"გახარია იძულებული გახადეს, გადაედგა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - კვირის პალიტრა

"გახარია იძულებული გახადეს, გადაედგა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი"

ემზარ საბანაძე, საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი:

- საინტერესოა, ვისთან იყო შეთანხმებული, რომ პოლიცია შესულიყო პანკისში ობიექტის დასაცავად? თბილისიდან პანკისამდე შორი მანძილია, გასარკვევია, ასე მალე როგორ აღმოჩნდა სპეცრაზმი პანკისში. ექსპრეზიდენტს უყვარდა ხოლმე ე.წ. კარტინკების გადაღება-გავრცელება და პანკისშიც ზუსტად "კარტინკა" იყო ის, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება პანკისელებს. დიდ ტრაგედიას გადავურჩით. ჩეჩნეთს 100-კაციანი სპეცრაზმიც რომ გადმოესხა, ან ერთ პანკისელსაც რომ ეთხოვა რუსეთისთვის დახმარება, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. ამ ხეობის უმრავლესობა ხომ დე იურე რუსეთის მოქალაქეა.

შს მინისტრმა ჩააწყნარა სიტუაცია, გახარიას დამსახურებაა სისხლის ღვრამდე რომ არ მივედით, მან მესიჯი გაუშვა პროვოკატორებთან, როცა თქვა, დამნაშავეები დაისჯებიანო. ახლა შსს-მ უნდა იმუშაოს იმ პროვოკატორების გამოვლენაზე, რომლებმაც აქციის მონაწილეები წააქეზეს. იკვეთება საბოტაჟის ნიშნები, რაც ანტისახელმწიფოებრივია. ვფიქრობ, გახარია შეგნებულად ჩააყენეს ასეთ სიტუაციაში - პოლიტიკური ვითარება რომ არ დაიძაბოს, მან უნდა გადადგას არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, დაარღვიოს კანონი და იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ აგებინოს პასუხი, აქედან გამომდინარე, წაახალისოს კრიმინალი და პროვოკატორებს მისცეს შესაძლებლობა, სხვადასხვა ტერიტორია გამოიყენონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის. მალე ზუგდიდში უნდა ჩატარდეს არჩევნები და თავისუფლად შეიძლება ეს მდგომარეობა იქაც მივიღოთ. ვიცით, სამეგრელოს რომელი ტერიტორია ესაზღვრება და მსგავს შემთხვევაში შსს-მ ადეკვატური ზომები ხომ უნდა მიიღოს? თუ პანკისში შერჩათ, შესაძლოა ზუგდიდში ორჯერ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. სერიოზული სამუშაოა - უნდა გაიშიფროს, ვინ წაუკიდა ცეცხლი პოლიციის მანქანას, ვინ იყო შეტაკების ინიციატორი და ვინ მოახდინა მოსახლეობის მობილიზება. ვფიქრობ, არ უნდა დააპატიმრონ პანკისელები - თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ის არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი. მოვლენასა და ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, გამოავლინონ დამნაშავეები და დაუმტკიცონ, რომ ჩაიდინეს დანაშაული. პირი თუნდაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყოს და გარკვეული ვადის შემდეგ ნასამართლობა გაუქარწყლდება.

დიდი ალბათობით, ეს იყო მართული პროცესი და ინსპირირებული იმ მხარის მიერ, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული. ასეთი მარტო რუსეთი როდია. თუმცა, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მერე რუსეთმა უკვე ჩვენთვის მოიცალა. აქ რაღაცები უნდა გადაწყდეს. წინასაარჩევნოდ რუსეთი ყველა რეგიონს თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს.