"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას... არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც" - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის სოცქსელის ოფიციალურ გვერდზე? - კვირის პალიტრა

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას... არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც" - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის სოცქსელის ოფიციალურ გვერდზე?

ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს და არ გამოირიცხება კიბერთავდასხმაც.

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მლისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

"ინტერპრესნიუსი"