"უდაბ­ნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ" - კვირის პალიტრა

"უდაბ­ნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ"

"აზერბაიჯანელი მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს"

გასულ კვირას დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრებში საქართველო-აზერბაიჯანის ჯერაც დაუმტკიცებელ საზღვარზე დაძაბულობა განიმუხტა.

კირიონი (ონიანი), დავითგარეჯის ლავრის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი: - კიდევ ერთხელ მედიისა და საზოგადოების აქტიურობის შედეგად საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე გარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ შექმნილი სამდღიანი შეზღუდვა მოიხსნა. ტურისტებს, მომლოცველებსა და, რაღა თქმა უნდა, სასულიერო პირებს მიმოსვლის საშუალება ძველებურად მიეცათ. თუმცა, მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები მონასტრებთან დამაკავშირებელ ბილიკებზე გაუგებარ გამაგრებით სამუშაოებს კვლავაც ეწევიან. ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მდგომარეობა მხოლოდ დროებით განიმუხტა.

ჩვენმა ინერტულმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქართველები გარეჯასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კვლავ მწვავედ რეაგირებენ და თუ აზერბაიჯანული შეზღუდვები უმოკლეს დროში არ მოიხსნებოდა, საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა. სანამ საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ მოხდება, ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან დავითგარეჯაში აზერბაიჯანელების ფსევდომეგობრულ-მეზობლური და "თავაზიანი" გამოხდომა პირველი არ ყოფილა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. ფაქტია, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს გარეჯის მრავალმთაში საბოლოოდ წელში გასამართავად.

- საზღვრის გაუფრთხილებლად ჩაკეტვის მიზეზი იცით?

- ხელისუფლება პრობლემის მიზეზს არ განმარტავს, ვითომ დიპლომატიის მიზნით მდუმარებას გვირჩევს. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ პირად საუბრებში მიღებულ ცნობებს.

ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის სასაზღვრო სექტორის უფროსს ესაუბრა. აზერბაიჯანელმა თქვა, რომ უსაყვედურეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის "ევროპა ნოსტრას" ფარგლებში გარეჯის მონასტრების მონახულების გამო, - რატომ არ ვიცოდით, საქართველოს პრეზიდენტი უძველეს ალბანურ ძეგლებთან თუ გადაადგილდებოდაო?! ამიტომაც მონასტრების ჩაკეტვა უბრძანებიათ. შეუძლებელია, ამის შესახებ აზერბაიჯანში არ სცოდნოდათ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის თანმხლებთა შორის აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამი წარმომადგენელიც იყო.

საქართველოს მთავრობის წევრებისგან დავიწყებულ გარეჯის მრავალმთის მონასტრებში მოულოდნელი და სასიხარულო იყო პრეზიდენტის სტუმრობა. იქ, სადაც ჯერ არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვარი, არამედ სასაზღვრო ზონაა, ისტორიულად კი ტერიტორია ნამდვილად საქართველოსია, რატომ უნდა თანხმდებოდეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ან სასაზღვრო სამსახურთან? აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმე საზღვრის ამ მონაკვეთის პრობლემის მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას. სალომე ზურაბიშვილმა კი გარეჯაში სტუმრობამდეც მიანიშნა ამ თემაზე. აზერბაიჯანის მხარე ასეთ დროს კლანჭებს აჩენს და საქართველოს შეახსენებს, თითქოს მეთერთმეტე საუკუნემდე გარეჯაში არაფერი ყოფილა, მხოლოდ ამ დროიდან შეიქმნა ალბანური კულტურა, რის მითვისებასაც თურმე ჩვენ ვცდილობთ.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს? ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს, მიეცით გარეჯა და დიდებული ისტორია ექნებაო. ეს უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-ისტორიული სივრცეა. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთია. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, მას ცნობიერების კრიზისი აქვს.

ხელისუფლებამ ყური მანამ არ შეიბერტყა, სანამ მედიამ არ ააწრიალა და არა მგონია, უახლოეს მომავალში ეს თემა გაააქტიურონ. იგივე ხდებოდა 2012 წლის მაისშიც - მაშინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტყვიამფრქვევებით, ფაქტობრივად, შემოიჭრნენ მონასტრებში. მაშინაც ვის არ მივმართეთ (გრიგოლ ვაშაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი), მაგრამ ამაოდ. სანამ მედიას არ შევატყობინეთ გარეჯის გასაჭირი, მანამდე ხელისუფლებაში სამარისებური დუმილი სუფევდა. მეტიც, ქართველი მესაზღვრეები გააფრთხილეს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისთვის ხელი არ შეეშალათ. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თურმე უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ისიც კი არ უთქვამთ, რის საფუძველზე მიაკუთვნეს მეზობელს ტერიტორია, რომელზეც უძველესი ქართული კულტურული ძეგლი მდებარეობს. ხელისუფლებები შეიცვალა, გარეჯის პრობლემა კი არ შეცვლილა. უდაბნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ.

გვართმევენ VII საუკუნის მონასტერს და უძველეს გარეჯულ მხატვრობას, მამა დავითის უძველეს სამლოცველოს, განდეგილურ სენაკს, 6000 გარეჯელი ბერის მარტვილობის ადგილს... ვთხოვთ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანული თემის მოსახლეობას, შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი საქართველოს წინაშე და თქვენს ისტორიულ სამშობლოს, იქაურ ჩინოსნებს, მოუწოდეთ ყველაფერი გააკეთონ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა მართლა კეთილმეზობლური იყოს.

პ.ს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, გარეჯის პრობლემებზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებს, ისიც ზოგადი განცხადებებით. სამაგიეროდ, საზღვრის პრობლემის მოგვარებაზე მზადყოფნას აზერბაიჯანი გამოხატავს. ოფიციალურად აცხადებენ, რომ საკითხის ჩიხიდან დაძვრის შემთხვევაში, პრობლემას გადაჭრიან. აზერბაიჯანი მიანიშნებს, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს მიმართავს. იმედია, მალე გავიგებთ, მზად არის თუ არა საზოგადოების მოთხოვნის, უფრო სწორად კი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ჩვენი ხელისუფლება.

"გარეჯის საზღვრის საკითხი აღარ ითმენს"

"ევროპა ნოსტრას" ფარგლებში გარეჯის მრავალმთის მონასტრებში სტუმრობისა და ნგრევის პირას მისული უდაბნოს მონასტრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ,,ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნის 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. "ევროპა ნოსტრა" საერთოევროპული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენისთვის უზრუნველყოფს დიალოგისა და დებატების პლატფორმას; აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება "ევროპა ნოსტრას" მიერ დავითგარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს".

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ორი თვის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზეც განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს.

გარეჯის მიტაცების მცდელობის ქრონიკები

2007 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარეჯის მრავალმთის მონაკვეთის დარეგულირების საკითხის გააქტიურების შემდეგ ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანელმა ისტორიკოსებმა გარეჯის მონასტრები ალბანურ ძეგლებად მოიხსენიეს და საქართველოსთან მათი კავშირი გამორიცხეს. ამას ქართველი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, პასუხად კი ე. წ. საზღვარზე მონასტრების მიმდებარედ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩიჩხიტურის მონასტერი დაიკავეს. სანამ სახელმწიფოები დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საბოლოოდ არ შეთანხმდებოდნენ, მანამდე დაძაბულობა განიმუხტა, თუმცა აზერბაიჯანელებს ჩიჩხიტურის მონასტერი დღემდე არ დაუთმიათ.

2011 წლის ოქტომბერში ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველი და უცხოელი ტურისტები კოშკთან სურათების გადაღების გამო დააკავეს. ქართველი მესაზღვრეების დროულად ჩარევამ უცხოელები იხსნა და აზერბაიჯანი უცხო ქვეყანასთან მოსალოდნელ დიპლომატიურ სკანდალს გადაარჩინა, მაგრამ ქართველი ტურისტები აზერბაიჯანელებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

2012 წლის 6 მაისს (გიორგობას) აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის აღდგომის და სამარტვილე ტაძრებთან ჩასასვლელები დაიკავეს. ტაძრებთან 5-5-კაციანი ჯგუფები დადგნენ და ქართველ მესაზღვრეებსა და ბერებს განუცხადეს, თქვენი უდაბნოს მონასტერი ჩვენი ტერიტორიაა და აქ აღარავის შემოვუშვებთო(?!).