"უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს, ნორმალური ამბავია?!" - რა ხდება დავით გარეჯის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე - კვირის პალიტრა

"უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს, ნორმალური ამბავია?!" - რა ხდება დავით გარეჯის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის

ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ - მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?" - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება.

"უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე, ნორმალური ამბავია?! ხალხს ისევ არ უშვებენ. მომლოცველები ადიან და არ უშვებენ მესაზღვრეები", - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მას შემდეგ ჰქონდა, რაც ინფორმაციები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე მედიაში გავრცელდა.

"ახლა რომ გამძაფრდა ვითარება, გავიდა ინფორმაცია, ხალხი აღელდა, გამოიღვიძეს. მეუბნებიან - დღევანდელი დღე გვაცადეთ და ყველაფერს მოვაგვარებთო, ჩვენმა საგარეომ და შსს-მ. მე ასე მარტივად არ ვუჯერებ, მწარე გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში, თუმცა ვნახოთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ფაქტზე განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება. მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სუტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის.

იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ მოცემულ მონაკვეთზე და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით