"ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ბზობა დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ბზობა დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა"

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - ვეჭვობ, ვიღაცამ ხელოვნურად დაძაბა ვითარება, რათა დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულად, შსს-ზე ყოფილიყო. გამახსენდა ლაფანყურის მოვლენა, როდესაც ერთმა მინისტრმა მეორეს (მერაბიშვილმა ახალაიას) სპეციალურად შეუქმნა ისეთი ვითარება, რომ განსაცდელში ჩავარდნილიყო...

რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ არ განავითაროს დამოუკიდებელი ენერგეტიკა... იქ არა მხოლოდ რუსეთის, ზოგიერთი მუსლიმანური სახელმწიფოს ხელიც ჩანდა. იმ ხალხს შორის რადიკალური ისლამის წარმომადგენლებიც იყვნენ, მარტო ვაჰაბიტები და სალაფიტები კი არა... ვერ გაიგეს, რომ ეს არის სენსიტიური რეგიონი და იქ სხვანაირი მოქცევაა საჭირო. მთელ ამ აურზაურში, თუ შეატყვეთ, გამქრალი იყო ადგილობრივი ხელისუფლება, ვითომ არც არსებობდა. ქვეყანაში არ არსებობს უშიშროების საბჭო, ის სისტემა, რომელიც ხელისუფლებას რეკომენდაციებს მისცემს, სამაგიეროდ, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პერსონები (ზოგი სალაფიტია, ზოგი კადიროვის გუნდთან დაახლოებული და ა.შ.), რომლებიც დადიან ხეობაში და მოსახლეობას აქეზებენ, მაგრამ სახელმწიფო იმისია, რომ აქამდე სიტუაცია არ მიიყვანოს. ვერავინ მიხსნის, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ამბავი მაინცდამაინც ბზობა დღეს. შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით, გამოდის, ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ მართლმადიდებლებისათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა - სახელმწიფოს პოლიციელები გაულახეს და ის ვერაფერს აკეთებს. გახარიამ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა, ყველანი დაისჯებიან, ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა ხალხიო.

უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელშიც რელიგიური, ეთნიკური თუ ჰიდროენერგეტიკის დარგის ადგილობრივი სპეციალისტებიც შევლენ. ჰესები უნდა აშენდეს, ოღონდ საკითხის ძირისძირობამდე შესწავლით. იქ თუ ეკოლოგია დაინგრევა, ჩვენთვის სულერთია? რაც შუახევში მოხდა, კატასტროფაა და ეს ტრაგედია ექოსავით ისმის მთელ საქართველოში.

საფრანგეთის პოლიცია რომ არის დემორალიზებული, ეგეთი უნდა, "ყვითელმა ჟილეტებმა" მოსრეს ფრანგული პოლიცია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაემხო? მათ შეუძლიათ ჟანდარმერია გამოიყვანონ და ქვა ქვაზე არ დატოვონ, თუმცა ამას არ აკეთებენ, თვლიან, რომ სამოქალაქო მშვიდობის შესანარჩუნებლად სხვა გზა უკეთესია...