"აზერბაიჯანელი მესაზღვრის ხასიათზეა დამოკიდებული შევალთ თუ არა უდაბნოს მონასტერში..." - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანელი მესაზღვრის ხასიათზეა დამოკიდებული შევალთ თუ არა უდაბნოს მონასტერში..."

"დღეს იცით, როგორი ვითარებაა? აზერბაიჯანელების 100-კაციანი ყაზარმის წინ ქართველების 4-კაციანი "ვაგონი" დგას"

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია, თუმცა მესაზღვრეები ისევ რჩებიან და ბილიკის მშენებლობას აგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია 25 აპრილს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა გაავრცელა. მისი თქმით, სასულიერო პირებსაც არ უშვებდნენ მონასტერში. მისივე განცხადებით, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. (იხილეთ სრულად)

ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.

"მონასტერთან მისასვლელი ორივე მხარე გადაკეტეს. კელიებში შესვლა ვერ ხერხდება. ასეთი რამ ძირითადად დღესასწაულებზე ხდება. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შესაძლოა, თვეში ერთხელ მომხდარიყო მსგავსი რამ: ამოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინ ერთ-ორი საათით დადგებოდნენ, მერე ბაზაზე ბრუნდებოდნენ და არა ასე, დილიდან საღამომდე რომ ჩაეკეტათ აქაურობა. ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა ხანგრძლივი დროით ჩაკეტეს, მაგრამ მაშინ არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, უბრალოდ იდგნენ. ახლა კი რაღაცას აშენებენ და თხრიან, ბილიკი გაჰყავთ, რომ პატრულირება განახორციელონ. ეს აქ ფეხის მოკიდების მცდელობაა, ისევე, როგორც ჩიჩხიტურის მონასტერზე მოხდა. ბილიკის გაყვანამდე მათ ქედზე გადასვლა და შედარებით დიდი მანძილის გავლა უწევთ, ბილიკის გაყვანის შემდეგ კი გზას იმოკლებენ, ეს ბილიკი აღდგომის ტაძართან ამოდის. ღმერთმა ქნას, ეს დროებითი მოვლენა იყოს. არ ვიცით, რა გეგმა აქვთ, ეჭვის დონეზე ვიცით, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილად უნდათ, გამოაცხადონ. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები მუდმივად ამაზე საუბრობენ", - ამის შესახებ ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ გვიამბო. მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს, თუმცა ბილიკის მშენებლობა რამდენჯერმე განაახლეს და შეაჩერეს.

- ზვიად, როგორც ვიცი, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით თქვენ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ესაუბრეთ. რას ამბობენ ისინი? - ამბობენ პრობლემა აღარ იქნება და შეგვიძლია ნებისმიერ დროს მოვინახულოთ უდაბნოს მონასტერი. ჩვენ აქ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით ვრჩებითო. გზის გადაკეტვის მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარეჯში ვიზიტი და დემარკაციაზე საუბარი იყო.

- მათთან საუბრისას თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- კეთილი ნება გამოიჩინეს. როდესაც გზა გადაიკეტა და ჩვენი მხარე აზერბაიჯანის სასაზღვრო სექტორს ესაუბრა, მათ თქვეს, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება გზის გახსნის თხოვნით მოგვმართავსო. ე.ი. მათ თავიანთი უპირატესი მდგომარეობა გვაგძნობინეს, ჩვენ უნდა ვთხოვოთ, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და შეგვიშვებენ.

- მსგავსი პრობლემა ადრეც თუ მომხდარა? - ამ ამბავს ახლა მოჰყვა ასეთი სკანდალი, თორემ ჩვენ აქ სულ ასეთ პრობლემებს ვაწყდებით. აზერბაიჯანელი მესაზღვრის ხასიათზეა დამოკიდებული შეგიშვებენ თუ არ შეგიშვებენ. რამდენჯერმე იქ მიყვანილი ტურისტი უკან გამომიბრუნეს.

- შარშან ზაფხულში, წვიმამ უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი მონაკვეთი ჩამოშალა, მაშინ თქვენ მისი შეკეთება მოინდომეთ, თუმცა აზერბაიჯენულმა მხარემ ამის უფლება არ მოგცათ. ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ? - მდგომარეობა უცვლელია. შეკეთების კი არა, გასუფთავების უფლებაც არ მოგვცეს. ახლა დავა უდაბნოს მონასტერზეა, ჩიჩხიტური კი ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით, კლდის ფერდობზეა. უდაბნოს მონასტერი მრავალ ეკლესია-სენაკს მოიცავს. აქ არის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც უნიკალური, 856-864 წლებში შესრულებული ფრესკებია. ასევე, უნიკალური ფრესკული მოხატულობაა შემორჩენილი ჩიჩხიტურშიც. დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ნადგურდება, ინგრევა, იშლება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ, უფრო სწორად, უფლებას არ გვაძლევენ, რომ ეს ისტორიული საგანძური შევინარჩუნოთ.

დავით გარეჯის მონასტრის მოძღვრები სულ იბრძვიან, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს ხდებიან. ჩიჩხიტურის მონასტერს ძალიან ლამაზი, უნიკალური სამეთვალყურეო კოშკი აქვს. ბერებმა მოინდომეს მისი აღდგენა და ხარაჩოებში ჩასვეს. აზერბაიჯანელებმა მაშინვე გააპროტესტეს, სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვიდნენ და ხარაჩოების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოითხოვეს. თურმე, ნუ იტყვით და სასაზღვრო ზოლში არაფრის აშენება არ შეიძლება. ამის შემდეგ ძალიან მალე, იმავე სასაზღვრო ზოლში, ჩიჩხიტურის მონასტრიდან 2 კილომეტრში ასკაციანი ბაზა ააშენეს და 24-საათიანი მეთვალყურეობა დააწესეს. ჩვენ ისტორიული ძეგლის გადარჩენით კანონს არ ვარღვევდით, მაგრამ პასუხი მოგვთხოვეს. აზერბაიჯანულმა მხარემ კი კანონი ნამდვილად დაარღვია (საზღვართან ამხელა ბაზის აშენება მართლა არ შეიძლება), მაგრამ მათ პასუხს არავინ სთხოვს. დღეს იცით, როგორი ვითარებაა? აზერბაიჯანელების 100-კაციანი ყაზარმის წინ ქართველების 4-კაციანი "ვაგონი" დგას. ჩვენი სამხედროები იქ მხოლოდ ფორმალურად დგანან, არაფრის უფლება არ აქვთ. თუ ქართულ მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრე არ შეგიშვებს, ქართველს უფლება არა აქვს, შეეკამათოს. ეს პრობლემა არ მოგვარდება, ვიდრე დემარკაცია არ მოხდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აქ "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად იყო. "ევროპა ნოსტრამ" დავით გარეჯი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოაცხადა. აზერბაჯანლებს ეს არ მოსწონთ, მათ ყველაფერი იქით მიჰყავთ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური საბოლოოდ ალბანურ მემკვიდრეობად გამოცხადდეს.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის მხარემაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლეილა აბდულაევას განცხადებით, "აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი".

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)