რომელი პოლიტიკოსია "მტაცებელი", ვის აქვს "სარკისებრი თვალები" და ვინ არის "არასრულფასოვნების პაკეტი" - რას გვაჩვენებს პოლიტიკოსთა სხეულის ენა? - კვირის პალიტრა

რომელი პოლიტიკოსია "მტაცებელი", ვის აქვს "სარკისებრი თვალები" და ვინ არის "არასრულფასოვნების პაკეტი" - რას გვაჩვენებს პოლიტიკოსთა სხეულის ენა?

ფსიქოლოგი სოფო ხარატი, წლებია, ადამიანების სხეულის ენის შესწავლითაა დაინტერესებული. ამ სფეროში უმაღლესი განათლება მან გერმანულ უნივერსიტეტში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საინტერესო მოსაზრებებს ქართველ მკითხველს ხშირად უზიარებს. ფოტოების მიხედვით სოფოს ქართველი პოლიტიკოსების დახასიათება ვთხოვეთ.

სოფო ხარატი

სალომე ზურაბიშვილი - ბიზნესლედი - ზომიერად გრძელი თმა, ზომიერი ღიმილი, მოჭარბებული კრიტიკულობა

- სალომე ზურაბიშვილი სხვა მენტალიტეტის ადამიანია, რომელიც თავისი ვიზუალითაც გამოირჩევა. მისი ჩაცმის სტილი კარგად შეესაბამება მის თანამდებობას და მუდამ ცდილობს, "ოქროს წესები" არ დაარღვიოს. თუმცა, მისი შინაგანი სამყარო იმდენად განსხვავდება რეალური გარემოსგან, რომ ხშირად კარგავს კონტროლს და მუდმივად ხდება ჟურნალისტებისა და ხალხის კრიტიკის ობიექტი. მისი შინაგანი სიმკაცრე გამოისახება როგორც ჩაცმულობაზე, ასევე თმის ვარცხნილობაზეც. ბიზნესლედი - ზომიერად გრძელი თმა, ზომიერი ღიმილი, მოჭარბებული კრიტიკულობა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარე სამყაროს მიმართ. მას თითქმის არ შეუძლია იყოს ნამდვილი ქალი, მოქნილი და მიამიტი. იგი უფრო სწორხაზოვანი და მკაცრია. მისი სიმკაცრე მის პირდაპირობაშიც კარგად ჩანს. საზოგადოება არ არის შეჩვეული მსგავს პერსონებს ეთერსა და პოლიტიკაში. ხალხი უფრო მეტად მოქნილ და ტკბილ სიტყვებს ელოდება ეთერიდან, ვიდრე გაუკონტროლებელ სიმკაცრესა და პირდაპირობას.

ქალბატონი სალომე ნასწავლი ღიმილით ჩნდება ეთერში, რაც მას არ სიამოვნებს. იგი არ არის მიჩვეული რეკომენდაციების მიღებას, თუნდაც იმისთვის, რომ სხვას თავი მოაწონოს, არამედ იგია ის, ვინც თვითონ იძლევა ბრძანებებს. იგი ხელის თითების მოძრაობითაც გამოირჩევა, აგრეთვე, სხეულის მანერებითაც, რაც მის შრომისმოყვარეობას უსვამს ხაზს. მაგრამ ის ფრანგული წესებითა და კრიტიკით უდგება ქართულ საქმესაც, რაც მისი წარუმატებლობის მიზეზიც შეიძლება იყოს.

"მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა. მტაცებლის მახასიათებლები აქვს"

- ბიძინა ივანიშვილშიო არ არის მრავალმხრივი ხასიათი, მაგრამ მისი ხელების მოძრაობაში კარგად ჩანს საქმიანი დეტალები. მისთვის პრიორიტეტულია საქმის წარმოება, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზებით, არ აღელვებს, მოეწონებათ თუ არა მისი საქმიანობის სტილი. ამავდროულად, მას შეუძლია იყოს მზრუნველი მამა და გამოხატოს მხარდაჭერა, უყვარს გადამრჩენელის როლში ყოფნა. მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა, არ უნდა იარსებოს გამოუვალმა სიტუაციებმა, მას აქვს დიდი მოთმინების უნარი, ნებისყოფა და მტაცებლის მახასიათებლები. ყოველთვის მოელის იმას, რაც სურს, ესაა მისი სიძლიერის გარანტია. მას შეუძლია მისცეს ადამიანს შეცდომის ჩადენის უფლება და ელოდება, სადამდე გასტანს მისი შეცდომები. სალომესგან განსხვავებით, რომელიც ათ წამსაც არ აპატიებს შეცდომას და აუცილებლად მიუთითებს მას.

ეკა ბესელია - კარგი მსახიობი

- ეკა ბესელია ლავირებადი პერსონაა, მიუხედავად მისი თითქოს მკაცრი მანერებისა. ის ისე "იცვამს" და "იხდის" როლებს, როგორც თეატრის მსახიობი - სცენაზე. ხასიათით მტაცებელია, მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და მისთვის თითქოს შეცდომა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოტოზე, ორი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პერსონაჟი ჩანს - მკაცრი, პატიოსანი, მოაზროვნე, რომელსაც თავისი პოლიტიკური და ანალიტიკური შეხედულებები აქვს და მეორე - ყველაფერზე წამსვლელი მტაცებელი, რომლისაც უნდა ეშინოდეთ.

სარკისებური თვალები

- ირაკლი კობახიძე ყოველთვის ერთი და იმავე მიმიკით ჩნდება ეკრანზე, რის გამოც ბევრ ადამიანში გაურკვევლობას იწვევს. არის მოსაზრება, რომ პოლიტიკოსს არ უნდა ეტყობოდეს ემოცია, მაგრამ აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს. მისი სარკისებური თვალები და მუდმივად ერთი სტილის გამოხედვა მის არაპროფესიონალიზმზე უფრო მეტყველებს, ვიდრე პროფესიულ სიმყარეზე. მარგარეტ ტეტჩერი იწოდებოდა რკინის ქალად, მაგრამ მას ჰქონდა მეტყველი სახე და ჩამოყალიბებული მიმიკები, ირაკლი კობახიძის სხეულის ენა კი მთლიანად დაბლოკილია, რაც აუდიტორიისათვის ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის. კობახიძე არ ასოცირდება ძლიერ პერსონად. მისი უემოციო ხასიათი გაურკვევლობას უფრო აჩვენებს.

შოკის მომგვრელი გეგმა

- სააკაშვილი-მელია-ვაშაძე - სამივეს საქმიანი იმიჯი აქვს. მმართველი სააკაშვილია, კარგი მსმენელი - ნიკანორ მელია, შემსრულებელი კი გრიგოლ ვაშაძეა. ფოტოზე ჩანს მათი შეთანხმებულობა და კმაყოფილება, მათი სახის მიმიკები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველის გეგმა შოკის მომგვრელი იყო, ძნელად აღიქვამენ ყველაფერს. ისინი უკანდასახევ გზას იტოვებენ. ვაშაძის შეკრული მუშტი ფარულ ზრახვებს აღწერს, რომელიც მის სავარაუდო პირად ინტერესებს გამოხატავს. მელიას ხელების მდგომარეობა ორჭოფობაზე მეტყველებს, გიორგი ვაშაძე არასრულფასოვანი პაკეტია, მას აკლია ქარიზმა, ენერგია, სიზუსტე და სიძლიერე.

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"