"ბაქომ საქართველოსთან ტერიტორიული დავა გაამწვავა..." - რას წერს სომხური და აზერბაიჯანული პრესა დავით გარეჯის საკითხზე - კვირის პალიტრა

"ბაქომ საქართველოსთან ტერიტორიული დავა გაამწვავა..." - რას წერს სომხური და აზერბაიჯანული პრესა დავით გარეჯის საკითხზე

სომხურ და აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნდა პუბლიკაციები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დავით გარეჯის კომპლექსი როგორც "განხეთქილების ვაშლი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй»  (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).

პუბლიკაციაში გადმოცემულია სიტუაციის განვითარების ქრონიკა: აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გზის ჩაკეტვა, არქიმანდრიტ კირიონისა და ქართული საზოგადოების რეაქცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელსაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყების რეაგირება მოჰყვა და ა.შ.

"აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ხდება, ორმხრივ ფორმატში, ერთმანეთთან კოორდინაციის ჩარჩოებში, ტარდება სახელმწიფო კომისიების სხდომები. დღემდე ჩატარებული 11 სხდომა, დელიმირებულია 314 კილომეტრი 480 კილომეტრიდან. საზღვრის 166 კილომეტრი ჯერ კიდევ ექსპერტების შესწავლის პროცესშია. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საზღვრის დელიმიტირების მიზნით კომისია სარგებლობს 1938 წელს გამოშვებული რუკით (მასშტაბით 1:500 000), რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს სსრ-ების მიერ არის მიღებული. 1942 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 1:100 1000-იანი მასშტაბის მქონე რუკის გამოშვების თაობაზე. გარდა ამისა, არსებობს რუკა, რომელიც 1963 წელს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. დღემდე დელიმიტაციის პროცესში მხარეები ამ რუკებით სარგებლობენ და პრობლემები ამასთან დაკავშირებით არასოდეს არ ყოფილა", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში.

პუბლიკაციაში მოცემულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული: "დავით გარეჯის კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად". განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ. ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს".

ამასობაში ქართულ პოლიტოლოგიურ და ჟურნალისტურ წრეებში უკვე განიხილება ვერსია, რომ ამ ყველაფრის უკან კრემლი დგას, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს დაპირისპირებით აზერბაიჯანთან და თურქეთთან. აღინიშნება, რომ კრემლის დამქაშებმა ელვისებურად აიტაცეს დავით გარეჯის გამო მომხდარი ინციდენტი... მათ შორისაა კრემლის საინფორმაციო რუპორი - სააგენტო "სპუტნიკი" მარგარიტა სიმონიანის ხელმძღვანელობით. ამრიგად, დღეს საქართველოში უკვე გაშვებულია ძალიან ეფექტური კამპანია იმ მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეების ყურადღება რუსული ოკუპაციისა და კრემლის ანტიქართული პროპაგანდიდან სხვა საკითხზე გადაიტანონ. "სამართლიანად აღნიშნავს სააგენტო Грузия Online, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციას დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი. უპირველეს ყოვლისა კი სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს სადაო საკითხები პარტნიორებთან. ვერაფერს დავამატებთ - სიტუაცია სააგენტოს მიერ სწორადაა გაგებული". (წყარო)

რატომ ჭირდება აზერბაიჯანს დავით გარეჯის ქრისტიანული მონასტერი? პასუხი ამ კითხვაზე ძალიან ბანალურია... - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას გამოცემა «Голос Армении», რომლის ავტორი შუშან სტეფანიანია.

"აზერბაიჯანს აკვიატებულად აქვს მიდრეკილება ხელოვნურად გაზარდოს თავისი ტერიტორია მეზობლების ხარჯზე. ასევე შეიძლება ითქვას მის მდიდარ გამოცდილებაზე უცხო მიწების მითვისების საკითხშიც. გარდა ამისა, თვალი უჭირავს ჩრდილოეთ ირანზე, დაღესტნის სამხრეთზე, ყარაბაღზე, ზანგეზურზე, ნახჭევანზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერევანზეც კი... ახლახან ჩვენ მეზობლის ავადმყოფური მადის გამოვლენის მომსწრენი გავხდით - ბაქომ საქართველოსთან ტერიტორიული დავა გაამწვავა...

საქართველო-აზერბაიჯანის "მეგობრულ ურთიერთობებში" "შებრკოლების ლოდი" დავით გარეჯის კომპლექსი გახდა, რომელიც კლდეში გამოკვეთილ ორ ათეულ მონასტერს წარმოადგენს გარდაბნის, საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონების ტერიტორიაზე. მათგან მთავარ მონასტრად ითვლება წმინდა დავითის ლავრა იმ მთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ჰყოფს. საბჭოთა პერიოდში პლატო, სადაც ეკლესიები მდებარეობენ, აზერბაიჯანს მიაწერეს. პრობლემას რელიგიური ჟღერადობაც აქვს: დავით გარეჯის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი ქალთველებისათვის მასობრივი მოლოცვის წმინდა ადგილად ითვლება.

ამ დღეებში უძველესი ქართული მღვიმური სამონასტრო კომპლექსის არეალთან ახლოს შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მათ ქართველ მართლმადიდებელ მღვდლებს და ტურისტებს ტაძართან მისასვლელი გზები დაუბლოკეს. და ეს ხდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელი განცხადების ფონზე - თბილისმა და ბაქომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოილაპარაკონ საზღვრის სადაო მონაკვეთებზე და დაასრულონ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესიო. ეს საკითხი მან ბაქოში ვიზიტის დროს დააყენა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი "გარეჯული კომბინაცია" იმის მანიშნებელია, რომ ბაქო უკან არ დაიხევს და არაფერს დათმობს.

სხვათა შორის, იმ დღეებში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერში არც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუშვეს, რომელიც, თავის მხრივ, იძულებული გახდა ჟურნალისტებისა და ტელეკამერების წინაშე განეცხადებინა აზერბაიჯანელი სამხედროებისათვის: "ოკუპანტებო, წაეთრიეთ თქვენს შუა აზიაში, საიდანაც წამოხვედით! ეს ჩვენი ქრისტიანული ტაძარია!".

ისმება კითხვა: მართლაც რატომაა ასე საჭირო და აუცილებელი აზერბაიჯანისათვის ქრისტიანული მონასტერი? პასუხი ამ საკითხზე, რომელიც მომაბეზრებლად გრძელდება უკვე 30 წლის განმავლობაში, ძალზე ბანალურია: იმიტომ, რომ აზერბაიჯანელებმა კავკასიის რეგიონში თავიანთი "უძველესი წარსული" დაამტკიცონ და მეზობელი ხალხთა მიწებისადმი პრეტენზიების ლიგიტიმირება მოახდინონ. საერთოდ, აზერბაიჯანელი ისტორიკოსები განთქმულნი არიან ფალსიფიკატორული უნარით და არც რცხვენიათ, რომ კავკასიის რეგიონში ცხოვრების იგავ-არაკებს თხზავენ, ახლა კი დავით გარეჯის რიგიც მოვიდა: თითქოსდა მონასტერს კავშირი აქვს უძველეს სახელმწიფოსთან - "კავკასიის ალბანეთთან", ხოლო თვით აზერბაიჯანელები - კავკასიელი ალბანების შთამომავლები არიან.

აზერბაიჯანელებს ეს ზღაპარი ამოჩემებული აქვთ და [მის პროპაგანდას ეწევიან] იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ გამოიკვლიეს და განსაზღვრეს კავკასიის ალბანეთში გენერირებული ხალხები და ეთნოსები. დადგინდა, რომ "აზერბაიჯანელები" მათ შორის არ იყვნენ. და მაინც ბაქოელი ექსპერტები ცდილობენ თავიანთი სასურველი ისტორია დახატონ და ქართველებს ბრალს უყენებენ - დავით გარეჯი თქვენი არ არის, რატომ გაქვთ პრეტენზიები ალბანურ მონასტერზეო.

თუმცა კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: 2010 წლის ბოლოს საქართველომ აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლის წინადადება და მისი განხილვა შესთავაზა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა: აზერბაიჯანული ანტიბრიგადა იმავწუთს ჩაება ბრძოლაში და განაცხადა, რომ წმინდა ადგილს ზღვის დონიდან თავისი გეოგრაფიული სიმაღლით აზერბაიჯანისათვის უდიდესი სამხედრო მნიშვნელობა აქვს - მთიდან კარგად მოჩანს რუსთავისა და საგარეჯოს გარეუბნები... ამით აზერბაიჯანმა უცერემონიოდ მიანიშნა, რომ მას აგრესიული გეგმები აქვს უძველეს ქართულ ტერიტორიებზე. რაც უფრო მალე მიხვდება საქართველო იმას, რომ იგი წრეშია მოქცეული, რომელიც თანდათან ვიწროვდება, მით უფრო იოლი იქნება ოფიციალური თბილისისთვის, წინ აღუდგეს აზერბაიჯანულ აგრესიას. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ