პუტინი "ლილიპუტინი" თუ "პუსტინი"? - კვირის პალიტრა

პუტინი "ლილიპუტინი" თუ "პუსტინი"?

სააკაშვილი 100%-ით მართალია

გუსული პროპაგანდის მტკიცებით, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ვლადიმირ პუტინი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს მას შემდეგ გადაეკიდნენ, რაც მიშამ ვოვას "ლილიპუტინი" უწოდა.

უფრო ზუსტად, კრემლთან დაახლოებული რუსი პოლიტტექნოლოგების მტკიცებით, ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა სააკაშვილს პუტინთან პირველი შეხვედრის შემდეგ ჰკითხა: "როგორ მოგეწონა პუტინიო". თურმე, ქართველ პრეზიდენტს ხელი ჩაუქნევია და უთქვამს: "ეეეე, ნუ ლილიპუტინია რა". Eეს ამბავი პუტინამდეც მისულა და მასაც მიშასთვის შემოუთვლია: "სიმაღლე რაიმეს რომ წყვეტდეს, მსოფლიო ლიდერები კალათბურთელები იქნებოდნენო". მეორე ვერსიით, პუტინმა მიშას "უთავო მხედარი" უწოდა.

ზემოხსენებულ ჭორზე სააკაშვილი ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას ამტკიცებს, რომ პუტინისთვის "ლილიპუტინი"” არასოდეს უწოდებია.

"ეს უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი მითია. სხვაც ბევრი გამიგია და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი თავად პუტინმა მოიფიქრა", - განუცხადა სააკაშვილმა უკრაინულ ყვითელ გამოცემა  "ბულვარ გორდონას".

სააკაშვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს თუ გადავხედავთ, ის სიცრუის დეტექტორზე რომ შეაერთო, შესაძლოა, მოწყობილობამ ფეხები აიდგას და გაიქცეს. თუმცა, "ლილიპუტინთან" დაკავშირებული შემთხვევა გამონაკლისია - მიხეილ სააკაშვილი 100 პროცენტით მართალია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქართულ პრესას არ სწყალობს, ერთ "მაშველ რგოლს" მაინც გადავუგდებთ - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამის თანამდებობის პირებს რომ მოენდომებინათ, აღმოაჩენდნენ: პუტინი "ლილიპუტინად" რუსულმა პრესამ ჯერ კიდევ მაშინ მონათლა, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობა ჩანასახშიც კი არ იყო.

გაზეთი "ვრემია". 2000 წ.

"რად დარჩები შენ, ამხანაგო პუტინო, სიკვდილის შემდეგ? დიდ ადამიანად თუ ლილიპუტინად?"

გაზეთი "მოლნია". 2000 წ.

"პუტინი და მისი ლილიპუტები დასავლეთს ჩააგონებენ, რომ  უსისხლო ომი (ჩეჩნეთის მეორე ომი), ანუ უსისხლო ოპერაცია დასრულდა და ვინც დანაშაული ჩაიდინა, უკვე დაისაჯა".

გაზეთი "დუელი". 2001 წ.

"აი, ასე, ვოვოჩკას და ჩეკისტის მითიდან შეიქმნა ვოვა ლილიპუტინის ნათელი სახე".

გაზეთი "ზავტრა". 2003 წ.

"პუტინი ბრბოს ვეღარ მართავს. ტელევიზორში ის პუტინია, გაქსუებული ჩინოსნებისთვის კი ლილიპუტინი".

გაზეთი "პატრიოტი". 2005 წ.

"მას თავში სიცარიელე (პუსტოტა) აქვს, რის გამოც მას, უკვე დიდი ხანია, ლილიპუტინს და პუსტინს უწოდებენ".

გიორგი კვიტაშვილი