარით ნაკლები? მხოლოდ იმიტომ, რომ მან ინგლისური იცის?

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ინგლისურის ყველასთვის სწავლება კარგია, მაგრამ ეს იდეოლოგიის დონემდე არ უნდა ავიყვანოთ. პრეზიდენტს კი საქმე ისე მიჰყავს, ყველამ, ვინც ინგლისური არ იცის, თავი მეორეხარისხოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. მალე, ალბათ, გვეტყვის, ნამდვილი ქართველი ვერ იქნები, თუ ინგლისური არ იციო. ან უფრო პოეტურად: მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,  რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,  ვინც ვერ ახერხებს ინ ენგლისჰ წერას, კითხვას და ლაპარაკს.

KvirisPalitra.Geოფისი ჩვენი ბრწყინვალებისა

მას შემდეგ, რაც ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტიის" შექმნის ამბავი გამოცხადდა, ჟურნალისტები სულ იმას კითხულობენ, რითი იქნება ეს პარტია განსხვავებული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ანუ რას შესთავაზებს იგი ამომრჩეველს განსხვავებულს. ბრძოლას? უფ, ბრძოლის დაპირება იმდენი გვინახავს, მათ შორის - ამ პარტიაში თავმოყრილი ლიდერებისგან, რამდენიც გინდათ. ახალ სახეებს?

რა ვიცი, ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი ოქრუაშვილი თუ ახალი სახეა, კი ბატონო, ან იქნებ პოლიტიკის შავი ხვრელიდან დღის სინათლეზე გამოსული ეროსი კიწმარიშვილია სიახლე? ან იქნებ "გრეჩიხა", რომელსაც შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა არა აქვს მითითებული? იქნებ ახალ-ახალ სტრატეგიას გვთავაზობენ, რომლის  შესახებ ჯერ მგონი თავადაც არ იციან? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვეუბნებიან. მოკლედ, ჟურნალისტები ბევრს ეცადნენ, რაიმე განსხვავება ეპოვათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. უფრო სწორად, სხვები ვერაფერს გახდნენ, თორემ მე კი მივხვდი, რაც არის მთავარი განსხვავება.

ოფისი, ბატონებო, ოფისი!  - ყველა ოპოზიციური პარტიის ოფისზე დიდი და ფეშენებელური. აბა, ვის აქვს ასეთი შტაბბინა ოპოზიციურ სპექტრში, თან ქალაქის ცენტრში? ერთი "ახლებს" ჰქონდათ დიდი ფართობი და ისიც სადღაც გადაკარგულში. ოპოზიციურ პარტიებს ვინ ჩივის, ასეთი ოფისი "ნაციონალურ მოძრაობასაც" არა აქვს. აი, სად მოუძებნეს მათ მმართველ ძალას სუსტი წერტილი. პირდაპირ აპერკოტი ამოსცხეს.

ახლა ხომ ყველა ნახავს, რომ "ნაცები" სულაც არ არიან ყველაზე ძლევამოსილი.  მოკლედ, თბილისს არ შემორჩა ქართველ მეფეთა სასახლე, სამაგიეროდ, ისტორიას, როგორც ძეგლი, აუცილებლად დარჩება "ქართული პარტიის" ოფისი, საიდანაც, როგორც გვპირდებიან, მიშას დასასრული დაიწყება. მერე, ალბათ, იქ მუზეუმსაც მოაწყობენ, მანამდე კი დავტკბეთ მათი ოფისის ბრწყინვალებით და ვიმარჩიელოთ (რადგან თვითონ არ ამბობენ) საიდან აქვთ მისი ქირის გადასახდელი ფული.