"იმედია, გახარიას მორიგი შეცდომა ქვეყანას არ ააფეთქებს" - კვირის პალიტრა

"იმედია, გახარიას მორიგი შეცდომა ქვეყანას არ ააფეთქებს"

"არ ველი, რომ ნამუსის გამონათება დაეწყებათ პარლამენტარებს და მოსამართლეების არჩევისას მაღალი სტანდარტებით დაიწყებენ მუშაობას"

"არ შეიძლება ერთი მინისტრი რაიმე ფორმით სხვა მინისტრების უფროსი გახდეს", - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მთავრობის მეთაურის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შს მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. უპასუხებს თუ არა უსაფრთხოების საბჭო იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და რას უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" თავდაცვის ყოფილ მინისტრს ესაუბრა.

- მე იმას ვწუხვარ, რომ უსაფრთხოების საბჭოში მდივნის ფუნქციას შს მინისტრი შეასრულებს, თორემ გახარია იქნება თუ ვინმე სხვა, მნიშვნელობა არა აქვს. ეს ფუნდამენტური შეცდომაა და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიულ პრინციპებს. არ შეიძლება ერთი მინისტრი რაიმე ფორმით სხვა მინისტრების უფროსი გახდეს. ჩვენ კი სწორედ ასეთი ვითარება მივიღეთ - ერთ მინისტრს ექვემდებარებიან სხვა მინისტრები და პლუს გენშტაბის უფროსიც. ყველაზე გაუგებარი ის არის, რომ მას ინსტიტუციურად დამოუკიდებელი სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც ექვემდებარებიან. არადა, სუს-ისა და დაზვერვის არსებობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელი არიან, ახლა ეს წაართვეს. არ ვამბობ, რომ აქამდე დიდად დამოუკიდებელი იყვნენ, მაგრამ ფორმალურად ამის შენარჩუნებას ახერხებდნენ.

- რაზე მიანიშნებს ეს დანიშვნა? - გასაგებია, რატომაც მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, გახარიას გარდა, აღარავის ენდობა. მის გაპრემიერებას რატომ აგვიანებს, ერთადერთი ეს არის გაუგებარი, ალბათ, ჯერ კიდევ ერიდება, რომ პოლიციელი დანიშნოს პრემიერად, თუმცა ესეც გარდაუვალია. ივანიშვილს ბევრი აღარ ენდობა და ეს ნიშა ახლა მხოლოდ გახარიას აქვს შენარჩუნებული.

- მისი დანიშვნა შეიძლება არჩევნების მოახლოებას უკავშირდებოდეს? - ამ საკითხს არჩევნებს არ დავუკავშირებდი. ეს ნდობის საკითხია, ნდობა კი ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელია. სახელმწიფოს გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე არადემოკრატიული საარჩევნო პროცესია.

- საბჭოში შემავალ სხვა პირებზე რას ფიქრობთ, თუნდაც პრემიერზე, რომელსაც, წესით, ექვემდებარება უსაფრთხოების საბჭო? - მას პრემიერი ხელმძღვანელობს და იმედია, თეორიულად მაინც არის თავმჯდომარე. სხვა არაფერი შეცვლილა, ასეთი იყო უშიშროების საბჭოც. უბრალოდ, მაშინ პრეზიდენტს ექვემდებარებოდა და მასში დეპუტატების ნაწილიც შედიოდა. როგორც ჩანს, ვიღაც მიხვდა, რომ საბჭოში მინისტრთან ერთად დეპუტატები არ უნდა ყოფილიყვნენ, ცუდად გამოჩნდებოდა, ამიტომ სიიდან დეპუტატები ამოიღეს.

თინა ხიდაშელი

- ანუ უსაფრთხოების ეროვნული საბჭოც ისეთივე სუსტი იქნება, როგორიც მარგველაშვილის დროს უშიშროების საბჭო იყო? - უშიშროების საბჭო მაშინ არის სუსტი, როდესაც ხელისუფლებაში კონცენტრირებული ძალაუფლება სხვა მხარესაა. ძლიერია მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს ის ხალხი, რომელიც უნდა მართავდეს და ამავე დროს უშიშროების საბჭოს წევრებიც არიან. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შევა საბჭოში და ვის დაექვემდებარება. ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია. როგორც უნდა გაძლიერდეს გახარია, ნებისმიერი საბჭო ამ კომბინაციით სუსტი და უსუსური იქნება. გახარიას გაძლიერებას ვგულისხმობ ივანიშვილის ფრთებქვეშ და არა ინდივიდუალურად.

უშიშროების ან თუნდაც უსაფრთხოების საბჭო ყველგან, დედამიწის ზურგზე, ყველაზე ძლიერი ორგანოა, იმიტომ, რომ მის შემადგენლობაში შედის ის ხალხი, რომლებიც ქვეყანას მართავენ. ჩვენთან კი არც ერთ უწყებაში არ არის ის კაცი, რომელიც მართავს სამინისტროსა თუ ქვეყანას. ამიტომ ყველა ინსტიტუტი სუსტია.

- პანკისში განვითარებულ მოვლენებსა და გახარიას მორიგ აღიარებაზე, რომ შეცდომა დაუშვა, რას ფიქრობთ? - გახარიას შეუძლია აღიარება, თუ რაღაც შეეშალა, მაგრამ მერე ისევ უშვებს შეცდომებს. იმედია, მისი მორიგი შეცდომა ქვეყანას არ ააფეთქებს, თორემ თავად გახარია ნაკლებად მაღელვებს. ის ვერ ხვდება, რომ სტრატეგიას დაგეგმარება და შედეგების გათვლა სჭირდება.

- "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ?

- ლევან კობერიძის წასვლა მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. უმრავლესობაში კიდევ რამდენიმე კაცი მეგულება, რომელთა გუნდიდან წამოსვლა არავისთვის იქნება სიახლე. არ ველი, რომ განსაკუთრებული ძვრები იქნება, რადგან უმრავლესობას პოლიტიკური მომავალი არა აქვს, ამიტომ ივანიშვილისადმი ლოიალურობას ბოლომდე შეინარჩუნებენ.

- უმრავლესობის კანონს მოსამართლეთა არჩევის წესზე სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები? - ამ კანონის მიღებით უკვე ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთი დიდი ამბავი, რომლის დასაწყისი და, ფაქტობრივად, დასასრულიც ცნობილია. მთავარია, დასასრული ისეთი იყოს, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. არ ველი, რომ ნამუსის გამონათება დაეწყებათ პარლამენტარებს და მოსამართლეების არჩევისას მაღალი სტანდარტებით დაიწყებენ მუშაობას - სასამართლოში დააწინაურებენ იმას, ვის ბედსაც კლანი გადაწყვეტს.