პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 87 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მესამე მოსმენით განხილვას წინ პოლიტიკური დებატები უძღოდა - საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მოითხოვა, რაც უმრავლესობამ არ გაიზიარა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა.

კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

"ინტერპრესნიუსი"