"ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა სწორი არ არის" - კვირის პალიტრა

"ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა სწორი არ არის"

"წამოიწყეს ეს გამოძიება, მაგრამ ეშინიათ რეგიონის აფეთქების და მაქსიმალურად ფრთხილად იქცევიან. არადა, ასეთი განცხადებების მერე მაჩალიკაშვილს თუ არ დააკავებენ, თვითონ გამოდიან უსუსურები"

განვლილი კვირა პარადოქსული პოლიტიკურ-სამართლებრივი ამბებით იყო დახუნძლული. ყველაზე რეზონანსული გამოდგა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვას ცდილობდა და მტკიცებულებად წარმოადგინა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან საუბრობს და სუს-ის მტკიცებით, ტერაქტს გეგმავს. პარადოქსი ამ ამბავში ის არის, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ არავინ დაუკავებიათ. სუს-ის განცხადებისთანავე გამოჰკითხეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რამდენიმე დღის შემდეგ კი თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც. იყო მოლოდინი, რომ მას დააკავებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მაჩალიკაშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, ამბობს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს შურისძიების გრძნობა, შესაძლოა ლაპარაკით ბევრი რამ თქვას კიდეც, მაგრამ კანონი არ დაურღვევია.

გაუგებარია ხელისუფლების მოქმედება, რომელიც, ერთი მხრივ, მძიმე დანაშაულის დაგეგმვის მცდელობაში ამხელს პირს, მეორე მხრივ კი ზომებს არ იღებს, რაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან:

რამაზ საყვარელიძე

- ამბობთ, რომ ბევრი კითხვა არსებობს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ გაგიკვირდებათ და, მე კითხვები არა მაქვს. არა მაქვს იმიტომ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ბევრი უთავბოლო და დაუგეგმავი ნაბიჯი ვნახეთ. სულ ახლახან იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რამდენი გაუთვლელი და გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ"? ჯერ იყო და, განაცხადეს, რომ პრეზიდენტი იმდენად უუფლებოა, სულ არ გვაინტერესებს ეს პოსტი და თუნდაც ოპოზიციას დარჩესო, მერე მიხვდნენ, რომ ამას შეიძლებოდა ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა მათთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და დაიწყეს აქტიურობა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მეორე ტურისთვის კი რა მობილიზება დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს, კი ვნახეთ.

ამიტომაც სულ არ მიკვირს, რომ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ეს საქმეც გაუგებრად წამოიწყეს. ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსმენდი, თურმე ინფორმაცია და ჩანაწერი იმიტომ გაავრცელეს, რომ პრევენცია მოეხდინათ და დანაშაული არ მომხდარიყო. ასეთი რამ აქამდე არც გამიგია, მგონი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ადამიანს აბრალებენ ტერორისტული აქტის მომზადებას, ის კი დღეების განმავლობაში თავისუფლად დადიოდა, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჰკითხეს და კვლავაც არ დააკავეს. თუმცა საგულისხმოდ მეჩვენა სუს-იდან გამოსული მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება, როდესაც თქვა, თარგმანშია შეცდომაო. ის გამოირჩევა ხოლმე სუს-ის მიმართ აგრესიულობით, თუმცა ამჯერად არ შეუტია და ყველაფერი ტექნიკურ გაუგებრობას დააბრალა. ეს ნიუანსი, ვფიქრობ, საინტერესოა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი ვარაუდით, სუს-ში მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ბევრი რამ ითქვა, შესაძლოა შეთანხმებაც შედგა, რათა ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს.

- ძალიან უცნაური იქნება ამხელა ამბის შემდეგ პროცესების თქვენეული ვერსიით განვითარება. საინტერესოა, თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია სუს-ის ვერსია? - დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი, ჩანაწერის შინაარსი იძლევა იმის საშუალებას იფიქრო, რომ შესაძლოა მართლაც იგეგმებოდა რაღაც, თუმცა, როგორც მაჩალიკაშვილმა თქვა, თარგმანის პრობლემა ყოფილა. თუ ასეა, გამოდის, საუბრის შინაარსიც არ ვიცით ზუსტად. ერთი კია, ჩემი აზრით, ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა სწორი არ არის. მისი განსაზღვრება სრულიად განსხვავებულია.…

როდესაც მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს შურისძიების გრძნობა, ეს გაცილებით გასაგებია. მამუკა არეშიძემ თქვა, რომ ქისტებში, ისევე, როგორც სხვა კავკასიელ მთიელებში, ღრმად არის გამჯდარი სისხლის აღების ადათი, მათთვის მტერზე შურისძიება მისაღებიც კია, თუმცა ეს ვერ ჩაჯდება სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამას გამართლება ვერ ექნება. შესაბამისად, თუ ვინმე დამნაშავეა, მას კანონმა უნდა აგებინოს პასუხი. მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა არ გამოვა.აგერ ირანმა აშშ გამოაცხადა ტერორისტად, რაც იმდენად არაადეკვატური შეფასებაა, სასაცილოც კი არის.

მეორე მხრივ, მაჩალიკაშვილებს აქვთ სათქმელი - თითქმის წელიწად-ნახევარია ეძებენ სამართალს და ვერ პოულობენ. ეს არის დიდი ქვა ამ ხელისუფლების კისერზე. გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში საქმის გამოძიება, იმგვარი არგუმენტების წარმოდგენა, რომლებიც დამაჯერებელი იქნებოდა ოჯახისთვის? თუ არა აქვთ არგუმენტები და მტკიცებულებები, მაშინ უნდა აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა.

- ბოლო დღეებში ისმოდა კითხვა, თუ მართლაც იმის ჩამდენია მაჩალიკაშვილი, რასაც აბრალებენ, რატომ არ აკავებენო. თქვენი აზრით, რა ახსნა აქვს ამას? - ის, რომ დილემის წინაშე დგანან და გაბედულება არ ჰყოფნით გადაწყვეტილების მისაღებად. იგივე არ მოხდა პანკისში 21 აპრილს? პოლიციას ქვები დაუშინეს, "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, იმიტომ, რომ პანკისში პრობლემის გამწვავებას მოერიდნენ, არადა, შეეძლოთ თავიდან ეფიქრათ გადაწყვეტილების შედეგებზე.

ახლაც წამოიწყეს ეს გამოძიება, მაგრამ რეგიონის აფეთქების ეშინიათ და მაქსიმალურად ფრთხილად იქცევიან. არადა, ასეთი განცხადებების მერე თუ არ დააკავებენ, თვითონ გამოდიან უსუსურები. როგორც ჩანს, თანახმა არიან აღიარონ უსუსურობა.

საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია! ერთი-ორის გარდა, გადაწყვეტილების მიღებას ყველა გაურბის. ამგვარი გაბედული ფიგურა ჩანს გახარია, ამიტომაც არის მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მოკლედ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მართვის მკაცრ სტილზე, თუმცა თვითონ როგორ უნდა მართოს, ეს ვერაფრით ჩამოაყალიბა. შეეცდებიან რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ნაბიჯ-ნახევარში უკან იხევენ. პროცესების დიპლომატიურად მართვის უნარიც არ შესწევთ.

- რადგან ხელისუფლების სამოქმედო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაშვებული გიორგი ქობულიას ინტერვიუებმა? ერთი შეხედვით, მისი განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ არაგუნდურად და არათანამიმდევრულად მოქმედებს მთავრობა... - ეს რომ მხოლოდ ქობულიას განცხადებები იყოს, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ის განაწყენებულია, მისი შეფასებები კი - გაზვიადებული, მაგრამ ჩემთვის გაცილებით

საგულისხმო იყო შს მინისტრ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებები პანკისში განვითარებულ მოვლენებზე. ჯერ ერთი, ფაქტობრივად, აღიარეს შეცდომა, თუმცა, ამასთანავე, აშკარად გაიშვირეს ხელი სხვა სამთავრობო უწყებებისკენ.

ეს განსაკუთრებულად გიორგი გახარიაზე ითქმის, რომელმაც თითქმის პირდაპირ თქვა, ჰესები ჩემი საქმე არ არის და იმ უწყებებს, რომლებმაც ამ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილებები, მეტი უნდა ემუშავათო. როცა მთავრობის წევრები შეცდომას აღიარებენ, კარგია, თუმცა ხომ აშკარად ჩანს ამ განცხადებებიდან, რაოდენ შეუთანხმებლად მუშაობს მთავრობა და როგორ ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომაც არის, რომ ამდენ პრობლემას თვითონვე უქმნის საკუთარ თავს.

ის, რაც პანკისში მოხდა, ანუ ამგვარი შეცდომები, უშედეგოდ არ ჩაივლის და ეს შესაძლოა ძალიან მრავალმხრივი იყოს. ეს ვნახეთ უკვე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც. ამ საკითხზე ხეობა დღემდე ინარჩუნებდა ნეიტრალურ დამოკიდებულებას და ელოდა პროცესების განვითარებას, თუმცა ახლა უკვე ვნახეთ ადგილობრივთა პროტესტი. არადა, დიპლომატიითა და სწორად დაგეგმილი სტრატეგიით ადვილად შეიძლებოდა ადგილობრივებთან ჰესის მშენებლობის შესახებ საერთო ენის გამონახვა.

- გასულ კვირას საქართველოს საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობდა, რომელმაც ვიზალიბერალიზაციაზე საგულისხმო განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთისთვის შემაშფოთებელია თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების მზარდი რიცხვი და საქართველოს მთავრობასთან იმ პრევენციულ ღონისძიებებზე გამართა მოლაპარაკება, რაც თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადს შეამცირებს. მისი განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ქართველ კოლეგასთან არ უსაუბრია, თუმცა ამის ამოქმედების შესაძლებლობა არსებობს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, მაგრამ, ფაქტია, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უკვე ლაპარაკობს ამ საკითხზე. რამდენად მოსალოდნელია პროცესის ამგვარი განვითარება? - ამის შესაძლებლობა რომ არსებობს, ამაზე მე კი არა, აგერ საფრანგეთის შს მინისტრი ლაპარაკობს, თუმცა მაინც მგონია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამგვარ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიიღებენ. ფაქტია, საქართველოდან მიგრაციის დინამიკა მზარდია. თუმცა ამის მიზეზების კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია. ეს საკითხი, ძირითადად, პოლიტიკური სპეკულაციების თემა უფროა ხოლმე. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ბრძანა, ამ პროცესს პოლიციური წესით ვერ შეაჩერებთ, ჯობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთო. ეს განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა, თუმცა შეიცავს სიმართლის მარცვალსაც, ამ მასშტაბის მიგრაციის მიზეზი მთლად ეკონომიკური მდგომარეობაც არა მგონია.

ამ არალეგალურ მიგრაციაში მნიშვნელოვანია კრიმინალური კომპონენტი, რაც, ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში ყველაზე მეტად აშფოთებთ. კრიმინალის ზრდა აშკარაა საქართველოშიც. ამის მიზეზების შესწავლითა და გაანალიზებითაც არავინ იკლავს თავს.

ხომ ფაქტია, რომ გვქონდა უკიდურესად მკაცრი დამოკიდებულება კრიმინალთან მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, როდესაც კრიმინალური შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ როგორც კი სიმკაცრე შერბილდა, კრიმინოგენული ვითარება კვლავ გაუარესდა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი საზოგადოების განწყობების, მენტალიტეტის, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების კვლევა და ამის შედეგად პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვა. ეს შეეხება ანტიმიგრაციულ პოლიტიკასაც, თუმცა პრობლემის შესწავლით თავს არ იწუხებენ და სრულიად გაუთვლელ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ბზობას პანკისის მოვლენებმაც ცხადყო. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ამიტომაც მართლა მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ მოახერხებს ჩვენი ხელისუფლება თუნდაც ამ არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავებას.

- საქართველოში წელსაც უხმაუროდ არ ჩაუვლია ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს. 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზოგიერთი ჯგუფის დაპირისპირების თანხლებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად აგრესიული იყვნენ პრორუსული ჯგუფები... - ვიცით, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები მთავარ გამოწვევად ასახელებენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს, მათ შორის ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ძალიან მასშტაბურად თითქმის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ აწარმოებს რუსეთი. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ მას პროპაგანდისთვის ყველა ბერკეტი გამოვაცალოთ ხელიდან. რაკი ვხედავთ, რომ 9 მაისს ის პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ეს თარიღი 8 მაისს აღვნიშნოთ და დავარქვათ, ვთქვათ, "მეორე მსოფლიო ომში გმირულად მებრძოლი ადამიანების დღე" და გავათავისუფლოთ დღესასწაული რუსული შინაარსისგან. მაშინ შეგვეძლება ღირსეულად მივაგოთ პატივი ომში დაღუპულებსაც და იმ 300-მდე ვეტერანსაც, რომლებიც ამ გაწამაწიასა და არეულობაში, მგონი, ყველას მიავიწყდა. არადა, სანამ ეს ხალხი ცოცხალია, ისინი უნდა იყვნენ ამ დღის მთავარი გმირები და არა ეს პოლიტიკური ინსინუაციები.

რაც 9 მაისს მოხდა, ეს იყო ტრავმა ვეტერანებისთვისაც და ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც. მით უფრო ახალ თაობას ამ თარიღის მნიშვნელობის განცდა აღარ აქვს, რადგან ამ ვითარებაში 9 მაისს მტერთან - რუსეთთან აიგივებს.

- მოგეხსენებათ, 19 მაისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში შუალედური არჩევნები გაიმართება...

- არაერთხელ ითქვა, რომ 19 მაისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია იქნება. მე მაინც მგონია, რომ დიდწილად "ქართული ოცნება" მოიგებს, თუმცა ზუგდიდსა და მარნეულში დიდი დაძაბულობა იქნება.

სიმართლე გითხრათ, ზუგდიდზე მეტად მარნეულის ამბავი უფრო რთულად მეჩვენება, რადგან იქ ძლიერი და ბრძოლაში გამოწრთობილი კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, თან ეს საკმაოდ რთული რეგიონია.

რაც შეეხება ზუგდიდს, ვფიქრობ, სანდრა რულოვსმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს. მაგალითად, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ზუგდიდში რულოვსის იმ წიგნზე, სადაც არცთუ კარგი კონტექსტით ჰყავს მოხსენიებული ზვიად გამსახურდია. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის შედეგი ვნახე, რომელიც არ გამოქვეყნებულა, სადაც სანდრა რულოვსი აშკარად აგებს.

რაც შეეხება იმას, რატომ მგონია, რომ "ქართული ოცნება" თითქმის ყველგან გაიმარჯვებს, მხოლოდ და მხოლოდ უალტერნატივობის გამო.