პიარდაჭერა 97 მილიონის სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

პიარდაჭერა 97 მილიონის სანაცვლოდ?

რამდენიმე დღის წინ ქართველმა სამართალდამცველებმა ებრაელი ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დააკავეს. ინფორმაცია ქართული მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიზნესმენების დაკავების შესახებ ინფორმაცია ებრაულმა სააგენტომ გაავრცელა. ებრაელ ბიზნესმენებს ბრალად ქრთამის მიცემა ედებათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით მათ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბერძენი ბიზნესმენი იოანის კარდასოპოლუსი კი იძებნება.

ვერ გეტყვით, რით დასრულდება ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ისტორია, მაგრამ "კვირის პალიტრის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მალე ამ საქმეზე შესაძლოა საერთაშორისო სკანდალი ატყდეს.

ეს ამბავი 1991 წელს დაიწყო, როცა ებრაელი ბიზნესმენი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ჩამოვიდა. რონი ფუქსი მაშინდელი მთავრობისა და "საქნავთობის" ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში არსებული მილსადენების სრული მენეჯმენტი მოითხოვა. წლისთავზე "ტრამექსმა" საქართველოში არსებულ ყველა მილსადენზე ექსკლუზიური უფლება მიიღო.

როგორც მაშინდელი მთავრობის წარმომადგენელი თენგიზ სიგუა ამბობს, მას გაფრთხილებული ჰყავდა ყველა უწყების ხელმძღვანელი, რომ ექსკლუზიური უფლება არავისთვის მიეცათ (მაშინ საინტერესოა, ვინ მისცა ექსკლუზივი "ტრამექსს"). 1996 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში ბი-პი შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.

ამის გამო "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს. დავა დიდხანს გაგრძელდა. 2010 წლის თებერვალში ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ჩვენს ქვეყანას 97 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა "ტრამექსის" სასარგებლოდ. გამოძიების ინფორმაციით, ზეევ ფრენკელი ფინანსთა სამინისტროში შეხვდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს (ავთანდილ ხარაიძეს) და რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სახელით შესთავაზა ქრთამი 5 მლნ აშშ დოლარი, თუკი საქართველოს მთავრობა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა.

2010 წლის 15 სექტემბერს რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სტამბოლში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ამჯერად 7 მლნ აშშ დოლარი შესთავაზეს. 2010 წლის 14 ოქტომბერს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმში და ხარაიძეს დაუდასტურეს მზადყოფნა 7 მლნ აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე.

გამოძიების ვერსიისაგან განსხვავებით, სულ სხვა ვერსია აქვთ ბიზნესმენებს. თუკი მათი ვერსიის სიმართლე დადასტურდა, საერთაშორისო სკანდალი არ აგვცდება. კერძოდ, ებრაელი ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლებას წინასწარგამიზნულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ, შემსრულებლად კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ასახელებენ!!!

არჩილ კბილაშვილი, დაკავებული ბიზნესმენების ადვოკატი: - არსებობს დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსს საერთაშორისო არბიტრაჟშIი მოგებული აქვთ დაახლოებით 100 მლნ დოლარი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ ამ მოგებული თანხის  გამო მიმდინარეობდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ფინანსთა  მინისტრის მოადგილესა და დაკავებულ პირებს შორის. საქმე ის არის, რომ მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო იმ მიზნით, რომ 97 მლნ-ის ნაცვლად ქვეყანას უფრო ნაკლები (კონკრეტულად, 50-დან 85 მლნ-მდე) გადაეხადა.

საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ფუქსი და კარდასოპოლუსი 72 მილიონით დაკმაყოფილდებოდნენ, იმ პირობით, რომ თანხის გადახდას საქართველო არ გააჭიანურებდა. მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ  როგორც ქართველი, ასევე ინგლისელი ადვოკატები. შეთანხმების ტექსტიც შემუშავდა და ვიზირებული იქნა. რონი ფუქსი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ოფიციალურად მოიწვია საქართველოში მოსალაპარაკებლად(!). ახლა კი მას ბრალს სდებენ, რომ შეთანხმებული 72 მილიონიდან 7 მილიონი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამად შესთავაზა. ბიზნესმენების განმარტებით, ქრთამი ხარაიძისთვის არ შეუთავაზებიათ.

სინამდვილეში 72 მილიონიდან 65-ს ბიზნესმენები მიიღებდნენ, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ იხდიდა სახელმწიფო ამხელა თანხას, დაიგეგმა პიარაქცია. კერძოდ, უნდა გამოცხადებულიყო, რომ გადახდილი თანხის ნაწილს (ანუ 7 მილიონ დოლარს) ბიზნესმენები ისევ საქართველოში დატოვებდნენ ინვესტიციის სახით. ეს იყო საქართველოს მთავრობის მიერ დაყენებული პირობა. ამას კი ახლა ბრალდების მხარე ქრთამის შეთავაზებად ნათლავს. ბიზნესმენებმა სასამართლოშიI 97 მილიონი მოიგეს და საქართველოსთან სავაჭროდ ნამდვილად არ ჰქონდათ საქმე.

ხელისუფლება კი ამას იმით ხსნიდა, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებდა სახელმწიფო თავის გამართლებას საზოგადოების წინაშე. ერთი სიტყვით, სქემა და პირობები შეთანხმდა და იურისტებმა ხელშეკრულებები მოამზადეს, მაგრამ რონი ფუქსი საქართველოს ხელისუფლებას, ჩანს, მაინც არ ენდობოდა  და გარანტიებს ითხოვდა.

ამის  გამო პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად, საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული პერსონალური მოსაწვევი გაუგზავნა რონი ფუქსს და საქართველოში, როგორც პირადი სტუმარი, მოიწვია. ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრს ენდნენ და საქართველოში ჩამოფრინდნენ, სადაც დააკავეს კიდეც.

ებრაელი ბიზნესმენების ვარაუდით, მალე საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, პროკურატურა მათ შესთავაზებს თავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან სასამართლოში მოგებულ მილიონებზე.

სკანდალი განელებულიც არ იყო, რომ სამართალდამცველებმა ახალი ინფორმაცია ამცნეს საზოგადოებას. ამჯერად შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარლამენტის ყოფილი წევრი ედვარდ სურმანიძე დააკავეს. მას გერმანელი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვაში ედება ბრალი. დაკავებული არიან ასევე გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, მათ გერმანელ ინვესტორს "უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დაშინებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 270 ათასი აშშ დოლარის გადახდას აიძულებდნენ.

კუდ-მა ვიდეომასალაც გაავრცელა. მასალის მიხედვით, გერმანელმა ინვესტორმა კალიფორნიაში სახლი გაყიდა, რომ ედვარდ სურმანიძისა და სხვა ეჭვმიტანილებისთვის თანხა გადაეხადა. დაზარალებული უცხოელის თქმით, სურმანიძე თანამზრახველებთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ედვარდ სურმანიძის დაკავება უშუალო კავშირშია ებრაელი ბიზნესმენების სკანდალურ საქმესთან.

პროკურატურა ინფორმაციას ასაიდუმლოებს, მაგრამ ფარულ ჩანაწერში, რომელიც საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, რონი ფუქსი ასახელებს ვიღაც გერმანელ ბიზნესმენს, რომელსაც "ერთი ლიმონი უნდა გადაუხადოს". ჩვენი ინფორმაციით, სურმანიძის წინააღმდეგ ჩვენება სწორედ ამ გერმანელმა ბიზნესმენმა მისცა. რა ბინძური გარიგება იმალება ამ ამბის უკან, ჯერჯერობით უცნობია.