სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება - რას ამბობს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება - რას ამბობს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია.

ზურაბიშვილის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააცნო. როგორც მოისწრაფიშვილი აცხადებს, გამოყენებული იქნება ყველა რესურსი იმისთვის, რომ ეს უფლება სრულად დაცული იყოს.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიაზე "შეტევის ახალი ფაზა იწყება".

ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რუსთავი2"-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ნიჟარაძე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"