რა ინციდენტი მოხდა ზუგდიდში შეხვედრაზე, რომელსაც დავით სერგეენკო და "ოცნების" მერობის კანდიდატი მართავდნენ - კვირის პალიტრა

რა ინციდენტი მოხდა ზუგდიდში შეხვედრაზე, რომელსაც დავით სერგეენკო და "ოცნების" მერობის კანდიდატი მართავდნენ

ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვედრას მართავდა, ხმაური იყო.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა იმ დარბაზში, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, არ შეუშვეს. მოგვიანებით მას მინისტრი შეხვდა, თუმცა მათ შორის საუბარი მალევე დასრულდა. ჯგუშიამ მას საავადმყოფოში წასვლა და იქ არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა შესთავაზა. დავით სერგეენკომ ჯგუშიას უთხრა, რომ ახლა ვერ გაჰყვებოდა.

"თქვენზე ნაკლები არ მიღვაწია, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეც ვიყავი, თქვენზე უკეთესი მინისტრებიც მინახავს და ცოტა გაიაზრეთ, ვის ელაპარაკებით", - მიმართა ჯგუშიამ სერგეენკოს.

ჯგუშიას შეხვედრის მონაწილეები მანამდეც დაუპირისპირდნენ, როცა მან რამდენიმე მათგანს მოსყიდული უწოდა. ჯგუშიამ მოსყიდული უწოდა ერთ-ერთ ჟურნალისტსაც. ინციდენტი კი პოლიციის ჩარევის შემდეგ ამოიწურა.

"ინტერპრესნიუსი"