რას მოგვიტანს უვიზო რეჟიმი?! - კვირის პალიტრა

რას მოგვიტანს უვიზო რეჟიმი?!

"დარწმუნებული ვარ, ჩრდილო კავკასიასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს. გარანტიას გაძლევთ, რომ რუსეთი ყაზბეგის რაიონში მუშაობას დაიწყებს"

"პერევმა თავისი ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა დაკარგა და ამიტომაც დათმეს რუსებმა იოლად"

ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების მიცემა ზოგმა სარისკო ქმედებად, ზოგმა რუსეთის გაღიზიანების მცდელობად, ზოგმაც კი მეზობელ კავკასიელებთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მონათლა. რა დადებითი და რა რისკფაქტორები ახლავს ამ სიახლეს, ამ საკითხებზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ამ სიახლის მხოლოდ უარყოფითად ან დადებითად შეფასება არ შეიძლება. ქართველი პოლიტოლოგების ერთი ნაწილის აზრით, ეს არის რუსეთის სვლა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება აიძულა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.

მეორე ვერსიით, ეს სომხეთისთვის გაკეთდა, რადგან ჩრდილო კავკასიაში დაახლოებით მილიონამდე სომეხი ცხოვრობს და ამ საკითხის  გადაწყვეტაში სომხეთიც იყო ჩარეული.

არის მესამე ვერსიაც. კერძოდ, ამ გზით უფრო გაიოლდება, ერთი მხრივ, რუსეთის ხელისუფლებით უკმაყოფილო ჩრდილოკავკასიელებისა და მეორე მხრივ, ბოევიკთა ემისრების საქართველოში შემოსვლა. ხელისუფლების ვერსიით კი უვიზო რეჟიმის მეშვეობით საქართველოში ჩამოვლენ მხოლოდ პოლიტიკური დისიდენტები და ახალგაზრდები სასწავლებლად.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბეს, საქართველოში შემოსასვლელად მხოლოდ პასპორტია საჭირო თუ ნებისმიერი საბუთი? ჩრდილოკავკასიელებს მხოლოდ ლარსის საგუშაგოდან შეუძლიათ შემოსვლა თუ სხვა ადგილებიდანაც, მაგალითად, სამხრეთ ოსეთიდან?

ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეიძლება პროვოკაციადაც ჩავთვალოთ, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს პრეისტორია: როგორ ურიგებდა რუსეთი პასპორტებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას და არა მარტო მათ. ბევრი რუსული პასპორტია შიდა ქართლში, ჯავახეთსა და  სამეგრელოშიც. ამით საქართველომ გარკვეულწილად ჩრდილოკავკასიელები დაუპირისპირა მოსკოვს.

- ამ სიახლეს საქართველოსათვის რა რისკი შეიძლება ახლდეს?

- რისკი, რა თქმა უნდა, არის. ჩრდილო კავკასიაში არის ანტიქართულ ქმედებებზე ორიენტირებული არაერთი ექსტრემისტული ორგანიზაცია. თუნდაც "დარიალი", რომელშიც გაერთიანებული არიან თრუსოსხეობელი და კობელი (ანუ ყაზბეგის რაიონში მცხოვრები) ოსები. მათი ამოცანა და ცენტრალური სტრატეგიული გეგმაა ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ოსეთთან შეერთება. "დარიალს" ჩრდილო ოსეთის ხელისუფლებაც ეხმარება. ამ საქმეში ჩართულია იქაური პრესაც, მაგალითად, გაზეთი "გოლოს ოსეტიი", რომლის მფლობელი რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევია.

"დარიალის" წევრებმა რამდენჯერმე სცადეს საქართველოში შემოღწევა. ორჯერ აქციაც მოაწყვეს იმის გამო, რომ რუსებმა არ გამოატარეს. ერთხელ როგორღაც გამოუძვრნენ და საქართველოს მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.  როგორ უნდა გაარჩიოს ქართველმა მესაზღვრემ, რომელია "დარიალის" წევრი და რომელი  - არა?

მართალია, ბოევიკი ლარსის გამშვები პუნქტით არ შემოვა და უფრო სუსტად დაცულ ადგილს აირჩევს, მაგრამ ლარსის გამშვები პუნქტით შეიძლLება შემოვიდნენ მათი ემისრები.

თრუსოს ხეობაში მცხოვრები ოსების სახლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზოგი სტიქიამ დააზიანა, ზოგი დროთა განმავლობაში ჩამოინგრა, ზოგიც გაიძარცვა. ვამბობდი, სანამ ლარსს გავხსნით, ამ ხალხს დავუძახოთ,  სახლები მათთან ერთად აღვადგინოთ, რათა ინიციატივა ექსტრემისტული ორგანიზაციების ხელში არ იყოს-მეთქი. არ გამიგონეს და გახსნეს ლარსი. ხომ შეიძლება, ეს ხალხი დროშებით კი არა, ცალ-ცალკე შემოვიდეს საქართველოში? გადაიღებენ, რა მდგომარეობაშია მათი სახლები და მსოფლიოს შეგვიყრიან, ქართველებმა ჩვენი სახლები დაანგრიესო, მერე კი აქციასაც გამართავენ ყაზბეგის ცენტრში და შესაძლოა შეტაკებაც მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ  კავკასიის სამხედრო გზის ზოგიერთ ადგილას ლამის მიმდგარია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, მაგალითად, მლეთასთან. გამოვრიცხავთ, რომ პროვოკაცია მოაწყონ ყაზბეგში და დასახმარებლად რუსეთს უხმონ, რუსეთის მოქალაქეებს გვჩაგრავენო? მით უმეტეს, რომ რუსეთს კანონმდებლობით აქვს გათვალისწინებული, რომ თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც დაეხმაროს. ამ მხრივ უვიზო რეჟიმის შემოღება ჩრდილო კავკასიასთან საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. დარწმუნებული ვარ, ჩრდილო კავკასიასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს. გარანტიას გაძლევთ, რომ რუსეთი ყაზბეგის რაიონში მუშაობას დაიწყებს.

- მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პარლამენტში ბოევიკების შეჭრა რამზან კადიროვმა საქართველოს დაუკავშირა, - ერთადერთი წყარო, ვინც ბოევიკებს ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან, საქართველოაო.

- რაც შეეხება პარლამენტში ბოევიკების შეჭრას, ასეთი რანგის (რომ სახელმწიფო დაწესებულებას დასხმოდნენ თავს და ეს დაგეგმილი ოპერაცია ყოფილიყო) ტერორისტული აქტი კავკასიაში არ მომხდარა ნაზრანზე თავდასხმისა და ნალჩიკში მომხდარი შეტაკებების შემდეგ. ეს თავდასხმა, ვფიქრობ, იმ კონკურენციის შედეგია, რაც ისლამისტურ იატაკქვეშეთში წარმოიშვა. ორივე ძალა შეეცდება მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს ქულების დასაწერად. მოსალოდნელია უფრო მასშტაბური აქციები ფედერალებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება კადიროვის განცხადებას, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კიდევ ერთხელ გაკეთებულიყო აქცენტი საქართველოზე, მაგრამ ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს კაცი, რომ ჩეჩნეთის პარლამენტში შეჭრაში სხვისი კვალი იპოვო და არა საკუთარი. ის, რაც ჩრდილო კავკასიაში ხდება, ფედერალური ცენტრისა და ჩეჩნეთის დღევანდელი ხელისუფლების "დამსახურებაა". რომ არა მათი გაუაზრებელი და გაუმართლებლად სასტიკი პოლიტიკა, იატაქვეშეთს ახალი წევრები არ შეემატებოდნენ.

იმდენი ქნეს, რომ იატაკქვეშეთს ყოველდღიურად ემატებიან ახალი წევრები. ესენი მხოლოდ ისლამისტები როდი არიან, ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა მოსწონს, ზოგს ნათესავი ან ძმა მოუკლეს ფედერალებმა. იქ სისხლის აღების ადათი ჯერ კიდევ არსებობს და რატომ არ ითვალისწინებს ამას კადიროვის ხელისუფლება, გაუგებარია.

საქართველოს მთიანეთი, რომელიც დაღესტანსა და ჩეჩნეთს ესაზღვრება, მესაზღვრეების იმედზეა. იქ ისეთი რელიეფია, მესაზღვრეების მთელი პოლკიც რომ იდგეს, მაინც ვერ დაიცავს. იქ საჭიროა მოსახლეობა, რომელიც ძირისძირამდე იცნობს ადგილობრივ კლიმატსა და ლანდშაფტს. სამწუხაროდ, საქართველოს მთიანეთი მოსახლეობისაგან თანდათან იცლება. დაახლოებით 500-კილომეტრიან ზოლზე ჩრდილო კავკასიის საზღვრის გასწვრივ 25 ათასი კაცი ცხოვრობს, უმეტესობა რაჭასა და სვანეთში, რაც ძალიან ცოტააა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ფაქტობრივად, მოშიშვლებულია. მთელ ხევსურეთში ახლა დაახლოებით 120 კაცია, თუშეთში კი ასე, 30. როგორ გინდა,  ამხელა ტერიტორიები მხოლოდ მესაზღვრეების იმედად დაიცვა? კატასტროფული ვითარებაა. ყველას შეუძლია საქართველოში შემოსვლა.

- პერევიდან რუსების გასვლას შეიძლება მოჰყვეს უახლოეს პერიოდში მათი გასვლა სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან?

- პერევიდან საოკუპაციო ჯარები რომ გავიდოდა, ჯერ კიდევ ზაფხულში ვთქვი. რასაკვირველია, საერთაშორისო ზეწოლაც იყო და ქართულმა დიპლომატიამაც იმუშავა, მაგრამ პერევი ერთადერთი სოფელია ავტონომიური რესპუბლიკების გარეთ, რომელიც რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული. ცხადია, ეს რუსეთს დისკომფორტს უქმნიდა. პერევი ისეა შეჭრილი სამხრეთ ოსეთში, რომ მხოლოდ მისი გავლით შეიძლებოდა სამხრეთ ოსეთის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებთან დაკავშირება.

ახლა რუსებმა შემოვლითი გზა გააკეთეს ოსური სოფლის სინაგურის  გავლით. პერევმა თავისი ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა დაკარგა და ამიტომაც დათმეს რუსებმა იოლად.

რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახალგორის დამთმობიც არის, რადგან განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ეს დამოკლეს მახვილია საქართველოს თავზე - ახალგორის ზოგიერთი სოფლით, მაგალითად, სოფელ ორჭოსანით საოკუპაციო ჯარი ტრანსკავკასიური მაგისტრალის ერთ მონაკვეთს აკონტროლებს. რატომ დაკარგავს ასეთ მნიშვნელოვან კონტროლის მექანიზმს რუსეთი? გარდა ამისა, ახალგორით რუსეთი ირიბად აკონტროლებს ყაზბეგის რაიონს.