"ზურაბიშვილს მეტისმეტსაც ნუ მოვთხოვთ" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილს მეტისმეტსაც ნუ მოვთხოვთ"

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკაში ვინმემ გაიგო ამის შესახებ რამე. მხოლოდ თბილისი ხმაურობს. ამიტომ მტკიცება, რომ ამერიკას ამ განცხადებაზე რეაქცია ჰქონდა, უსაფუძვლო მგონია. თუკი გამოჩნდება, რომ რეაქცია ჰქონდა, მაგალითად, დაგეგმილი იყო ვიზიტი და ის გაუქმდა, ეს უდავოდ სერიოზული ფაქტია. ამას ანალიზი, მიზეზის გარკვევა სჭირდება და შემდეგ შესაბამისი რეაგირება. სანამ ეს არ არის დადასტურებული, ჭორებზე ლაპარაკი არასწორად მიმაჩნია..."

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის იდეას არ იწონებს, საქართველოს პოლიტიკურ ველში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. თუმცა ეს მხოლოდ ერთი "გაუგებრობა" არ ყოფილა - მანამდე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" ოფიციალურ ანგარიშზე გააზიარა დონალდ ტრამპის ტვიტი, რომელშიც ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ეს პოსტი ზურაბიშვილს არ გაუზიარებია და ტექნიკური შეცდომაა.

რა ზიანს მოუტანს ქვეყანას პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები, "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

- "ტვიტერის" პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა, რომ ეს ვიღაცამ ჩაიდინა. ვერ გეტყვით, ვინ არის მართალი და მტყუანი. სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, გამიჭირდება შეფასება. რაც შეეხება ამერიკული ბაზების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ვფიქრობ, მაშინ როდესაც ეს საკითხი არც დგას დღის წესრიგში, ნაჩქარევია.

- ამ განცხადებამ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი... - არ მინდა რუსეთში გავრცელებულ თითიდან გამოწოვილ დეზინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი საშუალება რუსეთს არ მიეცეს, გაუმართლებელი და ნაჩქარევი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასეთი განცხადებები ხელს უშლის ქვეყანას იმ კურსის გატარებაში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა სერიოზული ანალიტიკოსები ასეთი განცხადებებით არ იქმნიან აზრს, მაგრამ, ძირითადი პოლიტიკური ხაზიდან ამოვარდნილი განცხადება საერთო საქმეს ხელს უშლის.

- ანალიტიკოსები მხოლოდ ერთ განცხადებას ყურადღებას არ მიაქცევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ქვეყნის პირველ პირზე. - ამიტომაც აქვს ამას მნიშვნელობა. ეს რომ რიგით ფიგურას ეთქვა, განხილვის თემადაც არ გადაიქცეოდა.

- ზოგიერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ განცხადების გამო აშშ-მა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გააუქმა. შესაძლებელია თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს? - გაუქმდა თუ არა ვიზიტი, ვერაფერს გეტყვით. როგორც წესი, ამგვარი კომენტარების გამო ვიზიტებს არ აუქმებენ.

მეტისმეტსაც ნუ მოვთხოვთ სალომე ზურაბიშვილს. ვიზიტის გაუქმებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ის მხარე, რომელიც იწვევს ამა თუ იმ პირს ქვეყანაში და აცნობებს პარტნიორ მხარეს. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ვიზიტის გადადების ან გაუქმების საფუძველს.

- როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას არ გაანაწყენებს? - არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკაში ვინმემ გაიგო ამის შესახებ რამე. მხოლოდ თბილისი ხმაურობს. ამიტომ მტკიცება, რომ ამერიკას ამ განცხადებაზე რეაქცია ჰქონდა, უსაფუძვლო მგონია. თუკი გამოჩნდება, რომ რეაქცია ჰქონდა, მაგალითად, დაგეგმილი იყო ვიზიტი და ის გაუქმდა, ეს უდავოდ სერიოზული ფაქტია. ამას ანალიზი, მიზეზის გარკვევა სჭირდება და შემდეგ შესაბამისი რეაგირება. სანამ ეს არ არის დადასტურებული, ჭორებზე ლაპარაკი არასწორად მიმაჩნია.