"პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო" - კვირის პალიტრა

"პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო"

პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გამოწვევებს აუცილებლად გავუმკლავდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ანალიზს, თუ რასთან გვქონდა საქმე და როცა მომენტი დადგება, საზოგადოებას ყველაფერს განვუმარტავს.

„ფაქტია, რომ პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება ჩვენს წარსულს, აწმყოს, მომავალს და იმ ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ. მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ. ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, რომ ეს დაუშვებელია. მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარება დამატებითი ენერგიის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესებისა და ეკოლოგიის ხარჯზე არ მოხდება.

„ჩვენმა განვლილმა გზამ ყველა კითხვას ძალიან მაღალი სტანდარტის პასუხი გასცა - „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის, რომ რეგიონებში პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და ეკოლოგიის სტანდარტების დაცვის გარეშე განვახორციელოთ. ბუნებრივია, ამ გზით გავაგრძელებთ სიარულს. ამასთანავე, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს, სიღარიბე საქართველოს მტერია და ის უნდა დავძლიოთ. ეკონომიკის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებთ დამატებითი ენერგიის მიწოდებას ჩვენი ეკონომიკისთვის. ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ელექტროენერგეტიკაში მეტი დადგმული სიმძლვრე გვჭირდება, სხვანაირად სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაგვიჭირდება. მაგრამ ბუნებრივია, ეს არასდროს მოხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა.