"ქართულ ოცნებას" თუ 8 დეპუტატი დატოვებს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ"
"ქართულ ოცნებას" თუ 8 დეპუტატი დატოვებს, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ"
ფოტო:ზაქარია ქუცნაშვილი
რას ფიქრობს "ოცნებიდან" დეპუტატების გადინებაზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ესაუბრა.

- 2017 წელს "ნაცმოძრაობა" 25-მდე კაცმა დატოვა. ასე რომ, "ოცნებას" თუ 8 დეპუტატი დატოვებს, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ცუდია, მაგრამ არითმეტიკული და შედეგების თვალსაზრისით ეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს.

- შესაძლებელია თუ არა, რომ "ოცნება­" კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს?
- ვერ გეტყვით, ვინ რას აპირებს.­ გაერთიანებაში შესვლისა და გამოსვლის­ გადაწყვეტილებას ადამიანი დამოუ­კიდებლად, საკუთარი ნებით იღებს.
ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ვერავინ შეუზღუდავს.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთს რომ გაუჩნდებოდა ამბიცია და, ადრე თუ გვიან, დატოვებენ ჩასაძირად გამზადებულ გემს, ეს ჯერ კიდევ გასულ თვეში თქვით...
- "ქართულ ოცნებას" ჩასაძირად გამზადებულ გემს ვერ ვუწოდებ. 2020 წელს ჩვენ ხალხისთვის ბევრი რამ გვექნება სათქმელი. ზოგიერთი
რომ დაგვტოვებდა, მე ვივარაუდე და გამართლდა კიდეც. შემოდგომაზე კიდევ იქნება მცირე ტალღა.

- თქვენ პირადად რა გეგმა გაქვთ?
- მე არჩევანი 2011 წლის ოქტომბერში­ გავაკეთე, როცა მივიღე ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზება და გავხდი ჯერ მისი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და შემდეგ ადვოკატთა გუნდის ხელმძღვანელი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი რჩება­ ნომერ პირველ თანამებრძოლად. მე არ მჩვევია თანამებრძოლების, მეგობრებისა და პარტნიორების ღალატი.

- ლევან კობერიძის აზრით, ის იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ამავე დროს არ იყო...
- ლევან კობერიძე ყოველთვის აქტიურობდა, ვერავინ იტყვის, რომ გუნდის პასიური, მდუმარე წევრი იყო.

- კობერიძის თქმით, ძალიან ხშირად არ იზიარებდნენ მის აზრს თუ ინიციატივას და ამის ფაქტად მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი მოიყვანა, რომლის გაწვევასაც ითხოვდა. ეს საკითხი დღის წესრიგ­იდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც კანონპროექტის გაწვევა საპატრიარქომ მოითხოვა.
- მოდი, ეს ჯერ კულისების საკითხად დავტოვოთ. ვის რა აზრი ჰქონდა, ამაზე არ ვილაპარაკებ.
არავის ვურჩევ ამ თემის წამოწევით ამომრჩეველთან თავის მოწონებას, გაუქმებულ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერას. ამ საკითხის დახურვაში მხოლოდ ეკლესიას არ მიუძღვის წვლილი, "ოცნების" უმრავლესობა ასევე ფიქრობდა. საკითხი დახურულია, "ოცნება" არ აპირებს ამ კანონის მიღებას.

- ივანიშვილი პრინციპულად ლობირებდა ამ საკითხს?
- ვინ რას ლობირებდა, აქტუალური აღარ არის, ეს თემა აღარ განიხილება.

- ამბობენ, რომ გუნდში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ირაკლი კობახიძე იღებს...
- ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარის გავლენა მეტია, ვიდრე ნებისმიერი დეპუტატის.

- თქვენ პირადად თუ დაგისვამთ ასე საკითხი, ან დაბლოკილა თუ არა თქვენი რომელიმე ინიციატივა?
- მე ყველა საკითხზე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. ასე რომ, აზრის თავისუფლება როგორც გუნდში, ისე საზოგადოებაში,­ ჩემი წარსულით მაქვს მოპოვებული. ჩემი თანამდებობაა ზაქარია ქუცნაშვილი. აქედან გამომდინარე, არასოდეს მომრიდებია აზრის გამოთქმა. შემიძლია გავიხსენო ისეთი­ შემთხვევებიც, როდესაც დამირწმუნებია პარტიის ხელმძღვანელობა ან პარლამენტის თავმჯდომარე, რომ გადაწყვეტილების შეცვლა იყო საჭირო. თუმცა წინა პარლამენტში ჩემი რამდენიმე ინიციატივაც დაიბლოკა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები