"ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება" - კვირის პალიტრა

"ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება"

ვახტანგ ქუთათელაძე, უშიშროების ექსმინისტრი: - ხელისუფლების წარმომადგენლები იოლი გზით წავიდნენ - დაელაპარაკნენ იმ ნაწილს, რომელიც თანახმაა და შეეცადნენ, მოწინააღმდეგეებთან შეთანხმების გარეშე გადაეჭრათ საკითხი. თუმცა მოსახლეობის ნაწილს მაინც არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა... ვერ ვიტყვი, რომ პოლიციამ ძალას გადააჭარბა, მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებების ტყვე და მსხვერპლი გახდა. შეცდომაა ისიც, რომ თვითმმართველობამ, პოლიციამ და უსაფრთხოებამ ვერ მოიპოვეს ინფორმაცია. შსს-სა და უსაფრთხოების კოორდინაცია მანამ უნდა მოხდეს, სანამ ნაბიჯს გადადგამ. როდესაც პოლიციას შეიყვან და იქ ასეთი სურათი დაგხვდება, რომელ კოორდინაციაზეა ლაპარაკი? ახლა მათ კოორდინირებულად უნდა ილაპარაკონ, როგორ გამოვიდნენ კრიზისული მდგომარეობიდან.

როცა სამშენებლო ღონისძიებები მიმდინარეობს და იქ პოლიცია დაცვის მიზნით შედის, სპეცოპერაციას ვერ დავარქმევთ. არ შეიძლება უბრალო ღონისძიების გამო ამხელა აჟიოტაჟის ატეხა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ამ რეგიონის სპეციფიკა... ახლა საჭიროა ისევ მოსახლეობასთან მუშაობა. მოსახლეობა ადუღებულია, ამბობს, არავის შემოვუშვებთო, პოლიცია კი, ალბათ, ფიქრობს, ყველა დამნაშავეს დავიჭერთო. პრობლემა ისევ მოლაპარაკებიIთ უნდა გადაწყდეს - ერთი მხრივ, მოსახლეობამ უნდა აღიაროს, რომ არაადეკვატურად მოიქცა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და დაწვა მათი მანქანები, მეორე მხრივ, სახელმწიფომაც უნდა გააცნობიეროს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკების გარეშე გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება...

არც ის არის გამორიცხული, შსს-ს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია და ეცადნენ ნეიტრალიზების მიზნით შეეყვანათ პოლიციის გაძლიერებული ჯგუფი, მაგრამ თუ გაქვს ინფორმაცია, რომ იქ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა, ასეთი ფორმით პრობლემა მაინც არ უნდა გადაწყვიტო.

პირველ რიგში, უნდა გადავჭრათ საკითხი, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი, და მეორე - მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილო დამნაშავეების დაკავება-არდაკავების საკითხი. მართლაც რთული სიტუაციაა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება. ეს არის ჯოხის ორი ბოლო, ამიტომ ჯობია პრობლემას მანამდე ვებრძოლოთ, სანამ გაჩნდება.