ვინ განიხილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე? - კვირის პალიტრა

ვინ განიხილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე?

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტან ყოლბაიას თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომ, კანდიდატების განხილვა წინა დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, უმაღლესმა საბჭომ არჩევანი რუსლან აბაშიძეზე შეაჩერა.

"ძალიან უნდა გააქტიურდეს დიპლომატიური მუშაობა აფხაზეთის პრობლემის გარშემო. ბატონი რუსლანი სწორედ გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან შესანიშნავი ხედვა წარმოადგინა.

პოლიტიკოსის უმთავრესი მიმართულება რა გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?! - ეს გახლავთ შერიგების პოლიტიკა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ჩვენ ალბათ ბატონ ხაჯინბას ვერასდროს ვერ შევურიგდებით, მაგრამ აფხაზ ხალხს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ბატონ რუსლანს აქვს შესანიშნავი პროგრამა, რომლის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობაში ახალი შტატი, მოადგილის შტატი იქმნება. რუსლან აბაშიძეს კი დანიშვნის შემდეგ კაბინეტის დაკომპლექტების საშუალება ექნება.

"მოადგილეს თვითონ ბატონი რუსლანი შეარჩევს, კიდევ გვექნება განხილვები როცა კაბინეტი შედგება. ვრცელი პროგრამაც უნდა წარმოადგინოს. ამისთვის მას 10 დღიანი ვადა ექნება. განვიხილავთ, იქნებ კიდევ ერთი სესია სადაც ახალი მთავრობა ან დამტკიცდება ან არა", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა ის თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლის, მოდელ თაკო ჩხეიძის მეუღლეა.

"ინტერპრესნიუსი"