"ვლადიმერ პუტინი ჩემი მთავარი მტერია"
"ვლადიმერ პუტინი ჩემი მთავარი მტერია"
პოლონურმა გაზეთმა «Rzeczpospolita» გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, სათაურით:  "ვლადიმერ პუტინი ჩემი მთავარი მტერია"

გთვაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

- პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს თქვენ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაგნიშნათ, მაგრამ მოგვიანებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამოგართვათ და ქვეყნიდან გაგაძევათ. როგორ ფიქრობთ - გუბერნატორობა თქვენთვის დროის დაკარგვა იყო?
- არა, ეს დრო ტყუილად არ დაკარგულა. მე ქართული ოპოზიციის ლიდერად ვრჩები. თბილისშიც და კიევშიც მე ერთი და იგივე ძალებს ვებრძვი - ოლიგარქებს. ჩემი მტრების
სია ძალიან დიდია: მასში შედიან ქართველი და უკრაინელი ოლიგარქები, რომლებიც ჩემში სასიკვდილო საფრთხეს ხედავენ. სიის სათავეში ვლადიმერ პუტინია. მე ერთადერთი ყოფილი პრეზიდენტი ვარ, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

- როგორ გადაადგილდებით მსოფლიოში, როცა თქვენ პასპორტი არ გაქვთ? რით ცხოვრობთ?
- მე მაქვს როგორც მუდმივი ცხოვრების
უფლება ჰოლანდიაში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებაც. ბოლო დრომდე მე აშშ-ში მუშაობის უფლებაც მქონდა. ადრე ამერიკაში ლექციებს ვკითხულობდი, ახლა კი ლექციები მაქვს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ასევე ჰოლანდიის სპიკერთა აკადემიაში. მოკლედ, შიმშილით არ მოვკვდები.

- ამბობენ, რომ უკრაინაში თქვენ პრემიერ-მინისტრობა შეგეძლოთ...
- დიახ, ეს ასეა. პეტრო პოროშენკო პრემიერის პოსტს მთავაზობდა, რათა მე "საქორწინო გენერალი“ ვყოფილიყავი, ანუ ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წინასწარ დაწერილი სცენარით იმოქმედებდა. მე უკვე მაშინ ვხვდებოდი, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა - კორუმპირებული ადამიანებია, რომლებსაც რეფორმების გატარება არ აინტერესებთ. (...)

ოდესაში გუბერნატორად ყოფნის პერიოდში მე ყველაზე პოპულარული ადამიანი გავხდი. პეტრო პოროშენკომ დაინახა, რომ მისთვის საფრთხედ ვიქეცი და ადგილობრივ მაფიას "მწვანე შუქი“ აუნთო ჩემს და ჩემს მხარდამჭერთა წინააღმდეგ სამოქმედოდ. შემდეგ ჩემს რეზიდენციასთან პოლიციელი მოკლეს. მივხვდი, რომ ბანდა ყველაფერზე მზად იყო... პეტრო პოროშენკო ქვეყნის მთავარ ოლიგარქად რჩებოდა. მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა პოროშენკოს პრეზიდენტობისას კიდევ უფრო მეტი ხელისუფლება მიიღო, ვიდრე ვიქტორ იანუკოვიჩის დროს ჰქონდა. რა თქმა უნდა, მთავრობაში კარგი ადამიანებიც იყვნენ, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების მინისტრი აივარას აბრომავიჩუსი, ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე დანილიუკი და სხვები, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი უკვე კორუმპირებული გუნდის წევრი იყო. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკოს ბანდა მთავრობას რეფორმების გატარებაში ხელს უშლიდა. პრობლემა ისიც იყო, რომ დასავლეთი ამ ბანდის მოქმედებაზე თვალს ხუჭავდა, დასავლეთს ძალიან მოსწონდა არსენ იაცენიუკი და ყველაფერს უთმენდა. მე ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც ვიქტორია ნულანდს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიში უკრაინის საკითხებით იყო დაკავებული. მართალია, საბოლოოდ არსენ იაცენიუკი გადააყენეს, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩა. (...)

- ეყოფა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დრო უკრაინის გასაერთიანებლად? განა მას ვლადიმერ პუტინი ამის საშუალებას მისცემს? რუსეთის ლიდერი დონბასელებს რუსულ პასპორტებს აძლევს და ამ პროცედურის გავრცელებას მთელ უკრაინაზე გეგმავს...
- პასპორტების დარიგებით ვლადიმერ პუტინი გვაჩვენებს, რომ იგი მასშტაბური ომისთვის ემზადება. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს და მას დათმობებზე წასვლას აიძულებს. მოსკოვს კიევთან დასავლელი შუამავლების გარეშე ლაპარაკი სურს. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს: თუ ვლადიმერ პუტინს ერთხელ დავუთმობთ, მაშინ ის უფრო მეტს მოითხოვს. მე ვფიქრობ, ვლადიმერ ზელენსკი ისე იმოქმედებს, რომ ვლადიმერ პუტინს გააკვირვებს. (...)

- ამას წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადებით. კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ გარისკოთ?
- მე უკრაინაში არანაირი თანამდებობა არ მინდა, მსურს მხოლოდ მოქალაქეობის დაბრუნება, რომელიც პეტრო პოროშენკომ უკანონოდ ჩამომართვა. თუ საჭირო იქნება, ქვეყნის ახალ მეთაურს ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ, უკრაინელ ახალგაზრდებს ლექციებს წავუკითხავ...

- და რატომ ქართველებსაც არა?
- თუ ჩვენ უკრაინაში გავიმარჯვებთ, მაშინ საქართველოშიც მივაღწევთ წარმატებას. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც მასშტაბური გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად იქცა... იგივე ხდება დღეს უკრაინის მიმართებით.

- უკრაინამ ყირიმის ანექსია გადაიტანა და დონბასის კონფლიქტი, რომელიც დღესაც ღვივის. საქართველოში მსგავსი მოვლენები 2008 წელს მოხდა, როცა თბილისმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგა...
- უკრაინის ხელისუფლება მზად არ იყო იმისთვის, რაც ყირიმთან დაკავშირებით მოხდა. ამერიკელი მოკავშირეები კიევზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ უკრაინას [რუსეთის წინააღმდეგ] რაიმე ნაბიჯი არ გადაედგა. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევში განუწყვეტლივ რეკავდა... მისი რჩევები უკრაინისთვის ცუდი გამოდგა. 2014 წლის მარტში მე ვესწრებოდი უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც ორი ვარიანტი იხილებოდა: ყირიმში ან წინააღმდეგობა გაწეულიყო საქართველოს მსგავსად, ან არაფერი გაკეთებულიყო, დასავლელი მეგობრების რჩევის მიხედვით. კიევმა მეორე ამოირჩია. ამერიკელებს ზედმეტი პრობლემები არ სურდათ. ვაშინგტონში არ უნდოდათ, რომ კიდევ ერთი მასშტაბური ომი დაწყებულიყო. აშშ-ში გადწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ყირიმს უკრაინა რუსეთს უბრძოლველად ჩააბარებდა.

- თქვენ მხოლოდ აშშ-ზე ლაპარაკობთ, მაგრამ რას ურჩევდა ევროპა უკრაინას 2014 წლის მარტში?
- რამდენადაც ვიცი, ევროპა არაფერს არ ურჩევდა, კიევს ყველაფერს ვაშინგტონი კარნახობდა. (...) 2008 წლის აპრილში ევროპამ, აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების, მათ შორის ლეხ კაჩინსკის მცდელობის მიუხედავად, ნატოში ჩვენი ინტეგრაცია დაბლოკა. ამით გერმანიამ და საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინს აჩვენეს, რომ დასავლეთს რუსეთის შეჩერება არ შეუძლია. ანგელა მერკელმა იმ დროს სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, მოგვიანებით მან დასკვნები გააკეთა და ამიტომაც 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დათანხმდა. (...)

მე აშშ-ის იმდროინდელ ადმინისტრაციასთან პრეტენზიები მაქვს: "თეთრმა სახლმა" თავდაპირველად განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდა. როცა 2016 წელს ვარშავაში ნატოს სამიტი მიმდინარეობდა, მე ამის თაობაზე ბარაკ ობამას ვუთხარი, რომლის პასუხიდან ჩემთვის ნათელი გახდა: ვაშინგტონს დამატებითი პრობლები არ უნდოდა. ბარაკ ობამამ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის გამო რუსეთთან არ იბრძოლებდა. ამ ყველაფერმა ვლადიმერ პუტინს ხელები გაუხსნა.

- უკრაინა უკვე დიდი ხანია აცხადებს თავის სურვილს ნატოში გაწევრების თაობაზე, მაგრამ დასავლეთში თუ აღიქვამს ვინმე კიევის ინტერესს სერიოზულად?
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკიდურესად არაპროგნოზირებადია, თვითონ დონალდ ტრამპიც ასეთია. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ პრეზიდენტთან, რომელსაც მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. მაგრამ დღეს ევროპელი მოკავშირეები ვაშინგტონს კიდევ უფრო ნაკლებად ენდობიან, ვიდრე ჯორჯ ბუშის დროს. ამაშია პრობლემა. დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინის სურვილს მხარი დაუჭიროს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ მას გერმანია ან საფრანგეთი დაეთანხმება. ასე რომ, რეგიონის სახელმწიფოებს, ბალტიის ზღვიდან დაწყებული, შავი ზღვისა და კავკასიის ჩათვლით, უპირველესად საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და არა დასავლელი მოკავშირეებისა, რომლებსაც სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსეთთან დაპირისპირება.

- შეძლებს კი ვლადიმერ ზელენსკი დასავლეთიდან დახმარების მიღებას, თუ იგი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, როგორშიც თქვენ იყავით 2008 წელს - რუსეთის ჯარების თავდასხმის დროს, ავიაციის გამოყენებით?
- თუ ასეთი რამ მოხდება, რუსეთი უკრაინის თავდაცვის ხაზს სწრაფად გაარღვევს. დასავლეთი კიევს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, მაგრამ მოსკოვს სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიადგება: ევროპა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს შეწყვეტს, რუსეთს SWIFT-ის სისტემიდან გამორთავენ... მოკლედ, რუსებს ძალზე ძვირად დაუჯდებათ უკრაინაზე თავდასხმა, შედეგები მოსკოვისათვის კატასტროფული იქნება. მაგრამ შესაძლოა ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ "ჩიტი ბდღვნად ღირს“ - იგი ხომ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს...

- ბოლო დროს პრესა რუსეთის მიერ ბელარუსის ანექსიის პერსპექტივაზე წერს...
- რუსეთის მეიერ ბელარუსის "გადაყლაპვა“ - ეს სრულიად რეალური საფრთხეა. ბელარუსის სახელმწიფოს ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსულ მასმედიას იქ დომინირებული მდგომარეობა უკავია. რუსული მასმედია ალექსანდრე ლუკაშენკოს მანევრებს ზღუდავს. იგი ვლადიმერ პუტინისათვის არასასიამოვნო ფიგურად რჩება. მოსკოვს სურს, რომ მის ადგილზე უფრო ლოიალური პიროვნება იყოს. ალექსანდრე ლუკაშენკო ტრადიციულად ლავირებს, მაგრამ სიმტკიცეს იჩენს. მან თავისი ხასიათი მაშინაც აჩვენა, როცა მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, უარი განაცხადა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ბაზი
08 მაისი 2019 06:54
შენი მთავარი მტერი შენი სიხარბე, შენი სადიზმი და შენი უჭჯუობაა მიხაილო

რუბრიკის სხვა სიახლეები
19-08-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები