"არის კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურს კონფლიქტში ჩაგვითრიოს" - კვირის პალიტრა

"არის კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე, რომელსაც სურს კონფლიქტში ჩაგვითრიოს"

ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია, უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშსა და ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე გვესაუბრა.

- ინფორმაცია, რომელიც ანგარიშის სახით გავრცელდა, ცხადყოფს, რომ სუს-ი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გეგმაზომიერ ოპერაციებს ატარებს. როგორც ჩანს, აქტიურად მუშაობს ჰიბრიდული ომისა და "რბილი" ძალის წინააღმდეგაც. როგორც ანგარიშშია ასახული, ხელს უშლის რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივებას. ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რამდენიმე წელია ტერაქტებისგან დაცულ ზონაშია, დიდი ძვრები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას.

- როგორ ფიქრობთ, ახერხებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და იმ გამოწვევებზე პასუხს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას?

- მეტ-ნაკლებად კი, მაგრამ აქვთ მინუსებიც. გავიხსენოთ თუნდაც პანკისის მოვლენები. სპეცსამსახურების მუშაობა პოლიციურ სტრუქტურებთან უფრო აქტიური უნდა იყოს. ეს ინციდენტი მეტყველებს, რომ სპეცსამსახურებში პრობლემებია. ჩემი აზრით, არასაკმარისი ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ.

- პანკისის მოვლენები ჰიბრიდული ომის კონტექსტში თუ შეიძლება განვიხილოთ? - ჰიბრიდული ომი მოიცავს საინფორმაციო და პროვოკაციულ ქმედებებს. ის, რაც ხეობაში მოხდა, არ არის გამორიცხული, ჰიბრიდული ომის ნაწილი იყოს.

- და ეს ვის ინტერესში შედის? - ეს შეიძლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ან სულაც სეპარატისტული ჯგუფების ინტერესებში შედიოდეს. ცალკე გამოვყოფდი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს ინტერესებსაც, რომელიც თავის თამაშს თამაშობს... ამ პროვოკაციაში შეიძლება წვლილი საერთაშორისო რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებებსაც მიუძღოდეთ.

- სუს-ის ანგარიშში გამოიკვეთა გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაში. რუსეთის გარდა, კიდევ რომელი ქვეყანაა ამით დაინტერესებული? - მთავარი პრობლემა ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის. სერიოზული მცდელობაა, რომ მეზობელი სახელმწიფოები კონფლიქტში ჩაითრიონ... ახლა საკამათო ვითარებაა დავითგარეჯის გამო. აზერბაიჯანთან კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს აწყობს - მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ.

- ვის გულისხმობთ? - დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არის კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე. კომპრომისზე უნდა წავიდეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. ეს მძიმე მემკვიდრეობა საბჭოთა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ.

- ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების გამოყენება სცადა ფარული ოპერაციების ჩასატარებლად.

- ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ჰიბრიდული ომის ელემენტები იქ მუდმივად არის. ამ ტერიტორიებს მოსახლეობის დასაშინებლადაც იყენებენ. ამის მაგალითია ოთხოზორიასა და გალში რუსეთის ბაზაში კვარაცხელიას მკვლელობები.

- ანგარიშში ისიც ნათქვამია, რომ შემცირებულია რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. - ერთეული შემთხვევები იყო - რამდენიმე ინციდენტი მეჩეთების გამო. თუმცა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება სერიოზული საკითხია და მუშაობაა საჭირო, რათა რადიკალურმა ორგანიზაციებმა არ გამოიყენონ კონფლიქტის გასაღვივებლად.