მექა ხანგოშვილი: "შუღლს გარე ძალები და არასამთავრობოები აღვივებენ, ამისთვის გრანტები აქვთ აღებული" - კვირის პალიტრა

მექა ხანგოშვილი: "შუღლს გარე ძალები და არასამთავრობოები აღვივებენ, ამისთვის გრანტები აქვთ აღებული"

"ხეობაში ყველაფერი ლაგდება, მთავარია, დაჭერები არ წავიდეს. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაშინ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა, და ისიც, ვინც ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა. მთავარია, ქისტებსა და ქართველებს შორის არაფერი მოხდეს...", - გვეუბნება პანკისის ხეობის წარმომადგენელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მექა ხანგოშვილი.

- პანკისელების აღშფოთება მხოლოდ ჰესის მშენებლობას არ უკავშირდებოდა. ხეობის მოსახლეობა წლების განმავლობაში იმ ბეწვის ხიდზე სიარულმა დაღალა, რომელმაც ყველანაირი რესურსი გამოაცალა. აქციაზე უმეტესად ახალგაზრდობა იყო, მათ დაღვინება სჭირდებათ და სამწუხაროდ, ასეთი აგრესიული ფორმით გამოხატეს პროტესტი. თუმცა პოლიციასაც რომ არ დაეწყო ძალადობა, ალბათ, მოსახლეობა ასე არ გამწარდებოდა. მე ვესაუბრე ხეობაში პატივცემულ ადამიანს, იმ ინციდენტში მხარეების აქტიურ გამშველებელს. როდესაც პოლიციის ნაკადი წამოვიდა, ის მათ შესაჩერებლად გაემართა, თან სპეცრაზმელებს სთხოვდა, ზურგიდან არ მესროლოთ, ბიჭებო, ხერხემალი მაქვს დაზიანებულიო. რამდენიმე მეტრი გაიარა და ორი ტყვია მოხვდა. მეორე დღეს ვერ ადგა, კისრის მალები აქვს დაზიანებული, ასეთი კი ბევრია.

- რატომ აღიქვეს ასე მწვავედ პოლიციის გამოჩენა? ადეკვატური იყო მათი რეაქცია? - მოსახლეობა მაშინ გახდა არაადეკვატური, როცა პოლიცია დაინახა, იფიქრეს, რომ რაღაცას უპირებდნენ. მანამდე მოლაპარაკებაზე იყვნენ შესული, ხალხი კი ლოცულობდა. როცა ამდენი პოლიციის მანქანა დაინახეს, პანიკაში ჩავარდნენ, სპეცრაზმი მოდის, ომი ხომ არ იწყებაო. ახალგაზრდებმა ამიტომაც ვეღარ გააკონტროლეს თავი. მადლობა ღმერთს, სისხლის ღვრამდე არ მისულა საქმე, რაც ორივე მხარის დამსახურებაა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებდნენ - ერთმანეთს აშოშმინებდნენ და მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმმაც ძალა გამოიყენა, ვიცი, თავის ხალხს მოსაკლავად არ გაიმეტებდა, მაგრამ მათ, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, გაუჩნდათ ან პროვოკატორებმა გაუჩინეს ეჭვი, რომ გადასახლებას უპირებდნენ. ერთხელ ერთმა უხუცესმა თქვა: პანკისის ხეობა მოთუხთუხე ქვაბს ჰგავს, რომელსაც ყველა შეშას უკეთებს და ქაფის მოხდაზე არავინ ზრუნავსო. დაიღალა ხალხი.

- პოლიციელებში უფრო მეტია დაშავებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავს იცავდა... რატომ გახდა აუცილებელი ქვების და ჯოხების ენით საუბარი? - არა მგონია, სპეცრაზმის გამოყენების აუცილებლობა ყოფილიყო. თუკი ჰესის მშენებელი კომპანია დარწმუნებული იყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თანახმა იყო, რატომ გახდა საჭირო გაძლიერებული ძალების შემოყვანა? მშვენივრად იცოდნენ, რომ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო. ამ არეულობაში ყველაზე დიდი დანაშაული მიუძღვის კომპანიას - კარდაკარ უნდა დაევლო და ყველას აზრი გაეგო, გაერკვია, იყო თუ არა მოსახლეობა მზად.

- ამბობენ, რომ მოლაპარაკება მიდიოდა და პანკისელების უმრავლესობა თანახმა იყო. - მთელ ხეობაში, ცენტრში, ერთი პატარა სტადიონია, სადაც მაქსიმუმ 200 კაცი ეტევა. ეს არ ნიშნავს 10-ათასიან მოსახლეობასთან მოლაპარაკებას, კომპანიის მესვეურები პანკისელებს სწორედ იქ დაელაპარაკნენ. ამათ რომ არ ეჩქარათ, ხალხისთვის აეხსნათ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ჰესს, უსაფრთხოა თუ არა, ეგებ დათანხმებულიყვნენ. გარდა ამისა, ხეობაში ორი ჰესია და არა მგონია, ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ მესამე, მცირე სიმძლავრის ჰესის მშენებლობაზე იყოს დამოკიდებული.

- ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინ ხვდებოდა ხალხს?

- ბოლო დროს ჰესის საკითხზე ხეობაში არც არავინ ჩამოსულა, მხოლოდ კომპლექსურ საკითხებზე იყო მსჯელობა. ორ წელზე მეტია, რაც პრემიერის ხელშეწყობითა და სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის აპარატის ორგანიზებით შეიქმნა პანკისის ხეობის განვითარების 2018-2020 წლების გეგმა. თებერვალში ციხელაშვილის ხელშეწყობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ბრიუსელში გაგზავნეს 20 პანკისელი პედაგოგი, ჩამოსვლის შემდეგ ისინი შეხვდნენ პრემიერს, სადაც დაისვა ჰესების საკითხიც. პრემიერმა მაშინ თქვა - თუ მოსახლეობა თანახმა არ იქნება, თუ ეკოლოგიისა და მოსახლეობისთვის ზიანის მომტანი იქნება, არ აშენდებაო. როცა ჰესების საკითხი მწვავდებოდა, ციხელაშვილს ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერთან და მისი პასუხიც ანალოგიური იყო. ჩვენც გვესმის ელექტროენერგიის მნიშვნელობა, მაგრამ წესიერად ხომ უნდა აეხსნათ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას. აპრილში ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი) კახეთის გუბერნატორთან ერთად შეხვდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მატნისა და ომალოს მოსახლეობასა და უხუცესებს. განხილვის თემა პანკისი-თუშეთის გზა იყო, თუმცა ჰესის მშენებლობაზეც დაისვა კითხვა, რაზეც ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მოიკითხა ეს საკითხი და აუხსნეს, რომ ჰესი 5-მეგავატიანი უნდა იყოს და თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იქნება, არ აშენდება. ხეობაში უკვე ორი ჰესი არსებობს და არც ტარიფებია შემცირებული და მათგან ზიანი უფრო გვაქვს, ვიდრე სარგებელი, ისევ კომუნისტების დროინდელი ბოძები დგას და ნიავის დროსაც კი შუქი ქრება. მას შემდეგ, რაც ჰესები გაკეთდა, ხეობაში იმატა სიმსივნურმა დაავადებებმა. თავის დროზე, იყო მოსაზრება, რომ მოშორებით აშენებულიყო, მაგრამ ეს დიდ ხარჯს მოითხოვდა და ფულის დაზოგვის მიზნით სოფელთან ახლოს გაიყვანეს ძირითადი ხაზი. დაავადებების მატების ვერსიაც რომ არსებობდა, ამიტომაც იყო მოსახლეობა ახალი ჰესის წინააღმდეგი. მომხრეები იყვნენ მხოლოდ ჰესის მშენებელი კომპანიის მხარდამჭერი აქტივისტები. ბოლო დროს გარე ძალები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ პანკისში ვითარების არევას. ჯერ იმაზე დაიწყეს ლაპარაკი, ხეობაში სალაფიტური თემი დაჩაგრულიაო, მათ დაუწყეს ლობირება და საკუთარი ინტერესები გაატარეს. შემდეგ უხუცესებისთვის ახალგაზრდების დაპირისპირება მოინდომეს.

- უხუცესების აზრი როგორია ჰესის აშენების საკითხზე? - პირველივე შეხვედრაზე, როდესაც კომპანია "ფერის" წარმომადგენლებმა თქვეს, ჰესი მაინც აშენდება და გირჩევნიათ, სარგებელი მაინც ნახოთო, უხუცესებმა თქვეს, თუკი არ იქნება ზიანის მომტანი, წინააღმდეგი არა ვართ, მოსახლეობამ რაღაც სარგებელი მაინც მიიღოსო.

- სარგებელში რა იგულისხმებოდა? - კომპანია ჰპირდებოდა, რომ ელექტრობოძებს გამოცვლიდნენ, ათი ახალგაზრდის განათლებას დააფინანსებდნენ, წყლის პრობლემას მოაგვარებდნენ და სხვა. შემდგომ გარე ძალებმა, არასამთავრობოებმა, ყოფილმა თუ მოქმედმა მაღალჩინოსნებმა, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის უხუცესთა საბჭო, რა არის ქისტური კოდექსი, დაიწყეს ვერსიის გავრცელება, რომ თურმე უხუცესთა საბჭოს ყავლი გაუვიდა, მათ აღარავინ უსმენს, ახალგაზრდებმა უნდა აიღონ ხელში სადავეები და ა.შ. ქვეყნის მომავალი რომ ახალგაზრდების საზრუნავია, ამას თქმა რად უნდა, უხუცესებსაც განათლებული ახალგაზრდობა უნდათ ხეობაში, რომელიც კუთხეზე იზრუნებს. შუღლს გარე ძალები და არასამთავრობოები აღვივებენ, ამისთვის გრანტები აქვთ აღებული.

- პანკისელებმა მუქარა გაავრცელეს, თუ დაკავებები დაიწყება, უარესს მიიღებთო. - როცა შს მინისტრი იმუქრება, ის არ იყო მუქარა და ეს არის?! ჯოყოლოში სახალხო კრება ჩატარდა, იქაც გარე ძალებზე იყო საუბარი. ითქვა, თუ მასობრივი დაჭერები წავა, მაშინ ვინც იქ ვიყავით, ყველანი დამნაშავეები ვართ და ყველანი დაგვიჭირონო. ჰესს რაც შეეხება, როგორც გახარიამ თქვა, თუ მოსახლეობის 90% იქნება წინააღმდეგი, არ აშენდებაო. მგონი, ეს საკითხი დღის წესრიგშიც აღარ დგას.

ვფიქრობ, კრიზისი ჩავლილია, ხეობაში ყველაფერი ლაგდება, მთავარია, დაჭერები არ წავიდეს. მართალია, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაშინ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა, და ისიც, ვინც მშვიდობიან და ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა. იმ დღეს ისეთი ტრავმირებული ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. ყველაზე ძალიან იმისი მეშინოდა, მესამე ძალა არ შემოსულიყო ხეობაში. კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია და არ იყო გამორიცხული, იმ მოტივით შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო. გვინდა ჩვენ ეს? ქისტებსა და ქართველებს ერთობის დარღვევის უფლება არა გვაქვს. როცა გროზნო იბომბებოდა, ვაჟა, ილია და დუმბაძე ჩეჩნურ ენაზე ითარგმნებოდა. ჩვენი მეგობრობის ამაზე დიდი დასტური რა გინდა?! ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება და ხეობაში არეულობა ჩვენს მტრებს უნდათ და მათ ნუ გავახარებთ.

"ვინც ხალხი ააბუნტა, ისინი არიან დასაჭერი"

კახა ჩიხლაძე, დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი:

- როგორც ვიცი, ბირკიანში ობიექტის დასაცავად თავდაპირველად პატრულის ოთხი ეკიპაჟი და დაცვის პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ - სულ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ქვების სროლა და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, სპეცრაზმი შეიყვანეს - ამას კანონი ითხოვს. მაგრამ რეგიონი ძალზე სენსიტიურია და ხელისუფლებას მეტი წინდახედულობა მართებს. ვფიქრობ, ეს აქცია სპონტანური იყო და არა დაგეგმილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შესაბამის ორგანოებს ოპერატიული ინფორმაცია ექნებოდათ და საქმე აქამდე არ მივიდოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა. შესაძლოა მცირე ინციდენტს მაინც ელოდა ეკონომიკის სამინისტრო და ამიტომაც მიმართა შსს-ს დასახმარებლად.

როგორც ჩანს, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. სპეცრაზმი მივიდა იქ, სადაც პოლიციელებს საფრთხე ემუქრებოდათ. შეტევაზე არ გადასულა, ოჯახებში არ შესულა, არ გადაუკეტავს გზები და არ მოუწყვია რეიდები - იდგა მოვლენების ეპიცენტრში და იცავდა პოლიციელებს. მათ თავიანთი ინსტრუქცია აქვთ და ქვას თუ ესვრით, რეზინის ტყვიას დაგიშენენ. ფაქტია, პოლიციელი უფრო მეტია დაზარალებული, ვიდრე მოქალაქე, და ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელები თავს იცავდნენ. შსს-მ მიიღო ის ზომები, რაც უნდა მიეღო. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში კანონით ისჯება, მაგრამ იქაც ხდება შემდეგ დაკვალიფიცირება, ეს გამოძიების საქმეა. დამნაშავე, ადრე თუ გვიან, დაისჯება - ვინც ხალხი ააბუნტა, ისინი არიან დასაჭერი. ბებოს ხომ არ დაიჭერენ, სპონტანურად მოქმედებდა, უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ამ შეტაკებას ხელმძღვანელობდა.