"საარჩევნო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და გახარიასაც"
"საარჩევნო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და გახარიასაც"
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენებდნენ 1938 და 1942 წელს გამოშვებული შესაბამისი ფორმატის რუკებს. ჩემი აზრით,
ქართული მხარე ამას არ უნდა დათანხმებოდა"


"ჰიბრიდული ომის ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას, საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ისინი აქტიურად იყენებდნენ დესტრუქციულ
პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ასევე - მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დეპუტატებმა დახურულ სხდომაზე მოისმინეს, თუმცა მანამდე ითქვა: "2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს".

ისმის კითხვა: ახერხებს თუ არა ქვეყანა უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას, მით უფრო, თუ გავიხსენებთ ახლახან პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და დავითგარეჯთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ იმ გამოწვევების კონტექსტში, რაზეც სუს-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა? - სწორედ ამ საკითხის განხილვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ
მამუკა არეშიძესთან:

- სახელმწიფოს წინაშე არსებობს მუდმივი გამოწვევები და არსებობს გამოწვევები, რომლებიც მყისიერად ჩნდება, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ერთ სისტემაში უნდა მოვაქციოთ, რადგან მყისიერი გამოწვევებიც გადაუჭრელი, მოუგვარებელი პრობლემების შედეგია - როცა დღეს გადასაჭრელ პრობლემას მუდმივად ხვალისთვის დებ, ერთ მშვენიერ დღეს ეს პრობლემა ფეთქდება.
პანკისის ხეობისა და დავითგარეჯის პრობლემატიკა განსხვავდება ერთმანეთისგან.

მამუკა არეშიძე

პანკისში აშკარად ჩანდა უცხო ძალების მონაწილეობა, თანაც მოქმედებდნენ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებით - იქ გამოიკვეთა როგორც ჩეჩნეთის დღევანდელი ლიდერის ემისრების, ასევე რადიკალური ისლამის წარმომადგენლების აქტიურობა.

საზოგადოდ, მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარად დაემთხვა. რასაკვირველია, იყო მესამე ფაქტორიც - ჰესის აშენებით გამოწვეული იქაურების გულწრფელი პროტესტი, რომლის გამოყენებასაც ეს ძალები ცდილობდნენ.

პროცესში ისეთი ხალხიც იყო ჩართული, რომელთაც ჰესიც ფეხებზე ეკიდა, სახელმწიფოებრიობაც და ა.შ. ისინი კონკრეტულ დავალებას და ამოცანას ასრულებდნენ. ეს კარგად იციან პანკისელებმაც. მათთან არაერთხელ ვისაუბრე და პირდაპირ გვარ-სახელებს ასახელებენ. მეც შემიძლია გითხრათ - მაგალითად, ერთი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წელს გაიქცა აქედან და რომლის წევრებიც ცნობილი იყვნენ, როგორც "ბარიგები", რატომღაც სწორედ ამ პროცესებისას გამოჩნდნენ მომიტინგეთა შორის. კარგად ვიცი, ისინი ამ წლების განმავლობაში გროზნოში რასაც აკეთებდნენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობენ სულ ცოტა 9-10 ქვეყნის სპეცსამსახურები და არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის აგენტებიც.
საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, ყველა ამ გამოწვევას ებრძოლონ, მაგრამ ეს ძAალიან ჭირს, მით უფრო, რომ აქამდე საქართველოში ატროფირებული იყო გამოწვევებსა და რისკებთან ბრძოლის კოლექტიური მართვის სისტემა, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო უშიშროების საბჭოს ბაზაზე, არადა, გვახსოვს - ეს უწყება მარგველაშვილის პრეზიდენტობისას თითქმის უმოქმედო იყო, შემდეგ კი საერთოდ გააუქმეს.

ქვეყანას, რომელსაც ამგვარ რისკებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად კოლექტიური მართვის სისტემა არა აქვს, ყოველთვის გაუჭირდება ჰიბრიდულ ომთან ბრძოლა. ახლა, როგორც იქნა, შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, რომლის მდივნადაც გიორგი გახარია დანიშნეს...

- პანკისის მოვლენების შემდეგ ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა გახარიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმის შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში მოხდა, ბევრ ქვეყანაში შს მინისტრს გადადგომა მოუწევდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე სწორედ ის არის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი. როგორ ფიქრობთ, შეძლებს გახარია იმ იმედის გამართლებას, რასაც მასზე ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ერთი ნაწილი ამყარებს?
- თუ უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით მეკითხებით, გეტყვით, რომ ჯერ მიმდინარეობს სტრუქტურების ჩამოყალიბება. ვნახოთ, როგორ მოხერხდება გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას - ამ მიმართულებით უკვე ბევრი დროა დაკარგული. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კარგა ხნის წინ უნდა გამხდარიყო ამ გამოწვევებისადმი კონსოლიდირებული მიდგომა. ეს დღემდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთ უწყებაზე იყო ჩამოკიდებული. ასე სახელმწიფო ჰიბრიდულ ომს ვერ მოერევა.

რაც შეეხება გახარიას, მისი ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ ქარიზმატული პიროვნებაა. მას აქვს როგორც საუბრის, ისე მოქმედების ლოგიკა. ყოვლად უღიმღამო სახელმწიფო მოხელეთა ფონზე, იმ ჩინოსანთა ფონზე, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება არ უნდათ, რადგან ეშინიათ, გახარია ნამდვილად გამოირჩევა. სავარაუდოდ, ივანიშვილის თვალშიც სწორედ ამით იმსახურებს სიმპათიას.

- გახარიამ პარლამენტში "მინისტრის საათის" დროს, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ 21 აპრილს პანკისში შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება. ვახტანგ გომელაურის თქმით კი, უნდა გაანალიზდეს მოვლენები და გაირკვეს, იყო ეს შეცდომა თუ არა და ვისი შეცდომა იყო...
- პროცესების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ პანკისთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებებს არაკოორდინირებულად იღებდნენ და ეს იყო შეცდომა. რატომღაც ვერ წარმოიდგინეს ან არ იცოდნენ, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ასეთ სერიოზულ მუშაობას ჩაატარებდნენ. მდგომარეობა გაცილებით მძიმე და სახიფათო იყო, ვიდრე ვიღაცას წარმოედგინა. ამიტომ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ჰესის ასაშენებლად გადაიდგა, რასაკვირველია, კარგად არ იყო გააზრებული...

- ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა, საბოლოდ კი უკან დახევამ მოუწია? როგორც ირკვევა, ჰესი აღარ აშენდება და არც არავინ დაისჯება მომხდარის გამო... ბოლოს და ბოლოს, სამართალდამცავები დაშავდნენ...
- ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოიძიონ და გააანალიზონ კარგად. მეც იგივე კითხვები მაქვს: რატომ დაიგეგმა ეს ყველაფერი ასე დაუფიქრებლად, ბზობა დღეს? რატომ აცემინეს პოლიციელები? ეს სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმაა! კვლავაც ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად დააყენა დარტყმის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მინისტრიანად, რაც აუცილებლად უნდა გაირკვეს.
ჰესი უნდა აშენდეს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმ ადამიანებს, რომელთაც კანონი დაარღვიეს და როგორც ვიცი, ეს აქციაში მონაწილეების ნაწილმაც მშვენივრად იცის. ვეჭვობ, დაუსჯელი ვინმე დარჩეს.

სახელმწიფომ უკან დაიხია, თუმცა ეს მაინცდამაინც დიდი ტრაგედია არ არის. ამგვარი ამბების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში შს მინისტრი მართლაც გადადგებოდა, თუმცა საქართველო სხვა ტიპის ქვეყანაა, თან, ცოტა არ იყოს, მიუღებელია, როცა ამას ამბობს ხალხი - ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს - რომელთა შს მინისტრმა გაცილებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა და უდიდესი დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს პრესტიჟს, თან არათუ გადადგომაზე არ უფიქრია, ბოდიშიც კი არ მოუხდია - ლაფანყურის მოვლენებს ვგულისხმობ...

საქართველო სახელმწიფოს მშენებლობის გზაზეა. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ასე ვცვალოთ სახელმწიფო ჩინოსნები, მით უფრო ისეთი, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს. თუმცა არსებობენ ისეთი სახელმწიფო მოხელეები და მინისტრები, რომლებიც ერთი დღეც არ უნდა გააჩერო თანამდებობაზე. მაგალითად, არ ვიცი, შერიგების სამინისტროს ხელმძღვანელობა რას აკეთეEბს...

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ბევრი რამ მის კონტექსტშია განსახილველი. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ამ არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მესაჭეობა სწორედ გიორგი გახარიას ანდოს, რაც მმართველი ძალის ნაწილს გვარიანად აშფოთებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მას ფეხს პარტიის შიგნითაც ბევრი უდებდეს. მოსალოდნელად მიგაჩნიათ, რომ არჩევნებამდე გახარიამ დაიკავოს პრემიერის სავარძელი?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საქართველოში სახელმწიფო მართვის ლოგიკა, სამწუხაროდ, ძალიან რთული ასახსნელია. შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს გახარია პრემიერად და ის იყოს საარჩევ­ნო პროცესში ორთქლმავლის ფუნქციის შემსრულებელი, თუმცა, ჩემი აზრით, არჩევნებამდე პრემიერი არ უნდა შეიცვალოს...მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი...
ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიოგრაფია და ელექტორატის თვალში მცირე ავტორიტეტი მაინც, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძოლოს. ჩემი აზრით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას - მათ შორის ხელმძღვანელებსაც - ამის მორალური უფლება ნაკლებად აქვს, არადა, გააფთრებით იბრძვიან საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ამ სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გიორგი გახარიასაც...

ვფიქრობ, მოუწევთ შეთანხმება. მათგან რომელიმეს სიის დაკომპლექტებაზე ექსკლუზივი ვერ ექნება. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი და სურვილები... ჩემი აზრით, სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობაც და შესაძლებლობაც, რომ "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისება მოხდეს.

- რადგან "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს შევეხეთ, გავიხსენოთ, რომ ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა - ლევან კობერიძემ დატოვა. მამუკა მდინარაძის თქმით, ის თურმე წასვლამდეც ფორმალურად იყო უმრავლესობის წევრი. ეს განცხადება, ცოტა არ იყოს, გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ ლევან კობერიძე ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი და ერთხანს "ქართული ოცნების" სპიკერიც კი გახლდათ... როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენი ასეთი "ფორმალური" წევრია საპარლამენტო უმრავლესობაში?
- ეს არის პოლიტიკური ცინიზმი. ლევან კობერიძე წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას", შემდეგ იყო "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, ერთ-ერთი თვალსაჩინო დეპუტატი, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით ხშირად ლაპარაკობდა, დღეს კი ამბობენ, რომ თურმე ფორმალურად ყოფილა უმრავლესობის წევრი...
ეს სასაცილოა. კობერიძეს აქვს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, პროტესტი იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ამის გამო უცებ გამოცხადდა "ფორმალურ წევრად"...

რაც შეეხება სხვა "ფორმალურ" წევრებს, ასეთი იქნება, ალბათ, კიდევ 10-12 კაცი, რომელთა ნაწილი არ მოდის იმიტომ, რომ მათი წამოსვლით საერთოდ ჩამოიშლება ის მთავარი ღირებულებები, რომლებზეც "ქართული ოცნება" ჩაAმოყალიბდა... ისინიც რომ წამოვიდნენ, დარჩება უსახური მასა და რამდენიმე ლიდერი, რომელთაც საზოგადოება ტელეეკრანიდან იცნობს და დიდი ავტორიტეტი არც ერთს არა აქვს...

- კვლავაც აქტუალურია დავითგარეჯის ირგვლივ შექმნილი ვითარება. ცხადია, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა გადაწყდეს საზღვრის საკითხი. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად უმტკივნეულოდ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი?
- სამწუხაროდ, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ვერ წარიმართება. თავიდანვე, ანუ 1994 წელს, როდესაც ეს კომისია შეიქმნა, უკეთეს შემთხვევაში უმძიმესი შეცდომა დაუშვეს, უარეს შემთხვევაში კი დანაშაული ჩაიდინეს - ვიღაცამ ქართულ მხარეს ქრთამი აიღო და მოხდა ის, რაც მოხდა - ვგულისხმობ ოპერირებას იმ რუკებით, რომლებზეც მხარეები იმჟამად შეთანხმდნენ.

მოკლედ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენებდნენ 1938 და 1942 წელს გამოშვებული შესაბამისი ფორმატის რუკებს. ჩემი აზრით, ქართული მხარე ამას არ უნდა დათანხმებოდა, რადგან არსებობს სხვა რუკებიც, რომლებიც ამ საკითხისადმი უფრო მასშტაბური მიდგომის საშუალებას იძლევა. ამ შეცდომისგან თავის დაღწევა რთულია, რადგან შეთანხმებას წლების წინ მიაღწიეს. ვარიანტები არსებობს, მათ შორის, შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობაც, ან ერთგვარ ტურისტულ ზონაზე შეთანხმდნენ...აზერბაიჯანელებს ჰქონდათ ე.წ. ხალიფოვის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, საზღვარი უნდა გავლებულიყო იქ, სადაც ითხოვს აზერბაიჯანული მხარე, მაგრამ ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების ტერიტორიები გამოცხადებულიყო თავისუფალ ზონად... თავის დროზე ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქო.

ამ ტერიტორიას ვერ თმობს აზერბაიჯანული მხარე, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით თავიანთ პრინციპებზე - ალბანურ მემკვიდრეობაზე მოუწევთ უარის თქმა. რასაკვირველია, ეს ქართული ისტორიული კულტურის ნაწილია, მაგრამ ვცდილობ, საზოგადოებას პრობლემის ორივე მხარე დავანახო. გამოწვევა სერიოზულია, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
რაც შეეხება მომხდარის სალომე ზურაბიშვილის ბაქოში გაკეთEებული განცხადებისთვის გადაბრალებას, ასეთი შემთხვევები აქამდეც ხდებოდა და ჩემი აზრით, ეს განცხადება სწორედ დროული იყო, რათა ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხის გადაწყვეტაზე ფიქრი დაიწყოს. ხომ არ შეიძლება, ამ თემაზე კონფლიქტი საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს?!

- განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა: "ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება პროვოკაციად იყოს აღქმული. ასევე არა მგონია, აშშ მზად იყოს, სამხედრო ბაზა განათავსოს საქართველოში". როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული?
- არ ვიცი. ზურაბიშვილის განცხადება იყო პოლიტიკური სვლა, რასაც მოჰყვა კახა კალაძის განცხადება, რომ ზურაბიშვილი არ არის "ქართული ოცნების" წევრი. ამით "ქართულმა ოცნებამ" უკან დასახევი გზა დაიტოვა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის პოზიციას, ერთი რამ მინდა ვთქვა: სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ მხოლოდ ქართული პოლიტიკის ნაწილი. ის არის დასავლური პოლიტიკის ნაწილიც, ამიტომ ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ როდესაც ამგვარ განცხადებებს აკეთებს, ის მხოლოდ საქართველოს წარმოადგენს, სულ მცირე, ცდება.
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ქართველი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ანუ ისე, როგორც სიტუაცია გვიკარნახებს. საგარეო ვექტორი არ უნდა შევცვალოთ. ამას ვერც შევცვლით, რადგან რუსეთი ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის.
წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე არის რუსული ბაზები, მეორე ნაწილზე - ამერიკული... აქაურობა ხომ მთელ რეგიონში კონფრონტაციის მუდმივ კერად იქცევა... არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: კაცმა არ იცის, რა სჯობს - ნატოსკენ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში სიარული თუ უცებ გაწევრება.

რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მუქარად აღიქვამს, მაგრამ ალიანსში გაწევრებული საქართველო მუქარად კი არა, კონფრონტაციის საგნად იქცევა.
სალომე ზურაბიშვილის ბევრი ნაბიჯი არ მომწონს, მაგრამ ეს განცხადება სრულიად გასაგებია. მას არ უთქვამს, რომ ნატოში არ უნდა გავწევრდეთ; მან თქვა, რომ ამერიკული ბაზა ახლა, ამ ისტორიულ მონაკვეთში, ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. დღეს, როდესაც ჩვენს მოკავშირეებს თავიანთი უამრავი პრობლემა აქვთ და მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია, საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება ვინმეს. ეს არის დიპლომატიური ნათქვამი, დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ისიც ხომ რეალობაა, რომ ამ ეტაპზე აშშ ნამდვილად არ არის მზად საქართველოში საკუთარი ბაზების განთავსებისთვის...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?