"გომელაურის საათი" პარლამენტში - რა საკითხებზე ისაუბრა სუს-ის ხელმძღვანელმა? - კვირის პალიტრა

"გომელაურის საათი" პარლამენტში - რა საკითხებზე ისაუბრა სუს-ის ხელმძღვანელმა?

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მედიისთვის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებისთანავე დაიხურა.

გომელაურმა საჯაროდ მხოლოდ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობამ პლენარული სხდომის არასაჯარო ფორმატში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ წელს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის 30 საქმეზე 133 პირიპასუხისგებაში მისცა.

როგორც გომელაურმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, "2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის და დაინტერესების სფეროების დადგენისაკენ".

"ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები აღნიშნული სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა",- განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, "მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები".

"ჰიბრიდული ომის" ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე, სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, "2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე".

გომელაურის განმარტებით, 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა; მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები.

გარდა ამისა, გომელაურის ინფორმაციით, 2018 წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კი კვლავ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. როგორც სუს-ის უფროსმა აღნიშნა, ქვეყანაში მათ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, სამსახური განაგრძობს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმითვე, საქართველოში მცხოვრები "ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.

გომელაურის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა, დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული, ახალი სტრატეგიით მოქმედებას.

მისივე თქმით, "ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს": "აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა არსებულ მექანიზმს იყენებს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს," - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

"გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე," - განაცხადა გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით