"დაუთმობს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას, ანუ ალბანური წარმოშობის მონასტერს საქართველოს?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"დაუთმობს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას, ანუ ალბანური წარმოშობის მონასტერს საქართველოს?" - რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა?

აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: ვის აწყობს ვნებათაღელვის გამწვავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე?

სტატიაში მიმოხილულია აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. მასში გაანალიზებულია ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაც, საკმაოდ რადიკალური კომენტარებით (ავტორი - რ.ველიევი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე მომხდარი ბოლო ინციდენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის (2019 წლის თებერვალში) პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. მისი განცხადების შემდეგ - უნდა დაჩქარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაო, საზღვარზე სიტუაცია შესამჩნევად გაუარესდა. პრეზიდენტის (ყოფილი დიპლომატის) ბაგეთაგან წარმოთქმულმა სიტყვებმა გავლენა მოახდინა დავით გარეჯის კომპლექსზე - იქ მყოფ ბერებზე, პილიგრიმებზე (მომლოცველებზე) და ტურისტებზე. [მოძრაობა "ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლებმა პატრულირებაც დაიწყეს]. იქმნება საფრთხე, რომ "თავიანთი საქმის ასეთი ოსტატების“ მოქმედებას უარესი სიტუაციის გამოწვევა შეუძლია.

საქართველო, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს, გლობალურ ტრანსკონტინენტურ ინტეგრაციულ პროექტებშია ჩაბმული, რომლებიც ბაქოს მიერ არის ინიცირებული. ახლა, როცა თბილისი მონასტრის საკითხის გააქტიურებას ახდენს, აზერბაიჯანის საზოგადოებას სამართლიანად ებადებათ კითხვები. იმავდროულად ქართველები ლოიალურად უდგებიან სომხების არასწორ მოქმედებას, რითაც, ნებით თუ უნებლიედ, აგრესორს დანაშაულებრივ "გმირობაზე“ აქეზებენ. თბილისი ასეთი მოქმედებით სამხრეთ კავკასიაში ახალ რისკებს ქმნის. ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში კიდევ ერთ დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ქვემო ქართლის ანუ ბორჩალოს რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული: მიმდინარეობს აზერბაიჯანული გეოგრაფიული დასახელებათა ქართულით შეცვლა, სასკოლო სწავლება ქართულ ენაზე, იქმნება მიწაზე საკუთრებისა და საკადრო პრობლემები... ეს ყველაფერი ადგილობრივად მცხოვრები აზერბაიჯანელების გაღიზიანებას იწვევს.

საქართველოს ხელისუფლება პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვემო ქართლში სვანების ჩასახლებას ეწეოდა - სვანეთში მომხდარი სტიქიური უბედურების საბაბით. დღეს სვანების იქ ყოფნა პერიოდულად აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებას იწვევს, რასაც ზოგჯერ მასობრივი ხასიათი აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ეთნიკური აქტიურობა თვით აზერბაიჯანში ფართო პატრიოტულ გამოძახილს პოულობს.

როგორი იქნება ბაქოს შემდეგი ნაბიჯი? დაუთმობს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას, ანუ ალბანური წარმოშობის მონასტერს საქართველოს? ვფიქრობთ, რომ არ დაუთმობს. ამიტომაც საქართველოს ხელმძღვანელებმა უკეთესი იქნება გონებას მოუხმონ და იმ ჭაში ნუ ჩააფურთხებენ, საიდანაც ისინი წყალს სვამენ“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ