"მოსამართლეებად ყველა ეთნიკური წარმომავლობის პირები დაინიშნებიან" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეებად ყველა ეთნიკური წარმომავლობის პირები დაინიშნებიან"

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფი რეგიონია, რომელიც განუწყვეტელი კონფლიქტების გამო დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

ერთიანი კავკასიის იდეა ჯერ კიდევ  XIX საუკუნეში წამოაყენა ილია ჭავჭავაძემ. მას შემდეგ კავკასიელებმა არაერთხელ სცადეს იდეის ხორცშესხმა, მაგრამ ყველა ცდა მარცხით დასრულდა. დღეს კავკასიის გაერთიანება ისევ დადგა დღის წესრიგში, ამჯერად მოწადინება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც შეეტყოთ. უკვე რამდენიმე წელია ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული კავკასიელები ევროპის სახელმწიფოების გავლენიან პირებს ხვდებიან, რათა დაარწმუნონ, - მსოფლიოს მშვიდობიანი, ერთიანი და არა ცეცხლში გახვეული კავკასია სჭირდება. მსოფლიო ერთიან კავკასიას რუსეთის საპირწონე დიდ ძალად მიიჩნევს და, ბუნებრივია, რუსეთი ყველა ღონეს მიმართავს, რომ ამ იდეას ხორცი არ შეესხას.

არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კავკასიაში "ერთობის" პოლიტიკის გატარებას იწყებს. პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთიანი კავკასიის მნიშვნელობასა და რეგიონში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ილაპარაკა, 13 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილო ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 90 დღის განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ.

კრემლი ამ ინიციატივამ აღაშფოთა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას პროვოკაცია და ჩრდილო კავკასიაში ვითარების დესტაბილიზების მცდელობა უწოდა. არადა, როგორც ჩანს, თბილისი უკან დახევას არ აპირებს და კავკასიის ხალხთა სასამართლოს შექმნასაც გეგმავს. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს აზერბაიჯანელებმა და თურქებმა. ვის გაასამართლებს კავკასიელ ხალხთა სასამართლო და რა იგეგმება კავკასიის ერთიანობისათვის, ფილოსოფოსი, "თავისუფლებისა და მშვიდობის" ფონდისა და "კავკასიური სოლიდარობის" წევრი შიო არსენიშვილი გვესაუბრება:

- ხალხი არასოდეს არის ომის მომხრე, ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ. ომები ხელისუფლებების იდეოლოგიათა შეჯახების ნაყოფია. ამიტომაც ერთიანი კავკასიის იდეამ ძალზე სწრაფად მიიმხრო ადამიანები. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს დიდი გამოცდილების მქონე თითქმის ყველა სამეცნიერო ჯგუფთან. ეს ის ხალხია, რომელთაც სიტყვა ეთქმით კავკასიაში და რაც მთავარია, არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული.

კავკასიელები დიდი ხანია ვცდილობთ, ერთმანეთთან კონტაქტი არ დავკარგოთ, მაგრამ ჩვენ არც საერთო სახლი გვაქვს და არც საქმე. კავკასიურ სივრცეში შემავალ თითოეულ ქვეყანას თავისი ორიენტაცია, პოლიტიკა აქვს და ამის გამო კავკასიელი ხალხი გაყოფილია. ერთიანი კავკასიის იდეა კი გულისხმობს ერთიანი სამშვიდობო და სამართლებრივი სივრცის შექმნას რეგიონში. კავკასიელი ხალხების წარმომადგენლები, ავტორიტეტული პირები შექმნიან კავკასიის მშვიდობის საბჭოს. ლაპარაკია სახალხო ავტორიტეტების კრებულზე, რომელთაც მართლა სურთ მშვიდობიან კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრება.

- ვინ უნდა გაასამართლოს კავკასიის ხალხთა სასამართლომ?

- უპირველესად მიიღებს გენოციდის, შეიარაღებულ დაპირისპირებათა, ტერიტორიულ პრეტენზიათა შემცველ სარჩელებს.

- ეს ხომ არ დაძაბავს ურთიერთობებს კავკასიელ ხალხებს შორის?

- დანაშაულის აღიარება ერთმანეთის წინაშე პირველი ნაბიჯია მშვიდობისაკენ. თუ იარსებებს სივრცე, რასაც ერთიანი კავკასია დაერქმევა, იქ მშვიდობის დამყარება და ერთმანეთისთვის ტკივილის გაზიარებაც ადვილი იქნება.

- თბილისში არსებული სასამართლო იქნება ყველა კავკასიელისთვის მისაღები?

- კავკასიის ხალხთა სასამართლო იქნება პროფესიონალური ორგანო, რომელიც მსოფლიო და ევროპული სამართლის მიღწევათა გამოყენებით იმუშავებს. მოსამართლეებად ყველა ეთნიკური წარმომავლობის პირები დაინიშნებიან. გადაწყვეტილებას მიიღებს კავკასიელ მოსამართლეთა საბჭო და ამაში არაფერი იქნება საჩოთირო. დაპირისპირებული მხარეები საქმის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ბრალმდებელი იქნება საჩივრის შემომტანი მხარე, დამცველი - მოპასუხე. შეიქმნება დამკვირვებელთა საბჭოც, რომ მსოფლიოს ეჭვი არაფერში შეეპაროს. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპელი და ამერიკელი ცნობილი იურისტების სია, რომლებიც დაგვეხმარებიან.

ეს პროექტი მისაღებია არა მარტო კავკასიელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ტერიტორია, სადაც სასამართლოსა და საბჭოს შენობები განთავსდება, ნეიტრალურად გამოცხადდება. ეს იქნება არა საქართველოს, არამედ კავკასიის ტერიტორია, რადგან აქ ჩამოსულმა ნებისმიერმა კავკასიელმა თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.