"არ მეგონა, საქართველოში თუ მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რუსეთს არ დაუპყრია საქართველოს ტერიტორიებიო" - კვირის პალიტრა

"არ მეგონა, საქართველოში თუ მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რუსეთს არ დაუპყრია საქართველოს ტერიტორიებიო"

როგორ უპირისპირდება საქართველო ჰიბრიდულ ომს

რატომ გახდა აქტუალური ჰიბრიდული ომი და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ნინო გოგუაძეს, რომელიც პარლამენტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

- ჯგუფის შექმნის მიზანია გავიგოთ, როგორ უმკლავდება სახელმწიფო, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიას, რომელიც, არაერთი კვლევის მიხედვით, მიმართულია ჩვენი საგარეო კურსის წინააღმდეგ. მთავრობამ უნდა გამოავლინოს, ვინ დგას ამ მართული პროცესის უკან და რომელი ქვეყნის ინტერესები იკვეთება. თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამის უკან რუსეთი დგას. რუსეთის ამოცანაა ანტიდასავლური განწყობის შექმნა და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე თავდასხმა ქაოსური ვითარებისთვის ხელშეწყობით. მთავრობას შემუშავებული აქვს პოლიტიკა, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ამ კამპანიას... ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა, მაგრამ ინფორმაციის გახმაურებისგან თავს შევიკავებ. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს და ამისთვის ისინი მის პოლიტიკას ატარებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის უკან და ვისი ფულით ფინანსდებიან. მსჯელობის საგანია პოლიტიკური პარტიის, მედიასაშუალების, პირთა ვინაობისა და ორგანიზაციების გამოვლენა. ჩვენი ამოცანაა იმის შესწავლა, თუ რით უპირისპირდება ამ კამპანიას მთავრობა, რამდენად სწორია ის პოლიტიკა, რომლითაც, მაგალითად, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ხელმძღვანელობენ.

- რეკომენდაციებს გასცემთ?

- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენად პასუხობს ჩვენი კანონმდებლობა ამ საფრთხეს და გვაქვს თუ არა ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რათა რეაგირება ეფექტიანი იყოს.

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის გავლენა შემცირებულია, ეთანხმებით? - ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ჩვენი საგარეო კურსის მხარდამჭერია. საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ნატოსა და ევროპაშიც.

ნინო გოგუაძე

- ჩვენ გვახსოვს IRI-სა და NDI-ის კვლევები, რომელთა მიხედვით, მოსახლეობაში დასავლური კურსის მხარდაჭერა შემცირებულია... - არ არის შემცირებული. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

- 9 მაისს ვნახეთ "უკვდავი პოლკის" აქცია და პუტინისთვის დაჩოქილი მოქალაქე... - არ მეგონა, საქართველოში თუ მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რუსეთს არ დაუპყრია საქართველოს ტერიტორიებიო. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უკან დგას კამპანიურად დაგეგმილი საინფორმაციო ომი, მისი მიზანია საზოგადოების განწყობებზე ზეგავლენა.

- საამისოდ რა ინსტრუმენტს იყენებენ? - რუსეთი ბევრ საშუალებას იყენებს: მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, ბეჭდურ მედიას, რუსულ ფონდებს, რომლებიც ვითომ უწყინარ ღონისძიებებს ატარებენ, და ჯგუფებს, რომელთაც შეიძლება არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ ჰქონდეთ, მაგრამ სხვადასხვა აქტივობას მაინც მიმართავენ. სოცქსელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყველაზე ხშირად დეზინფორმაციაც მანდ ვრცელდება. გარდა ამისა, არიან ამ ნარატივის მატარებელი მედიასაშუალებები და ორგანიზაციები.

რა თქმა უნდა, სოცქსელსა და დეზინფორმაციულ კამპანიას ხელის ერთი მოსმით ვერ აღმოფხვრი, მაგრამ მისი გავლენის შემცირება შესაძლებელია. ამ საქმეში ყველა სახელმწიფო უწყებას თავისი ფუნქცია აქვს, საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რადგან ის საზოგადოების ყველა ჯგუფის ინფორმირებაზეა პასუხისმგებელი.

ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმაც შექმნა ფეიკნიუსებზე მომუშავე ჯგუფი. როგორც გაარკვიეს, ბრიტანეთში რუსეთის მიზანია საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის დანერგვა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. საქართველოშიც ასე ხდება - ხშირად დეზინფორმაციის მიზანი ის კი არ არის, გვითხრან, რუსეთი რა კარგია, სავსებით შესაძლებელია, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ იყოს მიმართული.

- არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა თუ დაფიქსირებულა?

- არ გამოვრიცხავ, არჩევნებში უფრო გააქტიურდეს.